Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სახელმწიფო დეპარტამენტი მიესალმა საქართველოში მიღწეულ შეთანხმებას


აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მიესალმება საქართველოში პოლიტიკური კრიზისის დასასრულებლად 19 აპრილს მიღწეულ შეთანხმებას.

საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციის ნაწილს შორის მიღწეული შეთანხმება იყო სახელმწიფო დეპარტამენტში 20 აპრილს გამართული ბრიფინგის რიგით მეორე თემა, რომელზეც პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა ილაპარაკა.

პრაისის განცხადებით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის შუამავლობით შეთანხმების მიღწევას სჭირდებოდა კომპრომისი ყველა მხრიდან და უპირველეს ყოვლისა, პოლიტიკური გამბედაობა და ხალხისადმი ერთგულება, რათა გაგრძელდეს რთული სამუშაო დემოკრატიული ინსტიტუტების შესაქმნელად და კანონის უზენაესობის განმტკიცებისთვის.

ნედ პრაისმა შეთანხმების მიღწევა შეაფასა საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის მნიშვნელოვანი პროგრესის ნიშნად და განაცხადა, რომ არანაკლებ მნიშვნელოვანი იქნება შეთანხმების შესრულება.

სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის განცხადებით, შეთანხმების ხელმოსაწერად იწვევენ დარჩენილ პარტიებს და საქართველოს პარლამენტის ცალკეულ წევრებს, რათა საქართველოს ყველა არჩეულმა წარმომადგენელმა შეძლოს ერთობლივი მუშაობის დაწყება საქართველოს წინაშე მდგარი აქტუალური საკითხების გადასაჭრელად.

პრაისის თქმით, აშშ საქართველოს პარლამენტს დაეხმარება იმის უზრუნველყოფაში, რომ შეთანხმებამ თავის მიზნებს მიაღწიოს. სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა დაადასტურა, რომ აშშ ისევ მზად არის საქართველოს მხარი დაუჭიროს ევროატლანტიკურ ოჯახში სრული ინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე.

19 აპრილს, "ქართულმა ოცნებამ" და პარლამენტის მანდატების მქონე ოპოზიციური პარტიების ნაწილმა ხელი მოაწერეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ ინიცირებულ დოკუმენტს, რომლის მიზანია საქართველოში ბოლო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შექმნილი კრიზისის დაძლევა პარლამენტში ოპოზიციის შესვლის და საარჩევნო და სასამართლო რეფორმების განხორციელების, პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმული საკითხების მოგვარებისა და პარლამენტში ძალაუფლების განაწილების გზით.​

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG