Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსამართლეებმა, კანონთან შეუსაბამო განათლებით, სასამართლოს გზით მოიპოვეს დიპლომების აღიარება 


არასამთავრობო ორგანიზაციამ „უფლებები საქართველო“ მოსამართლეთა უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომების შესწავლის და მათი კანონთან შესაბამისობის კვლევისას, აღმოაჩინა 11 მოსამართლე, რომელთა დიპლომები არ შეესაბამება კანონის მოთხოვნებს, რაც მოსამართლის განათლების და კვალიფიკაციის მიმართ არსებობს. 

საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, “მოსამართლედ შეიძლება დაინიშნოს (აირჩეს) საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 30 წლის ასაკიდან, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება არანაკლებ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხით/უმაღლესი განათლების დიპლომით“.

არასამთავრობო ორგანიზაციამ 299 მოსამართლის დიპლომი და სხვა დოკუმენტაცია შეისწავლა კვლევის ფარგლებში და გამოავლინა 11 მოსამართალე, რომლებსაც განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა უარი უთხრა უმაღლესი იურიდიული განათლების დიპლომის დადასტურებაზე ან/და მაგისტრის ხარისხთან გათანაბრებაზე. განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრი არის ერთადერთი უფლებამოსილი სახელმწიფო უწყება, რომელსაც შეუძლია დაადასტუროს დიპლომის ნამდვილობა და მაგისტრის ხარისხთან გათანაბრება.

ვინ არიან მოსამართლეები არასაკმარისი განათლებით?

მაკა გველესიანს, ლევან გელოვანს, ინდირა მაშანეიშვილს, დავით ნარიმანიშვილს, მადონა მაისურაძეს, არარატ ესოიანს, მაია გიგაურს, ნინო ბუაჩიძეს, ანაიტ ოგანესიანს, დავით სვანაძეს და მაკა ჭედიას განათლების ხარისხის განვითრების ეროვნულმა ცენტრმა, უარი უთხრა უმაღლესი იურიდიული განათლების დიპლომის დადასტურებასა ან/და მაგისტრის ხარისხთან გათანაბრებაზე. ამ მოსამართლეთა ნაწილი უვადოდ არის გამწესებული მოსამართლედ.

მაკა გველესიანი - თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეა 2019 წლის სექტემბრიდან, მანამდე საქალაქო სასამართლოს მოსამართლე იყო.

ლევან გელოვანი - თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე; 2020 წლის მაისიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.

ინდირა მაშანეიშვილი - 2019 წლის ივლისდან დანიშნულია ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლედ. 2005 წლიდან იყო სხვადასხვა საქალაქო და რაიონული სასამართლოს (აბაშის, სენაკის, ბათუმის, ვანის) მოსამართლე.

დავით ნარიმანიშვილი - საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილებით, დაინიშნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლედ. მანამდე, 2011 წლიდან მუშაობდა გურჯაანის საქალაქო სასამართლოში.

მადონა მაისურაძე - რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე 2012 წლიდან.

არარატ ესოაინი - 2017 წლის მაისიდან არის ახალქალაქის რაიონული სასამართლის მოსამართლე. 2019 წლის თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.

მაია გიგაური - 2019 წლის სექტემბრიდან დანიშნულია თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლედ უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.

ნინო ბუაჩიძე - თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წელს უვადოდ დანიშნული მოსამართლე.

ანაიტ ოგანესიანი - ახალციხის რაიონული სასამართლოს მოსამართლე. 2019 წლის ოქტომბრიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.

დავით სვანაძე - სამტრედიის რაიონული სასამართლოს მოსამართლე 2012 წლიდან.

მაკა ჭედია - 2016 წლიდან თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე. 2017 წლის ოქტომბრიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.

ჩამოთვლილი 11 მოსამართლიდან ხუთის (ლევან გელოვანის, მაკა გველესიანის, ინდირა მაშანეიშვილის, მაია გიგაურის და ანაიტა ოგანესიანის) შემთხვევაში განათლების ხარისხის ეროვნულმა ცენტრმა ვერ დაადასტურა არათუ მაგისტრთან გათანაბრების, არამედ უმაღლესი იურიდიული განათლების მიღების ფაქტი.

კვლევამ აჩვენა, რომ განსაკუთრებით პრობლემური აღმოჩნდა ორი მოსამართლის - მაია გიგაურის და ანაიტ ოგანესიანის შემთხვევა.

  • მოსამართლე მაია გიგაურის დიპლომთან დაკავშირებით ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის განმარტებით, ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ პროფესიათა ფაკულტეტი, რომელზეც მოსამართლე სწავლობდა, არ ითვალისწინებდა კვალიფიკაციის ან ხარისხის მინიჭებას.
  • წარმოდგენილი დიპლომით, მოსამართლე ანაიტ ოგანესიანმა 1997 წელს დაასრულა ერევნის ეკონომიკურ-იურიდიულ უნივერსიტეტი. სომხეთის მხარის მიერ ოფიციალურად მოწოდებული ინფორმაციით, ერევნის ეკონომიკურ-იურიდიული უნივერსიტეტი სომხეთის რესპუბლიკაში კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებული იყო მხოლოდ 2001 წლიდან. ამ თარიღამდე გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტი არ წარმოადგენდა სახელმწიფო ნიმუშის დიპლომს და არ იყო აღიარებული სომხეთის რესპუბლიკაში.

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის უარის მიუხედავად, 11-მა მოსამართლემ არასათანადო განათლებით სასამართლოს გზით გადაწყვიტა დიპლომების დადასტურება/მაგისტრის ხარისხთან გათანაბრება და სასურველ შედეგსაც მიაღწია - სასამართლომ განათლების ხარისხის განვითრების ეროვნულ ცენტრს დაავალა სადავო დიპლომები მაგისტრის ხარისხთან შესაბამისად ეცნო, რაც იმას ნიშნავს რომ 11-მა მოსამართლემ საკუთარი უმაღლესი განათლების ხარისხი სასამართლოს საშუალებით შეუსაბამა მოსამართლეობისათვის საჭირო საკანონმდებლო მოთხოვნას.

“სასამართლოს მიერ აღნიშნულ საქმეებზე გამოტანილი გადაწყვეტილებების სამოტივაციო ნაწილში გამოვლენილი შეხედულებები კრიტიკას ვერ უძლებს” - წერს ორგანიზაცია ამ თემაზე მომზადებულ ანგარიშში.

  • ლევან გელოვანის, მაკა გველესიანის და ინდირა მაშანეიშვილის განცხადებების საფუძველზე ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში სსიპ „განათლების ხარისხის განვითრების ეროვნულმა ცენტრმა“ როგორც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების, ისე ცენტრალურ საარქივო დონეზე ვერ მოიპოვა მოსამართლეთა მიერ უმაღლესი განათლების მიღების ფაქტების დამადასტურებელი ინფორმაცია. ფაქტობრივად, თბილისის საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ ცენტრი უნდა დაყრდნობოდა მხოლოდ თავად განმცხადებლების მიერ წარდგენილ ინფორმაციას, უმეტესად, მოწმეთა ჩვენებებს, დიპლომების და დანართების ასლებს, ასევე პროფესიული საქმიანობის დამადასტურებელ დოკუმენტებს. სასამართლომ გააუქმა სსიპ „განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის“ უარი და დაავალა მოსამართლე მაკა გველესიანის, ლევან გელოვანის და ინდირა მაშანეიშვილის დიპლომების დადასტურება და მაგისტრის ხარისხთან გათანაბრება.
  • სასამართლოს გადაწყვეტილებების საფუძველზე, სსიპ „განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრს“ დაევალა მოსამართლე მაია გიგაურის და ლელა ცანავას ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ პროფესიათა ფაკულტეტის მიერ გაცემული დიპლომების დადასტურება ან/და მაგისტრის ხარისხთან გათანაბრება მაშინ, როდესაც თავად უნივერსიტეტის განმარტებით, ამ ფაკულტეტის პირდაპირ დანიშნულებას წარმოადგენდა ჰუმანიტარული საერთო განათლების მიღება და იგი კვალიფიკაციის ან ხარისხის მინიჭებას არ ითვალისწინებდა. ამავე ფაკულტეტის დიპლომი აქვს წარდგენილი საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ბესარიონ ალავიძეს.

კვლევამ გამოავლინა ხარვეზები სხვა მოსამართლეების განათლების დოკუმენტაციაშიც, რომელთა ნაწილი ტექნიკურია, ნაწილი კი კითხვებს აჩენს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიმართ, რომელიც გაურკეველი რჩება რა მეთოდით აფასებს მოსამართლეობის კანდიდატების განათლების დამადასტურებელ დოკუმენტაციას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG