Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წვევამდელების ღირსების შეურაცხყოფისა და მათზე ძალადობაში ბრალდებულებს პატიმრობა შეეფარდათ


შსს-ს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის ორ თანამშრომელს - რომელთაც ბრალად ედებათ წვევამდელების ღირსების შეურაცხყოფა, მათზე ძალადობა და უფლებამოსილების გადამეტება - აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ.

ბრალდებულ გიორგი ბიჩინაშვილისა და დიმიტრი დევდარიანის ადვოკატები გირაოს ითხოვდნენ, თუმცა მათი შუამდგომლობა მოსამართლე რომან ხორავამ არ დააკმაყოფილა.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა შსს-ს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლები დააკავა 9-თვიანი გამოძიების საფუძველზე. ისინი - გამოძიების მტკიცებით - წვევამდელებს სისტემურად, მძიმე ეკიპირებით, ზოგჯერ 10-11 საათის განმავლობაში, კბილის ჯაგრისებით ახეხინებდნენ საპირფარეშოს იატაკებსა და უნიტაზებს, რითაც შელახეს მათი ღირსება და გადაამეტეს საკუთარ სამსახურებრივ უფლებამოსილებას.

გიორგი ბიჩინაშვილს ბრალად ედება პირადი ღირსების შეურაცხყოფით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება. დიმიტრი დევდარიანს კი - პირადი ღირსების შეურაცხყოფით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება და ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება. ბრალდებულები დუმილის უფლებას იყენებენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG