Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მსოფლიოში აღიარებულმა 70-ზე მეტმა ადამიანმა მოუწოდა პუტინს, შეუშვას ექიმები ალექსეი ნავალნისთან


მსოფლიოში აღიარებულმა კინოვარსკვლავებმა, მუსიკოსებმა და ლიტერატორებმა, მათ შორის, ნობელის პრემიის ლაურეატმა მწერლებმა ორჰან ფამუქმა, ჰერტა მიულერმა და სვეტლანა ალექსიევიჩმა, ღია წერილით მიმართეს რუსეთის პრეზიდენტს, რათა საპატიმროში მყოფ ალექსეი ნავალნისთან ექიმები შეუშვას.

„მოგიწოდებთ თქვენ, ბატონო პრეზიდენტო, რომ უზრუნველყოთ ალექსეი ნავალნისათვის გადაუდებელი მკურნალობა და მოვლა, რასაც იგი საჭიროებს და რისი უფლებაც მას რუსეთის კანონმდებლობით აქვს. როგორც პირი, რომელსაც კანონის დაცვის ფიცი გაქვთ დადებული, თქვენ ვალდებული ხართ, ეს გააკეთოთ“, - წერია მიმართვაში, რომელსაც 70-ზე მეტი მსოფლიოში ცნობილი ლიტერატორი, ხელოვანი, მუსიკოსი, მომღერალი და მსახიობი აწერს ხელს.

თებერვლის ბოლოდან კრემლის კრიტიკოსი, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ალექსეი ნავალნი იმყოფება პოკროვის გამოსასწორებელ კოლონიაში. საპატიმროში პოლიტიკოსის მდგომარეობა დამძიმდა, მას დაეწყო ძლიერი ტკივილები ზურგსა და ფეხებში. კვალიფიციური სამედიცინო დახმარების მოთხოვნით, 31 მარტს ნავალნიმ შიმშილობა გამოაცხადა.

კოლონიის ექიმებმა მას ხერხემალზე ორი თიაქარი აღმოუჩინეს. მისი პირადი ექიმი, ანასტასია ვასილიევა, და მისი ადვოკატები ირწმუნებიან, რომ პოლიტიკოსი არ იღებს ადეკვატურ სამედიცინო დახმარებას. სასჯელაღსრულების ფედერალური უწყება კი აცხადებს, რომ ნავალნის სათანადოდ მკურნალობენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG