Accessibility links

site logo site logo

პრეზიდენტმა ბაიდენმა „სრულიად უსამართლო“ უწოდა ალექსეი ნავალნის მდგომარეობას


აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა სრულიად უსამართლო უწოდა იმ ვითარებას, რომელშიც რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი იმყოფება კოლონიაში, სადაც კრემლის პატიმრის მიერ გამოცხადებული შიმშილობის გამო მისი მდგომარეობა იმდენად გაუარესდა, რომ, ნავალნის ოფიციალური წარმომადგენლის თქმით, მას სიკვდილის საფრთხე ემუქრება.


„ეს სრულიად, სრულიად უსამართლო და სრულიად დაუშვებელია“, - განაცხადა შაბათს ჯო ბაიდენმა, ვილმინგტონში ჟურნალისტებთან საუბრისას.

მანამდე, 13 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, სატელეფონო საუბრისას რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან, ახსენა ოპოზიციონერ პოლიტიკოს ალექსეი ნავალნიზე თავდასხმა.

რუსეთის ოპოზიციის ლიდერის, ალექსეი ნავალნის ექიმები კრიტიკულად აფასებენ პაციენტის მდგომარეობას მიღებული ანალიზების შედეგად და დაუყოვნებლად მოითხოვენ ნავალნისთან ციხეში შეშვებას.

ნავალნის პირადი ექიმის, იაროსლავ აშიმხინის თქმით, ნავალნის იმდენად კატასტროფულად მაღალი აქვს კალიუმი, რომ სასწრაფოდ საჭიროებს ჰემოდიალიზს. „წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა მოხდეს ბლოკადა, რაც გამოიწვევს გულის გაჩერებას ან მოხდება მძიმე არითმია“, - წერს აშიმხინი.

17 აპრილს მსოფლიოში აღიარებულმა კინოვარსკვლავებმა, მუსიკოსებმა და ლიტერატორებმა, მათ შორის, ნობელის პრემიის ლაურეატმა მწერლებმა ორჰან ფამუქმა, ჰერტა მიულერმა და სვეტლანა ალექსიევიჩმა, ღია წერილით მიმართეს რუსეთის პრეზიდენტს, რათა საპატიმროში მყოფ ალექსეი ნავალნისთან ექიმები შეუშვას.

თებერვლის ბოლოდან კრემლის კრიტიკოსი, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ალექსეი ნავალნი იმყოფება პოკროვის გამოსასწორებელ კოლონიაში. საპატიმროში პოლიტიკოსის მდგომარეობა დამძიმდა, მას დაეწყო ძლიერი ტკივილები ზურგსა და ფეხებში. კვალიფიციური სამედიცინო დახმარების მოთხოვნით, 31 მარტს ნავალნიმ შიმშილობა გამოაცხადა.
კოლონიის ექიმებმა მას ხერხემალზე ორი თიაქარი აღმოუჩინეს. მისი პირადი ექიმი, ანასტასია ვასილიევა, და მისი ადვოკატები ირწმუნებიან, რომ პოლიტიკოსი არ იღებს ადეკვატურ სამედიცინო დახმარებას. სასჯელაღსრულების ფედერალური უწყება კი აცხადებს, რომ ნავალნის სათანადოდ მკურნალობენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG