Accessibility links

site logo site logo

ევროპული საბჭოს პრეზიდენტს თბილისში დღის სამი საათისთვის ელოდებიან


დღეს საქართველოს ეწვევა ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი. მას თბილისში 15:00 საათისთვის ელოდებიან.

წინასწარი ინფორმაციით, შარლ მიშელი შეხვდება საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს და ლიდერებს იმ პოლიტიკური პარტიებისა, რომლებმაც ხელი მოაწერეს მის მიერ ინიცირებულ შეთანხმებას.

ბოლო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შექმნილი პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად, 19 აპრილს, შეთანხმებას ხელი მოაწერეს: „გირჩიდან“ ვახტანგ მეგრელიშვილმა, „მოქალაქეებიდან“ ალეკო ელისაშვილმა, „სტრატეგია აღმაშენებლიდან“ გიორგი ვაშაძემ, „ლელოდან“ მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ. დოკუმენტს ხელი მოაწერა „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ, „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარემ, ხათუნა სამნიძემ, „ევროპული საქართველოს" ყოფილმა თავმჯდომარემ, პარტიიდან ცოტა ხნის წინ გასულმა დავით ბაქრაძემ, პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ და „ქართული ოცნების“ უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა. 19 აპრილს, „ორბელიანების სასახლეში“ არ მივიდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები. დოკუმენტს ხელი ინდივიდუალურად მოაწერა პარტიის წევრმა, სალომე სამადაშვილმა.

"ნაციონალური მოძრაობა" საბოლოო გადაწყვეტილების მიღებას დღეს აპირებს. ოპოზიციის მიერ შეთანხმების ხელმოწერას ეწინააღმდეგება "ევროპული საქართველოს" თავმჯდომარე გიგა ბოკერია, რომელიც არ არის პარტიის საარჩევნო სიის იმ 5 წევრს შორის, რომლებსაც პარლამენტის დეპუტატის მანდატი აქვთ.

მიშელის დოკუმენტი მოიცავს საარჩევნო და სასამართლო რეფორმის და პარლამენტში ძალაუფლების განაწილების საკითხებს. რაც შეეხება ოპოზიციის მოთხოვნებს, მის მიერ პოლიტპატიმრებად მიჩნეული ნიკა მელიას და გიორგი რურუას გათავისუფლების და ვადამდელი არჩევნების შესახებ, დოკუმენტის თანახმად:

"ხელმომწერები ვალდებულებას იღებენ, ამ შეთანხმების ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში, რეაგირება მოახდინონ პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ ორ საკითხზე, ამნისტიის საშუალებით და/ან ისეთი ზომების მიღებით, რომელიც ანალოგიურ შედეგს გამოიღებს. კერძოდ, ამ შეთანხმების ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში, პარლამენტში წარმოდგენილმა პარტიამ უნდა მოახდინოს ინიცირება კანონისა ამნისტიის შესახებ, რომელიც 2019 წლის 19-21 ივნისის პროტესტებთან დაკავშირებულ ყველა დარღვევასა და დაკავებას შეეხება".

შეთანხმების ამ პუნქტის ფარგლებში ექცევა პატიმრობიდან "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას გათავისუფლება, თუ მანამდე გადახდილი არ იქნება გირაო. რაც შეეხება იარაღის უკანონოდ შენახვა-ტარების ბრალდებით მსჯავრდებულ გიორგი რურუას, 19 აპრილს, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ მზად არის მიიღოს რურუას შეწყალების "სკანდალური გადაწყვეტილება" იმ პირობით, თუ პარტიები შეთანხმებას ხელს მოაწერენ და პარლამენტში შევლენ.

რაც შეეხება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შესაძლებლობას, შარლ მიშელის დოკუმენტით, "ქართული ოცნების 2021 წლის 16 აპრილის შეთავაზების შესაბამისად, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება 2022 წელს, იმ შემთხვევაში, თუ 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში პარტია "ქართული ოცნება" მიიღებს ნამდვილი პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს".

საქართველოში ბოლო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შექმნილი პოლიტიკური კრიზისის მოსაგვარებლად, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მედიაციის პროცესი 1 მარტს, თბილისში ვიზიტისას წამოიწყო. მარტის შუა რიცხვებიდან მედიაციის პროცესი გააგრძელა მიშელის პირადმა წარმომადგენელმა, კრისტიან დანიელსონმა. მისი მონაწილეობით მოლაპარაკების ორი რაუნდი შეთახმების ხელმოწერის გარეშე დასრულდა. ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა პოლიტიკურ პარტიებს შეთანხმების განახლებული ვარიანტი 18 აპრილს შესთავაზა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG