Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ლელომ" ევროპარლამენტარებს ნიკა მელიასთვის აღმკვეთი ღონისძიების შესაცვლელად თავდებში დადგომა შესთავაზა


ნიკა მელია
ნიკა მელია

„ლელო საქართველოსთვის“ ევროპარლამენტარებს სთავაზობს, თავდებში დაუდგნენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას, რათა დაუყოვნებლივ შეიცვალოს მისი აღკვეთის ღონისძიება და იგი პატიმრობიდან გათავისუფლდეს. „ლელოს“ თავმჯდომარის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ეს იქნება პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის აუცილებელი წინაპირობა და ინიციატივა ინტენსიურად განიხილება ბრიუსელში, სადაც „ლელოს“ ლიდერები მეორე დღეა შეხვედრებს მართავენ.

„სამუშაო შეხვედრებზე განხილული ეს წინადადება ევროპარლამენტარების მხრიდან დადებითად იქნა მიღებული. შესაბამისად, ევროპელი პარლამენტარები მზად არიან ჩაერთონ ამ ინიციატივაში და თავდებში დაუდგნენ ნიკა მელიას. ასევე ლელოც მზად არის შეურთდეს ევროპარლამენტარების თავდებობას.

იმედი გვაქვს, რომ ამ ინიციატივას ასევე დადებითად მიიღებს საქართველოს ხელისუფლება და დროულ რეაგირებას მოახდენენ შესაბამისი უწყებები, ვისაც გააჩნია საკითხის გადაწყვეტის უფლებამოსილება.

“ლელო” იმედოვნებს, რომ ჩვენი ეს ინიციატივა იქნება არსებული დაძაბული პოლიტიკური სიტუაციის განმუხტვის მიმართულებით გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ. მისი თქმით, „ლელოს“ ლიდერების ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში შეთანხმდა ასევე, რომ შეიქმნება ევროპელი დეპუტატების მონიტორინგის ჯგუფი, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მედიაციით შექმნილი 5 პუნქტიანი შეთანხმების აღსრულებას გაუწევს დეტალურ მონიტორინგს.

19 აპრილს, „ქართულმა ოცნებამ“ და პარლამენტის მანდატების მქონე ოპოზიციური პარტიების ნაწილმა ხელი მოაწერეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ ინიცირებულ დოკუმენტს, რომლის მიზანია საქართველოში ბოლო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შექმნილი კრიზისის დაძლევა პარლამენტში ოპოზიციის შესვლის და საარჩევნო და სასამართლო რეფორმების განხორციელების, პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმული საკითხების მოგვარებისა და პარლამენტში ძალაუფლების განაწილების გზით.​

პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ საკითხებზე რეაგირებასთან დაკავშირებით, კერძოდ, დოკუმენტში წერია, რომ „საქართველოს პოლიტიკური სტაბილურობის ინტერესებიდან გამომდინარე და ამ შეთანხმების განსახორციელებლად, ხელმომწერებმა ვალდებულება აიღეს, ამ შეთანხმების გაფორმებიდან ერთი კვირის განმავლობაში განიხილონ პოლიტიზებული მართლმსაჯულების ორი შემთხვევა, ამნისტიით ან / და ისეთი ნაბიჯებით, რომელიც ეკვივალენტური შედეგის მომცემი იქნება. კერძოდ, ხელშეკრულების ხელმოწერიდან ერთ კვირაში, პარლამენტში წარმოდგენილი მხარე შეიტანს ამნისტიის შესახებ კანონს 2019 წლის 19-21 ივნისის საპროტესტო აქციების შედეგად წარმოქმნილი ყველა დარღვევისა და განხორციელებული დასჯის შესახებ“.

შეთანხმებას ხელი არ მოაწერა "ნაციონალურმა მოძრაობამ", "ევროპულმა საქართველომ" და "ლეიბორისტულმა პარტიამ". ისინი მოითხოვენ პარტიის თავმჯდომარის, ნიკა მელიას პატიმრობიდან უპირობოდ გათავისუფლებას და არა გირაოს გადახდის, ან ამნისტიის საფუძველზე. გირაოს გადახდისა და ამნისტიის კანონის საფუძველზე გათავისუფლების წინააღდეგ თავად ნიკა მელიამ 22 აპრილს კიდევ ერთი განცხადება გააკეთა.

"20 ივნისის ამნისტია დაუშვებელია, ისტორიის გადაწერის უფლებას არ მოგცემთ! - დაწერა მან.

XS
SM
MD
LG