Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბალტიის ქვეყნებმა პერსონა ნონ გრატად გამოაცხადეს რუსეთის საელჩოების თანამშრომლები


ბალტიის სახელმწიფოებმა გამოაცხადეს, რომ აძევებენ რუს დიპლომატებს: ლიეტუვა - ორ დიპლომატს, ლატვია და ესტონეთი - თითო-თითოს.

ლიეტუვა, ესტონეთი და ლატვია კოორდინირებულად მოქმედებდნენ. გადაწყვეტილება მიღებული იქნა - როგორც სამი ქვეყნის საგარეო უწყებების განცხადებებშია ნათქვამი - ჩეხეთთან სოლიდარობის ნიშნად, ამ ქვეყანაში "რუსული სადაზვერვო სამსახურების არაკანონიერ მოქმედებასთან" დაკავშირებით.

საქმე ეხება ჩეხეთის ხელისუფლების მხრიდან მტკიცებას იმის შესახებ, რომ რუსეთის სამხედრო დაზვერვის თანამშრომლები კავშირში არიან იარაღის საწყობის აფეთქებასთან 2014 წელს, რომლის დროსაც 2 ადამიანი დაიღუპა.

ჩეხეთმა ამ დღეებში ქვეყნიდან გააძევა რუსეთის საელჩოს 18 თანამშრომელი, რომლებიც სპეცსამსახურების აგენტებად არიან მიჩნეული, ხოლო რუსეთის მიერ მოსკოვში ჩეხეთის საელჩოს 20 თანამშრომლის გაძევების შემდეგ, განაცხადა, რომ აპირებს, გაათანაბროს ორი ქვეყნის საელჩოების თანამშრომელთა რაოდენობა.

რუსეთის ხელისუფლება ამას დათანხმდა. ეს ნიშნავს, რომ მაისის ბოლომდე პრაღას კიდევ ათობით რუსი დიპლომატი და საელჩოს თანამშრომელი დატოვებს.

ჩეხეთმა მოუწოდა თავის მოკავშირეებს ევროპის კავშირსა და ნატოში, გამოეხატათ სოლიდარობა, რის შემდეგაც რიგმა ქვეყნებმა გადაწყვიტეს რუსი დიპლომატების გაძევება - კერძოდ, სლოვაკეთმა რუსეთის საელჩოს სამი თანამშრომლის გაძევების შესახებ განაცხადა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს არ გაუკეთებია განცხადება საპასუხო ზომების შესახებ, ლატვიის, ესტონეთისა და ლიეტუვის მიმართ. პარასკევს ცნობილი გახდა, რომ რუსეთი პოლონეთის საელჩოს ხუთ თანამშრომელს აძევებს. ეს გადაწყვეტილება მიღებული იქნა ვარშავის გადაწყვეტილების საპასუხოდ სამი რუსი დიპლომატის გაძევების შესახებ.

XS
SM
MD
LG