Accessibility links

site logo site logo

ნათელაშვილი: რუსი ოლიგარქის გადარჩენის სპეცოპერაციას აშშ-ის ელჩი ხელმძღვანელობდა


„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი აცხადებს, რომ ოპოზიციის წარმომადგენლებმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ ინიცირებული დოკუმენტის ხელმოწერით „დაამთავრეს პოლიტიკა“.

„რაც ჩემთვის ტრაგიკულია, რადგან ეს თვეები განსაკუთრებით, მაქსიმალურად ვეფერებოდით ერთმანეთს და შედეგად, საქართველო დავაბრუნეთ საერთაშორისო რადარებზე“, - განაცხადა ნათელაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის თანახმად, ოპოზიციამ თავიდან მაინც ვერ აიცილა არასასიამოვნო შედეგი, რომელიც „კატასტროფა არ არის, რადგანაც ძირითადი პოლიტიკური ძალები ხარისხობრივად და რაოდენობრივად, პარლამენტში ამ წუთისათვის არ შედიან, მაგრამ არასასიამოვნოა, ვინაიდან რუსი ოლიგარქი კუთხეში იყო მიყენებული და უკვე აგონიაში მყოფი ვირთხის სტადიაში ბრძანდებოდა“.

ნათელაშვილმა შეთანხმების ხელმოწერას უწოდა სპეცოპერაცია „რუსი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის გადასარჩენად“. ლეიბორისტების ლიდერის განცხადებითვე, ამ სპეცოპერაციას ხელმძღვანელობდა ტრამპის მიერ დანიშნული აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი:

„გუშინდელმა დღემ კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ საქართველოს არ ჰყავს არავითარი სტრატეგიული პარტნიორი და მოკავშირე. საქართველოს ხელისუფლებებს ჰყავთ მფარველებიც, მოკავშირეებიც, ზურგის გამამაგრებლებიც. ჩვენ ერთმანეთი გვყავს მოკავშირეებად და ან გავიტანთ ერთმანეთს, ან საქართველოს ფერი მსოფლიოს პოლიტიკურ რუკაზე თანდათანობით ჩაქვრება და ამ ცოდვას ჩვენ ასი წლის შემდეგ და ათასი წლის შემდეგ სამუდამოდ ძვლებზე აღბეჭდილს წავიღებთ იმქვეყნად“.

ნათელაშვილმა აშშ-ის პრეზიდენტ ბაიდენს მოუწოდა, ამერიკული დიპლომატია და სახელმწიფო დეპარტამენტი დროულად გაწმინდოს „პროტრამპისტული ელემენტებისგან“, რადგან, მისი სიტყვებით, „ტრამპიზმი ნიშნავს პროპუტინიზმს“.

შალვა ნათელაშვილმა, რომელიც მეათე მოწვევის პარლამენტში „ლეიბორისტული პარტიიდან“ არჩეული ერთადერთი დეპუტატია, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მიერ ინიცირებული დოკუმენტის ხელმოწერასა და პარლამენტში შესვლაზე უარი თქვა.

19 აპრილს, "ქართული ოცნების" და რამდენიმე ოპოზიციური პარტიის ლიდერებმა ხელი მოაწერეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ ინიცირებულ დოკუმენტს.

მიშელის დოკუმენტის მიზანია საქართველოში ბოლო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შექმნილი კრიზისის დაძლევა პარლამენტში ოპოზიციის შესვლის და საარჩევნო და სასამართლო რეფორმების განხორციელების, პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმული საკითხების მოგვარებისა და პარლამენტში ძალაუფლების განაწილების გზით.​

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG