Accessibility links

site logo site logo

საქართველოს პარლამენტის წევრებს შეთანხმების ხელმოსაწერად ევროკავშირის ოფისში ელოდებიან


ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი

საქართველოს პარლამენტის არჩეულ წევრებს დღეს, დილის 9 საათიდან შეთანხმების ხელმოსაწერად ელოდებიან ევროკავშირის წარმომადგენლობაში. ამის შესახებ გვიან ღამით, ტვიტერზე დაწერა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა.

19 აპრილს, „ორბელიანების სასახლეში“, მმართველი და რამდენიმე ოპოზიციური პარტიის ლიდერებმა ხელი მოაწერეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ ინიცირებულ დოკუმენტს.

ბოლო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შექმნილი პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად შეთანხმებას ხელი მოაწერეს: „გირჩიდან“ ვახტანგ მეგრელიშვილმა, „მოქალაქეებიდან“ ალეკო ელისაშვილმა, „სტრატეგია აღმაშენებლიდან“ გიორგი ვაშაძემ, „ლელოდან“ მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ. დოკუმენტს ხელი მოაწერა „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ, „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარემ, ხათუნა სამნიძემ, „ევროპული საქართველოს" ყოფილმა თავმჯდომარემ, პარტიიდან ცოტა ხნის წინ გასულმა დავით ბაქრაძემ, პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ და „ქართული ოცნების“ უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა. 19 აპრილს, „ორბელიანების სასახლეში“ არ მივიდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები. დოკუმენტს ხელი ინდივიდუალურად მოაწერა პარტიის წევრმა, სალომე სამადაშვილმა.

ოპოზიციის მიერ შეთანხმების ხელმოწერას ეწინააღმდეგებოდა "ევროპული საქართველოს" თავმჯდომარე გიგა ბოკერია, რომელიც არ არის პარტიის საარჩევნო სიის იმ 5 წევრს შორის, რომლებსაც პარლამენტის დეპუტატის მანდატი აქვთ.

ხელმოწერას, რომელსაც ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტი და ევროკავშირის და აშშ-ის ელჩები, თვალს დისტანციურად ადევნებდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი. ის დღეს საქართველოს ეწვევა.

მიშელის დოკუმენტი მოიცავს საარჩევნო და სასამართლო რეფორმის და პარლამენტში ძალაუფლების განაწილების საკითხებს. რაც შეეხება ოპოზიციის მოთხოვნებს, მის მიერ პოლიტპატიმრებად მიჩნეული ნიკა მელიას და გიორგი რურუას გათავისუფლების და ვადამდელი არჩევნების შესახებ, დიკუმენტის თანახმად:

"ხელმომწერები ვალდებულებას იღებენ, ამ შეთანხმების ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში, რეაგირება მოახდინონ პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ ორ საკითხზე, ამნისტიის საშუალებით და/ან ისეთი ზომების მიღებით, რომელიც ანალოგიურ შედეგს გამოიღებს. კერძოდ, ამ შეთანხმების ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში, პარლამენტში წარმოდგენილმა პარტიამ უნდა მოახდინოს ინიცირება კანონისა ამნისტიის შესახებ, რომელიც 2019 წლის 19-21 ივნისის პროტესტებთან დაკავშირებულ ყველა დარღვევასა და დაკავებას შეეხება".

შეთანხმების ამ პუნქტის ფარგლებში ექცევა პატიმრობიდან "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას გათავისუფლება, თუ მანამდე გადახდილი არ იქნება გირაო. რაც შეეხება იარაღის უკანონოდ შენახვა-ტარების ბრალდებით მსჯავრდებულ გიორგი რურუას, 19 აპრილს, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ მზად არის მიიღოს რურუას შეწყალების "სკანდალური გადაწყვეტილება" იმ პირობით, თუ პარტიები შეთანხმებას ხელს მოაწერენ და პარლამენტში შევლენ.

რაც შეეხება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შესაძლებლობას, შარლ მიშელის დოკუმენტით, "ქართული ოცნების 2021 წლის 16 აპრილის შეთავაზების შესაბამისად, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება 2022 წელს, იმ შემთხვევაში, თუ 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში პარტია "ქართული ოცნება" მიიღებს ნამდვილი პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს".

საქართველოში ბოლო, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ოპოზიციამ გაყალბებულად გამოაცხადა, პარლამენტში შესვლაზე უარი თქვა და ხელახალი არჩევნები მოითხოვა. „ქართული ოცნება“ არჩევნების გაყალბებას უარყოფდა. საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებმა დაადასტურეს ხარვეზები და პრობლემები და არა გაყალბება, მათი შეფასება კი გაიზიარეს საქართველოს პარტნიორმა ევროკავშირმა და აშშ-მა. მათი მოწოდება იყო პოლიტიკურ ძალებს პარლამენტში გაეგრძელებინათ ქვეყნისთვის მნიშვნელოვან დემოკრატიულ რეფორმებზე მუშაობა.

კრიზისის მოსაგვარებლად, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგი დაიწყეს ევროკავშირის და აშშ-ის ელჩებმა. თუმცა, კრიზისი კიდევ უფრო გამწვავდა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაპატიმრების შემდეგ. მელია ბრალდებულია 2019 წლის 20-21 ივნისს, პარლამენტთან გამართული ანტისაოკუპაციო საპროტესტო აქციისას პარლამენტის შენობაში შეჭრის მცდელობის საქმეზე, ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის მუხლით. ოპოზიციური პარტიის ლიდერი საპოლიციო ძალებმა 23 თებერვალს დააპატიმრეს „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარ ოფისში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად მას შემდეგ, რაც მელიამ უარი თქვა საქმეზე შეფარდებული გირაოს გადახდაზე.

1 მარტს, თბილისში ვიზიტისას, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მედიაციის პროცესი წამოიწყო. მარტის შუა რიცხვებიდან მედიაციის პროცესი გააგრძელა მიშელის პირადმა წარმომადგენელმა, კრისტიან დანიელსონმა. მისი მონაწილეობით მოლაპარაკების ორი რაუნდი შეთახმების ხელმოწერის გარეშე დასრულდა.

18 აპრილს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა პოლიტიკურ პარტიებს შესთავაზა შეთანხმების განახლებული ვარიანტი, რომელსაც პარლამენტის მანდატების მქონე პარტიების ნაწილმა ხელი 19 აპრილს მოაწერა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG