Accessibility links

site logo site logo

გიგა ბოკერია: „ევროპული საქართველო“ თავის მოტყუებას არ აპირებს


გიგა ბოკერია

„ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერია ამბობს, რომ პატივს სცემს ყველა ოპოზიციური პარტიის გადაწყვეტილებას, თუმცა მცდარად მიაჩნია მათგან ზოგიერთის პოზიციის შეცვლა. ევროკავშირის ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მიერ პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის მიზნით შეთავაზებული განახლებული დოკუმენტის ხელმოწერის საკითხის კომენტირებისას მან განაცხადა, რომ „ევროპული საქართველო“ თავის მოტყუებას არ აპირებს.

„კარგი იქნებოდა, რომ ჩვენი პარტნიორები ჩვენსავით მყარები და თანმიმდევრულები ყოფილიყვნენ იმაზე, რომ მივიღოთ ისეთი დოკუმენტი და ისეთი კონტექსტი და კლიმატი ივანიშვილის რეჟიმის პირობებშიც კი, რომ რეალური საფუძველი გვქონდეს კრიზისიდან გამოსვლის. ჯერ მანდ არა ვართ სამწუხაროდ და თავის მოტყუებას არ ვაპირებთ“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ. მისი თქმით, „ევროპული საქართველოსთვის“ მიუღებელია თვითმმართველობის არჩევნების შედეგებთან ვადამდელი არჩევნების გამართვის საკითხის მიბმა და კვლავ პლებისციტის ჩატარებას ანიჭებს უპირატესობას:

„სრულიად არალეგიტიმური და აუხსნელია 43 პროცენტთან თვითმმართველობის შედეგების მიბმა... აბსოლუტურად არანაირ კავშირში არ არის თვითმმართველობის არჩევნები ზოგადად იმასთან, სურს თუ არა მოქალაქეს ვადამდელი არჩევნების ჩატარება. პლებისციტი იყო ის კომპრომისი, რომელიც ჩვენ შევთავაზეთ. ძალიან რაციონალური კომპრომისი. რახან მხარეებს შორის ამ საკითხზე არ არის თანხმობა, გვეკითხა მოქალაქეებისთვის, როდის სურთ არჩევნების ჩატარება“, - უთხრა რადიო თავისუფლებას გიგა ბოკერიამ. მისი განცხადებით, „ევროპული საქართველოსთვის“ მიუღებელია პოლიტიკური პატიმრების საკითხის იმგვარად გადაწყვეტაც, როდესაც გათავისუფლებას პოლიტიკური დევნის შეწყვეტა არ მოჰყვება.

18 აპრილს ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ახალი წინადადება შესთავაზა საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს - "სამომავლო გზა საქართველოსთვის", რომელიც მისი წარმომადგენლის, ქრისტიან დანიელსონის მიერ 31 მარტს წარდგენილ დოკუმენტში აზუსტებს ორ ძირითად შეუთანხმებელ პუნქტს - პოლიტიზებულ მართლმსაჯულებასა და ახალ არჩევნებთან დაკავშირებით.

დოკუმენტზე ხელმოწერის თანხმობა საჯაროდ უკვე დააფიქსირეს "სტრატეგია აღმაშენებლის", "ლელოს" და "გირჩის" და "ქართული ოცნების" წარმომადგენლებმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG