Accessibility links

site logo site logo

ვის და რატომ ეუბნებიან უარს აცრაზე?


„მგონია, არანაირი ისე მწვავე მდგომარეობა არ იყო, რომ არ აეცრათ დედაჩემი, თან ფაიზერით. რასაც ვხედავ და ვკითხულობ, გაცილებით მძიმე პაციენტებს ცრიან”, - დაწერა ფეისბუკზე მაიამ.

მან ვაქცინაციის წინა დღეს ანალიზები გაუკეთა დედას, რომელიც თირკმლის მწვავე უკმარისობას მკურნალობს. ოჯახის ექიმისა და მკურნალი ექიმის რეკომენდაციის შემდეგ დარწმუნებული იყო, რომ უსაფრთხოდ და დაბრკოლებების გარეშე შეძლებდა მისთვის ფაიზერის ვაქცინის გაკეთებას.

“დიალიზზე მყოფ ადამიანებსაც ცრიან და დედას არ ჰქონია მსგავსი სიტუაცია. ბოლო დღეებში ჰქონდა ქოშინი და ამის შესახებ ვუთხარით ექიმს. მოგვთხოვეს ანალიზები, რომლებიც სულაც არ იყო საჭირო, რომ წინასწარ გვქონოდა, შემდეგ სრული კარდიოლოგიური პაკეტის ყიდვა შემოგვთავაზეს, გადავიხადე 125 ლარი და რადგანაც მწვავე მდგომარეობააო, გამოგვაბრუნეს უკან“.

მაიას ხელახლა უწევს რისკჯგუფში მყოფი დედის დარწმუნება, რომ მისი ჯანმრთელობისთვის აცრა სჯობს, ვიდრე აუცრელად დარჩენა. მას შემდეგ, რაც ერთხელ ექიმებმა უარი უთხრეს, ახლა აცრის გაკეთების უკვე ეშინია.

რაც საქართველოში 55 წელს გადაცილებული მოქალაქეების საყოველთაო ვაქცინაცია დაიწყო, არაერთი ადამიანი ჩავარდა მსგავს მდგომარეობაში.

დაუჯერეს ქვეყნის წამყვან ეპიდემიოლოგების საჯარო გამოსვლებს ვაქცინაციის მნიშვნელობაზე, აიღეს მკურნალი ექიმებისგან ნებართვა, დაარეგისტრირეს მშობლები და ასაცრელად მისულები ამცრელმა ექიმმა უკან გამოაბრუნა.

“გულის პრობლემა აქვს მამას, სისხლის გამათხელებელს იღებს. რომ გაიგო ექიმმა, სადღაც დარეკა და მერე მითხრაო, რომ 5 დღით ადრე არ უნდა მიიღო ეს პრეპარატი და ანალიზი უნდა გაიკეთოო”, - გვეუბნება თამთა გოჩიტაშვილი, რომლის მამას ფაიზერის ვაქცინაზე დროებით უარი უთხრეს და რამდენიმე დღეში ხელახალი რეგისტრაციისკენ მოუწოდეს. რამდენიმე დღეში ფაიზერის პირველი დოზაზე დარეგისტრირებულთა სია თამთას უკვე შევსებული დახვდა. ვაქცინაციამდეც და უარის შემდეგაც მან ბევრი რამ წაიკითხა, გაიკითხა და ვერსად მიაგნო ცნობას, რომ ის პრეპარატი, რომელსაც მამა იღებდა, შეუსაბამო იყო ვაქცინაციასთან.

“ გადავამოწმე (აცრამდეც) საერთაშორისო წყაროები და საზღვარგარეთ მომუშავე ნათესავმა თუ, უბრალოდ, გულისხმიერმა ექიმებმაც დამიმოწმეს, რომ სისხლის გამათხელებლების მიღება არ წარმოადგენს აცრის უკუჩვენებას და არსად არ წერია რაიმე შეზღუდვა აკრძალვაზე ანტიკოაგულანტებთან დაკავშირებით.

გუშინწინ გაიკეთა ანალიზი და, პირიქით, დაბალი აღმოაჩნდა, ანუ მისთვის ამ წამლის არმიღება არაფრით არ შეიძლება. მას ისედაც სუნთქვის პრობლემები აქვს, გულის უკმარისობა და ინფიცირების შემთხვევაში ძალიან ცუდი პროგნოზი აქვს”.

თამთა ამბობს, რომ სამედიცინო პერსონალი 27 წლის მედდის, მეგი ბაქრაძის, გარდაცვალებამ შეაშინა და პასუხისმგებლობის თავზე აღებას ერიდებიან.

“რამდენიმე დღით ადრე წაუყენეს სწორედ ბრალი იმ ორ ექიმს და ექთანს. უბრალოდ, შეშინებულები არიან. წერილი გავაგზავნეთ ჯანდაცვის სამინისტროში თხოვნით აღუდგინონ ჯავშანი. ჯერ არ უპასუხიათ”, - ეუბნება რადიო თავისუფლებას თამთა.

ალერგოლოგ-იმუნოლოგი, ბიძინა კულუმბეგოვი
ალერგოლოგ-იმუნოლოგი, ბიძინა კულუმბეგოვი

ალერგოლოგ-იმუნოლოგი, ვაქცინაციის საბჭოს წევრი ბიძინა კულუმბეგოვი გვეუბნება, რომ თამარისა და თამთას შემთხვევაში, იმის მიხედვით, რაზეც თავად ლაპარაკობენ, არანაირი წინაღობა არ არსებობდა, რომ ვაქცინაციაზე უარი ეთქვათ.

ნინო გოგოლაძემ, ვაქცინაციის ექიმების წინააღმდეგობის მიუხედავდ, 5 აპრილს 74 წლის დედის აცრა მაინც მოახერხა. წინა დღეს გაკეთებული ანალიზებით მისულს უკან აბრუნებდნენ, თუმცა, როგორც ნინო ამბობს, პროტოკოლის დაცვა მოსთხოვა და შემდეგ აცრეს პაციენტი.

“რაღაც მომენტში მეც შემეშინდა პასუხისმგებლობის აღების, მაგრამ, უბრალოდ, ინფორმაცია მქონდა, ვხვდებოდი, რომ ტყუილად აბრუნებდნენ და პროტოკოლი ამას არ ითვალისწინებდა. იფიქრეს, იფიქრეს და გაუკეთეს. მერე ნერვიულობაზე დედას წნევამ აუწია და ცოტა ხანი იქვე იწვა. ახლა თავს მშვენივრად გრძნობს”, - ამბობს ნინო გოგოლაძე.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიას თქმით, პროტოკოლით ვაქცინაციის გადავადება ხდება მაშინ, თუ დაავადება მწვავე ფაზაშია. ის მხოლოდ რამდენიმე შემთხვევას ადასტურებს, როდესაც ვაქცინაციაზე მიღება გადაუვადეს პაციენტებს.

ნოდარ ტანგიაშვილის დედას ალერგიული გამონაყარის გამო უთხრეს უარი აცრაზე.

“თუ არ იცით რის გამო გაქვთ ალერგია, ჩემს თავზე ამ პასუხისმგებლობას ვერ ავიღებო და ალერგოლოგთან გადაამისამართა. ისიც თქვა, 95 % არაფერი იქნება, მაგრამ ვერ გავრისკავო.

ვუთხარი, თუ რას ამბობენ ცნობილი ალერგოლოგები, რომ თუკი ანაფილაქსია არ განვითარებია, ჰოსპიტალიზაცია არ დასჭირვებია, მძიმე რეაქცია არ ჰქონია, უკუჩვენება არ არის-მეთქი. მაგათ რა ენაღვლებათ, რამე რომ მოხდეს, პასუხისმგებლობა ჩვენზეაო.

თვითონ ეს ექიმი კომპეტენტური ჩანდა. კონკრეტული ალერგიის დასახელება ახსენა, არ მახსოვს, რომელიც უჯრედოვანი არისო და იმ შემთხვევაში აუცილებლად მოგცემთ ალერგიას და ვერ გადაიტანთო. არ ვიცი, ასეთი სიფრთხილე მეგი ბაქრაძის ქეისმა განაპირობა, თუ სხვა ამბავმა, მაგრამ ჩემი მშობლების უკან წაყვანა კი იქნება წარმოუდგენელი”.

მამის შემთხვევაში ვაქცინაციაზე უარის მიზეზი იყო ალკოჰოლის ფაქტორი. ექიმი სთხოვდა ხელწერილის საფუძველზე პასუხისმგებლობა აეღოთ, რომ 2 კვირის ვადაში პაციენტი ალკოჰოლს არ მიიღებდა.

“აღმოჩნდა, რომ ჯანდაცვის სექტორში ამ ელემენტარულზეც ვერ შეთანხმებულან - უნდა აიცრას თუ არა ალერგიული ფონის მქონე ადამიანი ალერგოლოგთან კონსულტაციის გარეშე. თურმე, ნუ იტყვი და ზოგი ექიმი თავისებურად, უფრო მკაცრად უდგება სამინისტროს პროტოკოლს... და დიდი წვალებისა და ფსიქოლოგიურ ომგადატანილ, ერთი ქალაქიდან მეორეში ჩასულ პაციენტს უკან აბრუნებენ. და არც კი ვიცი, ვინაა მართალი, ის ექიმი თუ სისტემა? ამასობაში კი ჩვენ, გულმხურვალე ვაქსერები, ვინც დინების წინააღმდეგ მივცურავთ, ვიბრძვით მეცნიერებისთვის, ჯანდაცვისთვის. სხვებისთვის მაგალითის მიცემას ვცდილობთ, ვინც ლამის მშობლების მკვლელებად გამოგვაცხადეს, ვრჩებით საშინლად იმედგაცრუებულნი, დაბნეული და გაბრაზებული. აწი სიტყვა ვაქცინის გაგონება არ მინდა! არც ჩემს მშობლებს”, - წერს ნოდარ დანგიაშვილი ფეისბუკზე.

ის, რომ ექიმი დამატებით კვლევაზე გიშვებთ ან უარს ამბობს თქვენს აცრაზე, ავტომატურად არ ნიშნავს იმას, რომ უსამართლოდ მოგექცნენ და ვაქცინაცია დასაშვები იყო.

კითხვაზე, ვინ შეიძლება აიცრას და ვინ არა, არსებობს მკაფიო პასუხები: საქართველოს კანონით, „COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის დანერგვისა და იმუნიზაციის მართვის წესის მიხედვით“ განისაზღვრება ის ჯგუფები, რომლებზეც შეიძლება კონკრეტული შეზღუდვები გავრცელდეს.

ალერგიულ გამოვლინებებსა თუ რისკჯგუფებზე რადიო თავისუფლებასთან საუბრობს ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი.

თუმცა, საბოლოო ჯამში, როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე რადიო თავისუფლებასთან ამბობს, “ექიმი იმიტომ არის ექიმი, რომ მან უნდა გადაწყვიტოს. მესმის პაციენტების წუხილი, მაგრამ პაციენტთან ურთიერთობაში უნდა დავეყრდნოთ ექიმს: შეუძლია, თუ ჩათვლის საჭიროდ, დამატებითი გამოკვლევები და კონსულტაციები დანიშნოს“.

ფონდი "ღია საზოგადოება" ნინო კიკნაძე
ფონდი "ღია საზოგადოება" ნინო კიკნაძე

ფონდ „ღია საზოგადოების“ წარმომადგენელი ნინო კიკნაძე, რომელიც ჯანდაცვის სფეროს საკანონმდებლო მხარის გაუმჯობესებაზე მუშაობს ამბობს, რომ გადაწყვეტილებები მტკიცებულებებზე დაფუძნებული უნდა იყოს და არა პირად მოსაზრებებზე. მისი თქმით, მასშტაბური ტრენინგებია საჭირო, რომლის საფუძველზეც ექიმმა უნდა იცოდეს, როგორ მოიქცეს შესაძლო გართულებების ან სხვა შემთხვევებში.

“მივდივართ იქამდე, რომ სამედიცინო განათლება არ არის ადეკვატური, ექიმების კვალიფიკაცია - ამ შემთხვევაში. თავისი მოსაზრებებით იღებენ გადაწყვეტილებას და გამოდის, რომ ექიმის არაკვალიფიციურობის გამო ვერ იღებს ადამიანი სახელმწიფო სერვისს. ვაქცინაციამ, იმედია, საბოლოოდ ანახვა ყველას, რომ საშინელ მდგომარეობაშია ჯანდაცვის სისტემა”, - ამბობს ნინო კიკნაძე რადიო თავისუფლებასთან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG