Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირში იმსჯელებენ ჩეხეთის მტკიცების გარშემო, რომ რუსეთის ჯაშუშების ხელი ურევია იარაღის საწყობის აფეთქებაში


ჩეხეთის პრემიერი, ანდრეი ბაბიში და ევროკომისიის პრეზიდენტი, ურზულა ფონ დერ ლაიენი ბრიუსელში, ევროკავშირის სამიტზე. 2020 წელი.
ჩეხეთის პრემიერი, ანდრეი ბაბიში და ევროკომისიის პრეზიდენტი, ურზულა ფონ დერ ლაიენი ბრიუსელში, ევროკავშირის სამიტზე. 2020 წელი.

19 აპრილს ევროპის კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები მართავენ ვიდეოკონფერენციას, რომელზეც, სხვათა შორის, განიხილავენ ჩეხეთის მტკიცებას, რომ რუსეთის სამხედრო ჯაშუშები, რომლებიც დაკავშირებული არიან 2018 წელს ბრიტანეთში სკრიპალების მოწამვლასთან, დგანან ჩეხეთში იარაღის საწყობის აფეთქების უკან, რომლის დროსაც ორი ადამიანი დაიღუპა. ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა, ანდრეი ბაბიშმა 17 აპრილს გამოაცხადა, რომ 18 რუს დიპლომატს აძევებენ ქვეყნიდან, რის საპასუხოდ მოსკოვმა 20 ჩეხ დიპლომატს მოსთხოვა ქვეყნის დატოვება.

დიპლომატიურმა ინციდენტმა და ჩეხეთის ბრალდებამ გამოიწვია რუსეთთან პრაღის უდიდესი დაპირისპირება 1989 წლის შემდეგ და დასავლეთსა და რუსეთს შორის დაძაბულობის ცენტრში მოახვედრა ნატოს წევრი მცირე სახელმწიფო.

აშშ, დიდი ბრიტანეთი, ნატო და ევროკავშირი მხარს უჭერენ ჩეხეთის გადაწყვეტილებას და გამოაცხადეს, რომ მხარში უდგანან პრაღას.

18 აპრილს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ჩეხეთის მიერ გამოთქმული ბრალდებები კიდევ ერთი ნიმუშია პრაღის მიერ მოსკოვის მიმართ გამოხატული „მტრული მოქმედებისა“.

„საგარეო საქმეთა მინისტრმა, იან ჰამაჩეკმა, გააძევა ყველა დიპლომატი, რომლებიც რუსეთის სპეცსამსახურების - სამხედრო დაზვერვის მთავარი სამმართველოსა (ГРУ) და საგარეო დაზვერვის სამსახურის თანამშრომლები აღმოჩნდნენ. ესაა 18 კაცი. მათ 48 საათი აქვთ ჩეხეთის დასატოვებლად. ჰამაჩეკმა ამის შესახებ უკვე აცნობა რუსეთს, სიტუაციის განხილვა ჯერ კიდევ მიმდინარეობს უცხოელ პარტნიორებთან, - განაცხადა 17 აპრილს გამართულ პრესკონფერენციაზე ანდრეი ბაბიშმა, რომელმაც თქვა, რომ რუსი დიპლომატების გაძევება დასაბუთებულია „არაორაზროვანი მტკიცებულებით“, რომელიც წარმოადგინეს ჩეხმა გამომძიებლებმა. მათ თანახმად, რუსეთის სამხედრო დაზვერვის ჯაშუშები იდგნენ 2014 წელს ვრბეტიცეში მოწყობილი აფეთქების უკან.

ბაბიშმა დაასახელა რუსეთის სამხედრო დაზვერვის 29155-ე ქვედანაყოფი, რომელიც დაკავშირებული იყო ევროპაში მოწყობილი თავდასხმების და მკვლელობის სერიასთან, მათ შორის, ყოფილი რუსი აგენტის, სკრიპალის მოწამვლასთან ინგლისში. განადგურებული იარაღი და ამუნიცია, გავრცელებული ცნობებით, განკუთვნილი იყო უკრაინისთვის, რომელიც 2014 წლიდან ებრძვის რუსეთის მხარდაჭერით მოქმედ სეპარატისტებს. ბულგარელი იარაღით მოვაჭრე, რომელიც ამ მორიგების ორგანიზატორი იყო, ასევე გახდა თავდასხმის სამიზნე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG