Accessibility links

site logo site logo

კარლ ჰარცელი: პრეზიდენტ მიშელის წინადადება დაბალანსებული და რეალისტურია


საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადებით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა პარტიებს შესთავაზა ახალი წინადადება, რომელიც, მისი აზრით, დაბალანსებული და რეალისტურია.


„დღეს, დღის პირველ ნახევარში გავავრცელეთ ერთობლივი განცხადება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტისა და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, რომელიც ხაზს უსვამდა, თუ რამდენად სერიოზულად იღებს როგორც ევროკავშირი, ისე აშშ არსებულ სიტუაციას. ეს განცხადება ასევე აღნიშნავდა, რომ პრეზიდენტი მიშელი დღეს აპირებდა ახალი წინადადების მიცემას პარტიებისადმი. ეს უკვე მოხდა დღეს და გამოქვეყნებულია. შეთანხმების ტექსტი გადაცემული იყო ყველა პარტიისადმი, როგორც „ქართული ოცნების“, ისე ოპოზიციური პარტიებისადმი“, - კარლ ჰარცელის განმარტებით, რამდენიმე პარტიამ ითხოვა დრო კონსულტაციებისთვის:

„ვიდრე მოხდებოდა ეს შეხვედრა, რამდენიმე პარტიამ ითხოვა დრო კონსულტაციებისთვის, რომ ახალი წინადადება განეხილათ და ჩვენ ეს ყურადღებაში მივიღეთ. დღევანდელი შეხვედრა შედარებით მოკლე იყო. ჩვენ ველოდებით, როდის დაბრუნდებიან პარტიები უკან, რომ გვამცნონ თავისი გადაწყვეტილება, რათა საქართველოში ამ პოლიტიკურ კრიზისს ჰქონდეს დასასრული“.

კერძოდ, ახალ დოკუმენტში, რომელიც დღეს, 18 აპრილს გამოქვეყნდა, ამ პუნქტებთან დაკავშირებით წერია:

პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ საკითხებზე რეაგირება

"საქართველოს პოლიტიკური სტაბილურობის ინტერესებიდან გამომდინარე და ამ შეთანხმების განსახორციელებლად, ხელმომწერებმა ვალდებულება აიღეს, ამ შეთანხმების გაფორმებიდან ერთი კვირის განმავლობაში განიხილონ პოლიტიზებული მართლმსაჯულების ორი შემთხვევა, ამნისტიით ან / და ისეთი ნაბიჯებით, რომელიც ეკვივალენტური შედეგის მომცემი იქნება. კერძოდ, ხელშეკრულების ხელმოწერიდან ერთ კვირაში, პარლამენტში წარმოდგენილი მხარე შეიტანს ამნისტიის შესახებ კანონს 2019 წლის 19-21 ივნისის საპროტესტო აქციების შედეგად წარმოქმნილი ყველა დარღვევისა და განხორციელებული დასჯის შესახებ.

გარდა ამისა, პარლამენტმა რეაგირება უნდა მოახდინოს პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ საკითხებზე კანონმდებლობის მეშვეობით და (საჭიროების შემთხვევაში) შეიტანოს შესაბამისი ცვლილებები რეგლამენტში, რომ პარლამენტის წევრის სადეპუტატო იმუნიტეტის მოსახსნელად საჭირო გახდეს უბრალო უმრავლესობაზე მეტი ხმა.

(31 მარტის დოკუმენტში არ იყო ნახსენები ამნისტია ან სხვა ეკვივალენტური შედეგის მომტანი გადაწყვეტილებები)

მომავალი არჩევნები

2021 წლის 16 აპრილს „ქართული ოცნების“ მიერ შეთავაზებული წინადადების შემდეგ, 2022 წელს დაინიშნოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, თუ პარტია „ქართული ოცნება“ მიიღებს მიღებული პროპორციული ხმების 43% -ზე ნაკლებს 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში.

პარტიები მხედველობაში იღებენ ეუთო/ოდირის შეფასებას, რომლის მიხედვით „31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები კონკურენტულ გარემოში და ზოგადად ძირითადი თავისუფლებების დაცვით ჩატარდა. ამის მიუხედავად, ამომრჩევლებზე ზეწოლის შესახებ ფართოდ გავრცელებული ბრალდებები და მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის საზღვრის ბუნდოვანება საარჩევნო პროცესის ზოგიერთი ასპექტის მიმართ საზოგადოების ნდობას ამცირებდა. (...) ფორმალურ საფუძველზე საჩივრების უდიდესი ნაწილის განხილვაზე სისტემურმა უარის თქმამ საგრძნობლად შეამცირა მათზე ეფექტური სამართლებრივი რეაგირება.“

პარტიები აღიარებენ, რომ ისინი განსხვავებულად აფასებენ 2020 წლის არჩევნებს და თანხმდებიან საპარლამენტო მანდატებზე და მონაწილეობაზე მომავალ არჩევნებში, რომელიც ჩატარდება წინამდებარე დოკუმენტით განსაზღვრული საარჩევნო რეფორმის საფუძველზე, საქართველოს პოლიტიკური სტაბილურობისა და წინამდებარე შეთანხმების განხორციელების ინტერესებიდან გამომდინარე.

2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნებისთვის საქართველოს ხელისუფლება მოითხოვს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის ჩამოსვლას.

(31 მარტის დოკუმენტში არ იყო ნახსენები კონკრეტული მექანიზმი, რა შემთხვევაში დაინიშნებოდა ახალი არჩევნები)

ახალი წინადადების შესათანხმებლად 18 აპრილს ევროკავშირის დელეგაციის ოფისში მივიდა ყველა პარტიის წარმომადგენელი, მმართველი პარტიის გარდა.

პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ 16 აპრილს განაცხადა, რომ "ქართული ოცნება" ხელს აწერდა 31 მარტის დოკუმენტს და სთავაზობდა ოპოზიციას, განეხილათ ახალი არჩევნების დანიშვნის საკითხი ადგილობრივ არჩევნებში მხარდაჭერის 40 პროცენტიანი პრინციპის გათვალისწინებით.

18 აპრილის შეხვედრის შემდეგ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა თქვა, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მიერ შეთავაზებული წინადადება არის საბოლოო და ევროკავშირი ელის მხარეების გადაწყვეტილებას ხელმოწერასთან დაკავშირებით.


დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG