Accessibility links

site logo site logo

ექიმები ალექსეი ნავალნის მიმართავენ, შიმშილობა სასწრაფოდ შეწყვიტოს


პატიმრობაში მყოფ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, ალექსეი ნავალნის შიმშილობის შეწყვეტას სთხოვს მისი 5 მკურნალი ექიმი. მათ ადვოკატების მეშვეობით მიიღეს ქალაქ ვლადიმირს სამოქალაქო საავადმყოფოში ნავალნისთვის ჩატარებული სამედიცინო გამოკვლევის და კონსილიუმის შედეგები, რომელთა გაცნობის შემდეგ მათი მიმართვა გამოქვეყნდა ინტერნეტგამოცემა „მედიაზონა“-ს საიტზე.

ნავალნის მკურნალი ექიმები ისევ მოითხოვენ, რომ პირადად მათ მისცენ პაციენტთან შეხვედრის და მისი გამოკვლევის უფლება, თუმცა მანამდე, ვლადიმირის სამოქალაქო საავადმყოფოში ჩატარებული დიაგნოსტიკის საფუძველზე, ალექსეი ნავალნის მიმართავენ, შიმშილობა დაუყოვნებლივ შეწყვიტოს, რადგან მის სიცოცხლეს რეალური საფრთხე ემუქრება. მიმართვიდან ირკვევა, რომ ნავალნი ციხის საავადმყოფოდან სამოქალაქო კლინიკაში 20 აპრილს გადაიყვანეს.

კონსილიუმის დასკვნით, ალექსეი ნავალნის აქვს თირკმლის უკმარისობის სიმპტომები და მძიმე ჰიპონატრემია, რამაც შესაძლოა, ტვინის შეშუპება გამოიწვიოს. „თუ შიმშლობა გაგრძელდება თუნდაც მინიმალური დროით, მალე სამკურნალო აღარავინ გვეყოლება“, - წერენ ოპოზიციონერი პოლიტიკოსის მკურნალი ექიმები. მათ მიმართვას ალექსეი ნავალნის დღეს გადასცემენ.

ქალაქ ვლადიმირის კოლონიაში მყოფმა ნავალნიმ შიმშილობა 31 მარტს გამოაცხადა და მასთან დამოუკიდებელი ექიმების მისვლას მოითხოვს. შიმშილობის დაწყებამდე ოპოზიციონერი ლიდერი უჩიოდა ზურგის ტკივილს და ქვედა კიდურებში მგრძნობელობის დაკარგვას.

21 აპრილს, რუსეთის ქალაქებში გაიმართა საპროტესტო აქციები ნავალნის მხარდასაჭერად. ხელისუფლებამ აქციების 1700-მდე მონაწილე დააკავა.

„კორუფციასთან ბრძოლის ფონდის“ დამაარსებელი ალექსეი ნავალნი, რომელიც 2020 წლის აგვისტოს ბოლოს რუსეთში მოწამლეს „ნოვიჩოკის“ ჯგუფის ნივთიერებით, გერმანიაში ოთხთვიანი მკურნალობის შემდეგ, მოსკოვში 17 იანვარს დაბრუნდა. ნავალნი აეროპორტშივე დააკავეს, 18 იანვარს კი 30 დღით პატიმრობა შეუფარდეს.

2 თებერვალს, მოსკოვის სასამართლომ ალექსეი ნავალნის ე.წ. „ივ როშეს“ საქმეზე თაღლითობის მუხლით ადრე მისჯილი პირობითი პატიმრობა რეალური სასჯელით შეუცვალა. მან პატიმრობაში 2 წელი და 5 თვე უნდა გაატაროს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG