Accessibility links

site logo site logo

დეტალები გიორგი მენაბდის დაკავების შესახებ - ვინ მოკლა დავით სარალიძე?


გიორგი მენაბდის დაკავების კვალდაკვალ, დავით სარალიძის მკვლელობის საქმე შესაძლოა ხელახლა გამოსაძიებელიც გახდეს. ადვოკატ ზურაბ თოდუას სჯერა, რომ მენაბდის საქმის ობიექტურ განხილვას შეუძლია უტყუარად დაამტკიცოს, რომ დავით სარალიძე არ მოუკლავს მსჯავრდებულ მიხეილ კალანდიას.

სასამართლომაც გაიზიარა პროკურატურის ახალი პოზიცია, რომ დავით სარალიძე სავარაუდოდ მოკლა არა ორმა, არამედ სამმა პირმა და ეს მესამეა - გიორგი მენაბდე (დეკანოზ შიო მენაბდის შვილი). ადვოკატ თოდუას თქმით, მენაბდის დაკავების საფუძველი მანამდეც არსებობდა, მაგრამ ყველა დუმდა და პროცესი გაყინული იყო. ამჟამად, გაჭიანურებული პროცესის ასე უცაბედ დაძვრას თოდუა ექსპრემიერ გიორგი გახარიას მიერ გაცხადებულ პოლიტიკურ ამბიციებს უკავშირებს.

რადიო თავისუფლებამ თავი მოუყარა ძირითად შეკითხვებს, ვარაუდებსა თუ ეჭვს, რომლებიც გიორგი მენაბდის მიმართ წლების განმავლობაში გახმაურდა - საგამოძიებო თუ სასამართლო პროცესების ფარგლებში.

მენაბდე - როგორც ბრალდებული და მოწმე

2017 წლის 1 დეკემბერს, როცა ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი მოკლეს, გიორგი მენაბდეც არასრულწლოვანი იყო.

საგამოძიებო და სასამართლო პროცესებში ის, წლების განმავლობაში, მხოლოდ მოწმის სტატუსით მონაწილეობდა, ახლა კი უკვე - ბრალდებულია. 16 აპრილს, თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი მენაბდეს წინასწარი პატიმრობაც შეუფარდა 109- მუხლის მე-2 ნაწილის დაქვეპუნქტების შესაბამისად, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის განზრახ ჯგუფურ მკვლელობას გულისხმობს.

„გვითხრეს, რომ საქმეში ძველ მონაწილე პირს წლების შემდეგ გაახსენდა ახალი გარემოებები და ჩვენებას აძლევს მენაბდის წინააღმდეგ. ლოგიკურად იბადება შეკითხვა - სად იყო ეს პირი ამდენ ხანს?! მინიმუმ რაღაც მოტივი უნდა ჰქონდეს მის ასეთ ნაბიჯს - ან თავის დაძვრენის სურვილი აქვს, ან ვინმე რამეს შეპირდა, ჩვენ ხომ არ ვიცით... საქმეში არაფერი შეცვლილა და მარტო ერთი პირის ჩვენება ხომ ვერ გახდება ადამიანის დაკავების საფუძველი?!“ - ეუბნება რადიო თავისუფლებას გიორგი მენაბდის ადვოკატი, დავით დადიანი.

ადვოკატი დღის განმავლობაში თავს არიდებდა მენაბდის წინააღმდეგ ჩვენების მიმცემი პირის დასახელებას. თუმცა რადიო თავისუფლებამ მალევე შეიტყო და უკვე სასამართლო პროცესზე პროკურატურამაც დაადასტურა, რომ მენაბდის წინააღმდეგ ჩვენება მისცა - გუგა ბარბაქაძემ, ხორავას ქუჩაზე მოკლული მეორე მოზარდის - ლევან დადუნაშვილის მკვლელობისთვის მსჯავრდებულმა პირმა, რომლის საპატიმრო სასჯელი 11 წელსა და 3 თვეს შეადგენს.

მანამდე, გიორგი მენაბდე მოწმის სტატუსით მონაწილეობდა „ხორავას ქუჩის“ საქმეში და მათ შორის - მიხეილ კალანდიასთან დაკავშირებულ ეპიზოდშიც.

რას ამბობდა მენაბდე?

საქმის მასალების თანახმად, სწორედ მას ეკუთვნის კალანდიას წინააღმდეგ მიცემული შემდეგი შინაარსის ჩვენებები:

  • 51-ე საჯარო სკოლასთან მიხეილ კალანდიამ თქვა, რომ ყოველი შემთხვევისათვის წამოღებული აქვს „ტარი“ – „თუ რამეა, ტარი მაქვს“;
  • კალანდიამ ანახა „ტარი“, მაგრამ მან არ იცის, იყო თუ არა ეს დანის „ტარი“;
  • ჩხუბის დროს ვერ დაინახა, ეჭირა თუ არა რაიმე საგანი მიხეილ კალანდიას;
  • როცა მოზარდებმა მეზობელ ეზოში გადაინაცვლეს, სადაც ონკანი იყო, მან მოისმინა კალანდიას სიტყვები - „აჰა, დანა გამომართვი“.

საკუთარ ქმედებებთან დაკავშირებით მენაბდე მუდმივად ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ სარალიძის დაჭრის ყველაზე კრიტიკულ მომენტში ის ეპიცენტრში არ იმყოფებოდა. მისი ჩვენების თანახმად:

თავიდან ფარდულში იყო და ცდილობდა გაეთავისუფლებინა სარალიძის მკლავებში მოქცეული მეგობარი - გიორგი ჯანაშია, თუმცა ამ დროს დაინახა, რომ მის მეორე მეგობარს რამდენიმე ადამიანი ურტყამდა და მის მისაშველებლად ფარდულიდან გამოვიდა; მაგრამ როცა უკან მიბრუნება დააპირა, შეეჩეხა ფარდულიდან უკვე გამომავალ დავით სარალიძეს, გიორგი ჯანაშიასა და მიხეილ კალანდიას.

მიხეილ კალანდიას ადვოკატი, ზურაბ თოდუა სასამართლო პროცესების მიმდინარეობისას მუდმივად აპროტესტებდა გიორგი მენაბდის ჩვენებების შინაარსს და აღნიშნავდა, რომ მენაბდეს, თავის გადარჩენის მიზნით, ტყუილის თქმის საფუძველი ჰქონდა“.

რა იყო საეჭვო მენაბდესთან მიმართებით?

იყო არაერთი საეჭვო გარემოება, რაც ზურაბ თოდუასთვის მენაბდის სავარაუდო დანაშაულზე მიუთითებდა და ასე მაგალითად:

  • მენაბდის ტანსაცმელსა და ფეხსაცმელზე, რამდენიმე ადგილას აღმოჩენილი იყო დავით სარალიძის სისხლის კვალი;
  • მენაბდემ მეგობარს გაარეცხინა შარვალი, რომელიც მას ხორავას ქუჩის ინციდენტის დროს ეცვა - „რატომ გაარეცხინა, თუკი მასზე არ იყო სისხლის კვალი?“;
  • როგორ მოახერხა ფარდულიდან მეგობრის დასახმარებლად გასვლა მაშინ, როცა ის ამ დროს უკვე იყო ზურგში დაჭრილი (დაჭრის ამ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება ცალკე დაიწყო, მაგრამ ამ დრომდე არაფერია ცნობილი);
  • მოწმეთა ჩვენებების მიხედვით, მენაბდე იდგა სარალიძისგან მარჯვნივ, სადაც მოკლულ მოზარდს სასიკვდილო ჭრილობა მიაყენეს;
  • სავარაუდოდ დავით სარალიძის უახლოესმა მეგობარმა მაინცდამაინც გიორგი მენაბდე დაჭრა ზურგის არეში მაშინ, როცა მასთან უფრო ახლოს იდგა ფიზიკურად უფრო ძლიერი მიხეილ კალანდია - „რას აფუჭებდა ასეთს იმ დროს გიორგი მენაბდე?!“

გიორგი მენაბდის ადვოკატმა, დავით დადიანმა გვითხრა, რომ მენაბდე არა მარჯვნივ, არამედ „სარალიძის ზურგს უკან იდგა“, ხოლო მარჯვნივ, მისი თქმით, სავარაუდოდ - გუგა ბარბაქაძე უნდა მდგარიყო. დადიანს, როგორც მოწმის ადვოკატს, არ ჰქონდა წვდომა კალანდიას საქმის მასალებზე და არც სასამართლო სხდომებს ესწრებოდა.

ჭრილობა #11 და დაკარგული დანა

დაახლოებით 150 მოწმის ჩვენებებსა და საქმის სხვა მასალებზე დაყრდნობით, მიხეილ კალანდიას ადვოკატმა, ზურაბ თოდუამ მოამზადა ანიმაციური მონახაზი - თუ რა განლაგებით იდგნენ და როგორ მოქმედებდნენ მოზარდები ხორავას ქუჩის თაღიანი ეზოს ფარდულში.

თოდუა 100%-ით დარწმუნებულია, რომ:

  • გიორგი მენაბდე ფარდულში დავით სარალიძის მარჯვენა მხარეს იდგა და სწორედ მარჯვენა მხარეს არის მიყენებული სასიკვდილო მე-11 ჭრილობა (საზარდულთან, არტერიაზე) - იმ ჭრილობის მიყენება მხოლოდ იმ პოზიციიდან იყო შესაძლებელი, სადაც მენაბდე იდგა“;
  • მიხეილ კალანდია იმ დროს დავით სარალიძის ზურგს უკან მარცხენა მხარეს იდგა და ვერაფრით შეძლებდა, რომ მარჯვენა მხარეს დაერტყა დანა - „უბრალოდ ვერ მისწვდებოდა იმ ადგილს.

2020 წლის 25 თებერვალს, როდესაც კალანდიას 11 წელი და 3 თვე მიესაჯა, რადიო თავისუფლებამ პროკურორ ბესიკ ქვარცხავას დაუსვა შეკითხვები: მიეწერება თუ არა დავით სარალიძისთვის სასიკვდილო ჭრილობის მიყენება მიხეილ კალანდიას და არის თუ არა ნაპოვნი დანა, რომლითაც კალანდიამ ეს დანაშაული ჩაიდინა?

პროკურორმა პირდაპირი პასუხი ვერ გაგვცა. მან აღნიშნა, რომ სარალიძე ორმა პირმა მოკლა და ერთ-ერთი მიხეილ კალანდია იყო. მანამდე, სარალიძის მკვლელობის ფაქტზე მხოლოდ გიორგი ჯანაშია იხდიდა სასჯელს, რომელმაც საპატიმრო წლის დასაწყისში დატოვა.

ჯანაშიას თავდაპირველად 11 წელი და 3 თვე ჰქონდა მისჯილი; თუმცა უზენაესი სასამართლოს დონეზე, საპროცესო შეთანხმების შედეგად, მას საბოლოოდ 8-წლიანი საპატიმრო სასჯელი დარჩა, საიდანაც 4 წელი პენიტენციურ დაწესებულებაში უნდა მოეხადა, დანარჩენი 4 წელი კი პირობითად ჩაუთვალეს. 11 თვითა და 4 დღით ადრე მსჯავრდებული შინაპატიმრობაში გადავიდა.

გიორგი ჯანაშიასა და გუგა ბარბაქაძეს ჩვენებები აქვთ მიცემული კალანდიას წინააღმდეგ. საპროცესო შეთანხმების მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა ბარბაქაძის შემთხვევაში.

  • „ხორავას ქუჩის“ საქმეში არ მოიძებნება დანა, რომლითაც, სხვადასხვა პარამეტრის მიხედვით, შესაძლებელი იქნებოდა დავით სარალიძისთვის მე-11 ჭრილობის მიყენება.
  • შესაბამისად, კალანდიას განაჩენის შემდეგ ისევ პასუხგაუცემლად დარჩა შეკითხვა - სარალიძეს სასიკვდილო ჭრილობა სწორედ კალანდიამ მიაყენა თუ საქმეში შესაძლოა, ყოფილიყო კიდევ ერთი პირი, რომლის ვინაობაც იმ დროისთვის არ იყო ცნობილი?

შემიძლია ვთქვა, რომ მინიმუმ ერთი დანა და მისი მეპატრონე გამოძიებამ გააქრო საქმიდან და მფარველობს დღესაც თავგამოდებით“, - აცხადებდა ადვოკატი თოდუა სასამართლო პროცესების მიმდინარეობისას.

საექსპერტო დასკვნით, სარალიძის სისხლი მენაბდეს „აღმოაჩნდა ქურთუკის მარჯვენა შესაკრავის ქვედა ნაწილში“ და ეს ადგილი „ძალიან ახლოს არის“ სარალიძის მე-11 ჭრილობის ადგილთან - „ტერფიდან 90-ე სანტიმეტრზე“.

სავარაუდო მკვლელების ჩამონათვალში გიორგი მენაბდეს თავიდანვე მოიხსენიებდა დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე, თუმცა ამ მიმართულებით გამოძიება აღარ წასულა.

ზურაბ თოდუა გვეუბნება, რომ, მისი შთაბეჭდილებით, გიორგი მენაბდე თითქოს „შეგნებულად დაივიწყეს“, რაც შესაძლოა მფარველობით აიხსნას. გიორგი მენაბდის მამა, დეკანოზი შიო მენაბდე მუდმივად იმეორებდა, რომ მის შვილს დანა არ ჰქონია.

ადვოკატი თოდუა გვეუბნება, რომ გიორგი მენაბდის ეპიზოდის ობიექტური განხილვით მოხერხდება მის მიერ უკვე გამოკვლეული მრავალი მიგნების დადასტურება და თუკი ეს მართლაც ასე მოხდება, გაჩნდება რეალური საფუძველი „მთელი საქმის ხელახლა გამოსაძიებლად და მიხეილ კალანდიას უდანაშაულობის დასამტკიცებლად“.

თუმცა, ამავდროულად, მენაბდის საქმის მხოლოდ ერთი მოწმის ჩვენებაზე დაყრდნობით „გაცოცხლებას“ ადვოკატი თოდუა სამართლებრივად უსაფუძვლოსა და ხელოვნურს უწოდებს. ის თვლის, რომ საჭიროა დადგინდეს - რატომ არ ამბობდა ბარბაქაძე იმავეს მთელი ამ წლების განმავლობაში და უნდა გამოვლინდეს ყველა ის პირი, ვინც მანამდე მენაბდის მიმართულებით ხუჭავდა თვალს.

  • მიხეილ კალანდია მართლმსაჯულების წინაშე თავდაპირველად მხოლოდ პროკურატურის მთავარი მოწმის სტატუსს ატარებდა.
  • ის დააკავეს 2019 წლის 4 ივნისს, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების მეორე დღეს.
  • 2019 წლის 3 ივნისს, თბილისის სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ გიორგი ჯანაშიამ დავით სარალიძის მკვლელობა ჩაიდინა ჯგუფურად, სხვა პირთან ერთად.

ისრები გახარიასკენ?

„ჩემი შეფასებით, მენაბდის ნაწილში ასეთი დაგვიანებული და მოულოდნელი გააქტიურება, დიდი ალბათობით, გიორგი გახარიას წინააღმდეგ კომპრომატების წამოწევას ისახავს მიზნად მას შემდეგ, რაც „ქართულ ოცნებას“ გაემიჯნენ ის და მისი მომხრეები...“ - ეუბნება რადიო თავისუფლებას მიხეილ კალანდიას ადვოკატი, ზურაბ თოდუა.

მისი ლოგიკით: შს იმდროინდელმა მინისტრმა, გიორგი გახარიამ მიხეილ კალანდიას დაკავებით დააკმაყოფილა სარალიძის ოჯახის მოთხოვნა და მოახერხა ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის ერთობლივი პროტესტის საბოლოოდ გახლეჩა, ხოლო „ახლა წამოტივტივდა ფაქტი, რომ სულ სხვანაირად არის საქმე“.

გიორგი გახარიას გუნდის წევრი დეპუტატები მედიასთან 16 აპრილს აცხადებდნენ, რომ მათი ლიდერის მინისტრობის დროს „ხორავას ქუჩის“ საქმე საფუძვლიანად იქნა გამოძიებული და საქმეში ახალი ბრალდებულის გამოჩენა სავარაუდოდ „ახალ გარემოებას“ უკავშირდება.

დღემდე მწვავე დისკუსიის საგნად რჩება ის გარემოება, რომ „ხორავას ქუჩის“ საქმის გამოძიების პირველ ეტაპზე, როდესაც პროცესს შს სამინისტრო უძღვებოდა, განადგურდა ანდა არ შეგროვდა მნიშვნელოვანი მტკიცებულებები, რომლებიც საქმეში ჭეშმარიტების დადგენას გააადვილებდა. უამრავი შეკითხვა არსებობს ამ მხრივ პროკურატურის მისამართითაც.

საქმეში „დამატებითი მტკიცებულებების“ მოპოვების ფაქტს ადასტურებს გენერალური პროკურატურა.

  • 16 აპრილს პროკურორმა, მირიან მეგრელიშვილმა განაცხადა, რომ მართალია, გიორგი მენაბდემ სისხლიანი ტანსაცმელი გარეცხა, მაგრამ ექსპერტიზამ სისხლის კვალის აღმოჩენა მაინც შეძლო.
  • პროკურორის თქმით, მსჯავრდებული გუგა ბარბაქაძე „აქამდეც ამბობდა, რომ მენაბდე სარალიძეს ურტყამდა, ახლა კი ამ საგანს სახელი დაარქვა და თქვა, რომ დანას ურტყამდა“.

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, საქმეში არსებობს ფარული ჩანაწერი, სადაც გუგა ბარბაქაძე ამბობს, რომ მენაბდე იდგა სარალიძის მარჯვენა მხარეს და რამდენიმე წამით წინა მხრიდანაც დაუდგა, როდესაც „ურტყამდა“ მას. რას ურტყამდა - მითითებული არ არის.

ადვოკატ დავით დადიანის განცხადებით, მენაბდე უდანაშაულოა და მით უფრო არ არსებობდა მისთვის საპატიმრო აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საფუძველი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG