Accessibility links

site logo site logo

კელი დეგნანი: ამაყი ვარ იმ პოლიტიკური ლიდერებით, რომლებმაც ძალიან მძიმე შრომა გასწიეს


კელი დეგნანი

მმართველ პარტიასა და ოპოზიციის ნაწილს შორის შეთანხმების გაფორმებას ეხმაურება აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი.

„ისეთი ამაყი ვარ საქართველოთი ამაღამ, ამაყი ვარ იმ პოლიტიკური ლიდერებით, რომლებმაც ძალიან მძიმე შრომა გასწიეს ამ 6 თვის განმავლობაში, ეს იყო რთული, ხანგრძლივი პროცესი.

ჩვენ მადლიერი ვართ პრეზიდენტ მიშელის, რომელიც ჩაერთო მედიაციის პროცესში, ასევ პრეზიდენტ ზურაბიშვილის, ამ ცერემონიის მასპინძლობისთვის და ასევე იმ მნიშვნელოვანი როლისთვის, რომელიც შეთანხმების მიღწევაში ითამაშა", - აცხადებს დიპლომატი.

კელი დეგნანის თქმით, ეს შეთანხმება ღია რჩება პარლამენტის ინდივიდუალური წევრებისთვის ხელმოსაწერად.

„ჩვენი სურვილია ეს იყოს ფართო თანხმობის დოკუმენტი, იმისთვის რომ ჩანდეს, საქართველომ გადადგა ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი წინ, მისი დემოკრატული მომავლისთვის, მომავლისთვის ევროატლანტიკურ ოჯახში. ამიტომაც მე ძალიან ამაყი ვარ, როგორც ამერიკელი ელჩი.

და გავიმეორებ, ამერიკის შეერთებული შტატებს სურს წარმატებული საქართველოს ხილვა, საქართველოს წარმატების გარანტია სტაბილური აყვავებული დემოკრატია. გილოცავთ და დიდი მადლობა საქართველოს ხალხს იმ მოთმინებისთვის რომელიც ამ პროცესის განმავლობაში იჩენდა. ეს ძალიან წინ გადადგმული ნაბიჯია, ნელ-ნელა დარწმუნებული ვარ ეს ქვეყანა განაგრძობს წინსვლას, ახლა მას აქვს სრულად ფუნქციური პარლამენტი და ვიმედოვნებ ყველა ვინც ოქტომბრის არჩევნებში აირჩიეს მივა პარლამენტში და გააძლიერებს საქართველოს ინსტიტუციებს, ეს არის საქართველოს დემოკრატიის გაძლიერების გზა, რასაც საქართველო ასრულებს რეგიონში", - აღნიშნავს დეგნანი.

ორბელიანების სასახლეში იმყოფებოდნენ და დოკუმენტს ხელი მოაწერეს „გირჩიდან“ ვახტანგ მეგრელიშვილმა, „მოქალაქეებიდან“ ალეკო ელისაშვილმა, „სტრატეგია აღმაშენებლიდან“ გიორგი ვაშაძემ, „გირჩი-მეტი თავისუფლებიდან“ ზურაბ ჯაფარიძემ, „რესპუბლიკელების“ თავმჯდომარემ ხათუნა სამნიძემ, „ლელოდან“ მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ.

დოკუმენტს ინდივიდუალურად შეუერთდნენ ენმ-ის წევრი სალომე სამადაშვილი და „ევროპული საქართველოს" ყოფილი თავმჯდომარე დავით ბაქრაძე.

შეთანხმებას მმართველი პარტიიდან ხელი მოაწერეს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალკვაძემ და საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა შალვა პაპუაშვილმა.

18 აპრილს ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ახალი წინადადება შესთავაზა საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს - „სამომავლო გზა საქართველოსთვის", რომელიც მისი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მიერ 31 მარტს წარდგენილ დოკუმენტში აზუსტებს ორ ძირითად შეუთანხმებელ პუნქტს - პოლიტიზებულ მართლმსაჯულებასა და ახალ არჩევნებთან დაკავშირებით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG