Accessibility links

site logo site logo

ნინოწმინდის ჩაკეტილი ბავშვთა პანსიონი - რატომ დუმს სახელმწიფო?


ნინოწმინდის ობოლ, უპატრონო და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონი, რომელიც საპატრიარქოს დაქვემდებარებაშია, ისევ არ უღებს კარს არც სახელმწიფო სოციალური სააგენტოს სოცმუშაკებს და არც სახალხო დამცველის მონიტორინგის ჯგუფს.

უარი პირდაპირ სხალთის მთავარეპისკოპისის, მეუფე სპირიდონისგან მოდის, რომელიც ამბობს, რომ „იქ ვერასოდეს შევლენ“ და რომ ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ „მის გვამზე გადაივლიან“.

სოცმუშაკი ჯავახეთის ბავშვთა სახლში ბოლოს 2020 წლის ივნისში მიუშვეს. მას შემდეგ მეუფე სპირიდონი კარის გაღებაზე უარს აცხადებს - როგორც სახალხო დამცველის უწყებაში გვითხრეს, არსებობს სოცსააგენტოს ოფიციალური პასუხი, სადაც წერია, რომ მათ სოცმუშაკს პანსიონში მეუფე სპირიდონის მითითებით არ უშვებენ.

15 აპრილს იქ არც სახალხო დამცველის მონიტორინგის ჯგუფი შეუშვეს, რომელსაც კანონიერი უფლება აქვს, შეამოწმოს სახელმწიფოს მიერ ლიცენზირებული ეს დაწესებულება და ნახოს, რა პირობებში ცხოვრობენ ბავშვები, ვისზე მზრუნველობაც ეკლესიას აქვს თავის თავზე აღებული.

სახალხო დამცველის მოადგილე, ეკატერინე სხილაძე გვეუბნება, რომ ამ დრომდე სახელმწიფოს მხრიდან რაიმე განცხადება არ გაკეთებულა - სახალხო დამცველის მიერ ამ ფაქტის გასაჯაროების შემდეგ პასუხად მხოლოდ თავად მეუფე სპირიდონის ვიდეომიმართვა გავრცელდა, რომელშიც მან სახალხო დამცველი გალანძღა.

ომბუდმსენი ბოლო დროის თითქმის ყველა ანგარიშში მიუთითებს, რომ დიდი ზომის ინსტიტუციებში ცხოვრება ბავშვის საუკეთესო ინტერესებს არ ემსახურება, რომ იქ არსებული აღზრდის მკაცრი სტილი და დასჯის მეთოდები მათ უფლებებს არღვევს. მაგრამ ეკა სხილაძეს ყველაზე დიდ პრობლემად მაინც ის მიაჩნია, რომ პანსიონის მმართველს „შეუძლია გადაწყვიტოს“ და სახელმწიფო სოციალური მუშაკიც კი დაწესებულებაში არ შეუშვას:

„ამ ფონზე მთავარი კითხვაა, რას აკეთებს სახელმწიფო, რომ ფაქტობრივი მონიტორინგი განახორციელოს მისი პასუხისმგებლობის ქვეშ მყოფი ბავშვების უფლებრივ მდგომარეობაზე? მეუფე სპირიდონი რას იტყვის სახალხო დამცველზე ან ამ ინსტიტუტზე, ეს მის სახეს აჩვენებს და არ ვაპირებ ეს შევაფასო, თუმცა ეს კიდევ უფრო უნდა აჩქარებდეს სახელმწიფოს დროული რეაგირებისა და ამ თვითნებობის აღკვეთისთვის“, - აცხადებს სახალხო დამცველის მოადგილე.

მართლაც, რას აკეთებს სახელმწიფო? რატომ არავინ გამოეხმაურა სახალხო დამცველის განცხადებას, ხოლო შემდეგ, მთავარეპისკოპოს სპირიდონის ვიდეომიმართვას, სადაც ის პირდაპირ ამბობს, რომ ნინოწმინდის ბავშვთა სახლში ფეხს ვერავინ მიადგამს?

ამ ეტაპზე სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო მედიასთან კომენტარის გაკეთებაზე თავს იკავებს.

რადიო თავისუფლება დაინტერესდა, რა არის განათლების სამინისტროს პოზიცია, თუ იციან, მაგალითად, ამ პანსიონის ბავშვების სწავლის ან აღზრდის შესახებ უფრო მეტი, რაც სახალხო დამცველის ანგარიშებში შეიძლება ამოვიკითხოთ. იქაც გვიპასუხეს, რომ ამ ეტაპზე არაფრის თქმა არ შეუძლიათ, გარდა იმისა, რომ თავშესაფრის ბავშვები ნინოწმინდის საჯარო სკოლაში დადიან და მხოლოდ ამ მხრივ აქვს განათლების სამინისტროს მათზე გარკვეული ინფორმაცია.

ჩვენს კითხვაზე, გეგმავს თუ არა უწყება, დაინტერესდეს ამ ბავშვების ბედით, მოიკითხონ როგორია თუნდაც პანსიონში მათი აღზრდის მეთოდები და ა.შ., პასუხი ჯერჯერობით არ გვაქვს.

დღეს ნინოწმინდის პანსიონში 57 ბავშვი ცხოვრობს. მათგან ყველაზე პატარა 5 წლისაა.

სახალხო დამცველი წლებია წერს, რომ ნინოწმინდის წმინდა ნინოს ბავშვთა პანსიონში არაერთხელ გამოიკვეთა ბავშვთა მიმართ ძალადობისა და მათი დასჯის შემთხვევები, რომ პანსიონში მცხოვრები არასრულწლოვნები იზოლირებულები არიან სოციუმიდან და არაერთხელ მოუწოდა საქართველოს მთავრობასაც რეაგირებისკენ.

ჯერჯერობით - უშედეგოდ.

რაც შეეხება მეუფე სპირიდონის პასუხს - მან ჯავახეთის ბავშვთა სახლის ჩაკეტვის მიზეზებს ვრცელი ვიდეომიმართვა მიუძღვნა და ღიად თქვა, რომ სახალხო დამცველის წარმომადგენლებს კარი სწორედ მისი კურთხევით არ გაუღეს. უარის მიზეზიც დაასახელა.

სხალთის მთავარეპისკოპოსი სპირიდონი (აბულაძე)
სხალთის მთავარეპისკოპოსი სპირიდონი (აბულაძე)

„არ შევუშვით იმიტომ, რომ ეს არის ხალხი, რომელიც ითხოვს ერთნაირ სქესიანთა ქორწინების დაკანონებას! მაგ ხალხის შეშვება არ შეიძლება ბავშვთა სახლში კი არა, ნებისმიერ პატიოსან ოჯახში. წაბილწავენ იქაურობას“.

მთავარეპისკოპოსმა სპირიდონმა კიდევ ის თქვა, რომ „ჯავახეთის ბავშვთა სახლის ბავშვების სულები მას აბარია“, ის არის მათზე „პასუხისმგებელი ღვთის წინაშე“ და საერთოდაც, მიაჩნია, რომ „იმ ხალხის“ მიშვება ბავშვებთან უმძიმესი დანაშაული იქნება“.

სახალხო დამცველის განცხადებებს, რომ ბავშვები ასეთ თავშესაფრებში არიან სოციუმს მოწყვეტილი და რომ ეს არის ჩაკეტილი დაწესებულებები, მეუფე სპირიდონი უწოდებს ცილისწამებას და „უაზრო სისულელეს“:

„ნინოწმინდაში ქართული სკოლა არ იყო და ამ პანსიონის ბაზაზე დავაარსეთ ქართული საჯარო სკოლა, სადაც ყოველდღე დადიან ჩვენი ბავშვები. ექსკურსიებზეც დადიან... ნინოობის დღესასწაულზე კიდევ მთელი საქართველოდან მოდიან სტუმრები. აჭარიდან მოდიან გუნდები, თბილისიდან ინტელიგენციის წარმომადგენლები... და იმას რომ ამბობენ, სოცმუშაკს არ უშვებენო, როდის მოსულა ვინმე და არ შემოგვიშვია?“

მთავარეპისკოპოსს კიდევ ერთი ეჭვი აქვს, რატომ „მიუგზავნეს“ მას სახალხო დამცველის წარმომადგენლები - როგორც თავად ამბობს, ამის მიზეზი, შესაძლოა, იყოს მისი უარყოფითი პოზიცია ნამახვანჰესის აშენებასა და მიწების უცხოელებზე გასხვისებასთან დაკავშირებით და ის, რომ ვაქცინაცია ერის გენოციდად მიაჩნია და თავის მრევლსაც ამას უქადაგებს.

„ჩემს გვამზე გადაივლიან და ვერასოდეს იქ ვერ შევლენ“, - ასე ამთავრებს მეუფე სპირიდონი თავის ვიდეომიმართვას.

სხვათა შორის, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ანდრია ჯაღმაიძემაც ფაქტობრივად გაიზიარა მეუფე სპირიდონის პოზიცია, როდესაც მედიას უთხრა:

„როგორც ჩანს, ჩვენს სახალხო დამცველს ავტორიტეტი არ ეყო, იქ რომ შეეშვა, იმიტომ რომ ჩვენ ხშირად გვინახავს მისი დაუბალანსებელი განცხადებები, განსაკუთრებით, როცა საკითხი ეკლესიას ეხებაო“.

რელიგიური სკოლა-პანსიონები კონტროლს მიღმა
please wait

No media source currently available

0:00 0:25:43 0:00

რელიგიური კონფესიების დაქვემდებარებაში მყოფ სკოლა-პანსიონებში არსებულ ვითარებაზე, უფრო სწორად - საზოგადოებისათვის უცნობ სიტუაციაზე, რადიო თავისუფლება გასული წლის ნოემბერშიც წერდა. მაშინ საპატრიარქოში გვითხრეს, რომ ეს არ არის „დახურული დაწესებულებები“, როგორც მას ბავშვთა უფლებების დამცველები უწოდებენ და იქ ყველა პროცესი, როგორც სასწავლო, ისე სააღმზრდელო, ყველა წესის დაცვით მიმდინარეობს, თუმცა, შიგნით შესვლის უფლება, პანდემიის მიზეზით არც მაშინ მოგვცეს.

ხოლო ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისმა სამსახურმა მაშინ რადიო თავისუფლების კითხვას, ყოფილა თუ არა შემთხვევა, რომ სახელმწიფოს რელიგიური კონფესიების სკოლა-პანსიონიდან გამოეყვანოს ბავშვი მასზე ძალადობის გამო, უპასუხა, რომ მსგავსი ფაქტი არ დაფიქსირებულა.

მაშინ ისიც მოგვწერეს, რომ საპატრიარქოს მიერ ადმინისტრირებულ სკოლა-პანსიონებში არასრულწლოვნების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ბავშვები იღებენ საბაზისო განათლებას, მათი ინტერესები დაცულია და მოთხოვნილებები დაკმაყოფილებული.

რას ვიღებთ შედეგად, როცა სახელმწიფო დუმს, ეკლესია ლაპარაკობს და სახალხო დამცველს კი რელიგიურ პანსიონებში არ უშვებენ?

ბავშვთა უფლებების დამცველი, ორგანიზაციის „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“ ადვოკატი ანა არგანაშვილი გვეუბნება, რომ სახელმწიფო დღეს იგნორირებას ახდენს და უარს ამბობს ბავშვების ძალადობისგან დაცვაზე, ბავშვთა სიცოცხლის და ჯანმრთელობის დაცვაზე, რადგან ბავშვთა დაცვა, ამბობს ანა, სახელმწიფოს ექსკლუზიური უფლებამოსილებაა.

„მაშინაც კი, ასეთ თავშესაფარს, მაგალითად, რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაცია აკეთებს. და, შესაბამისად, მისი მიტოვება კონტროლის გარეშე არის სახელმწიფოს მხრიდან უმოქმედობა. მით უმეტეს, რომ არსებობს სახალხო დამცველის ანგარიში, სადაც ბავშვთა უფლებების ძალიან მძიმე დარღვევებზეა საუბარი - მათ შორის, თავისუფლების, კვების შეზღუდვა, რელიგიური რიტუალების დასჯის მიზნით გამოყენება, ბულინგი და ა.შ. ამის მერე ჯანდაცვის სამინისტროს კი არა, პროკურატურასაც უნდა დაეწყო გამოძიება“.

ანა არგანაშვილი ამბობს, რომ ერთ დღეს ამ თავშესაფარში რომ რომელიმე ბავშვი დაზიანდეს, ეს იქნება სრულად სახელმწიფოს პასუხისმგებლობა და ძალიან უკვირს, რომ სახელმწიფო ასეთ აშკარა უფლებადარღვევას უშვებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG