Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ და ევროკავშირი უარყოფენ ბალკანეთში საზღვრების ცვლილების იდეას ეთნიკური ნიშნით


აშშ-მა და ევროკავშირმა 26 აპრილს უარყვეს დასავლეთ ბალკანეთში საზღვრების შეცვლის არაოფიციალური გეგმა, რომელიც ითვალისწინებს ბოსნია-ჰერცეგოვინის გაყოფას და კოსოვოს შეერთებას ალბანეთთან.

დოკუმენტი, რომელსაც სააგენტო როიტერსი გაეცნო და რომელიც ევროკავშირის ხელმძღვანელობას შორის გავრცელდა, რეგიონის ევროკავშირში ინტეგრაციის მიზნით, ითვალისწინებს ბოსნიის ნაწილის შეყვანას სერბეთისა და ხორვატიის შემადგენლობაში.


ევროკომისიის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ერიკ მამერმა, პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ევროკავშირი „აბსოლუტურად წინააღმდეგია საზღვრების ყველანაირი ცვლილებისა“.

წინადადება უარყო ასევე აშშ-მა, რომელმაც გამოთქვა გაფრთხილება, რომ საზღვრების გადაწევა რეგიონში დაძაბულობის ესკალაციას გამოიწვევს. „ბალკანეთში საზღვრების შეცვლა ეთნიკური ნიშნით შეიცავს რეგიონში არასტაბილურობის გაძლიერების რისკს და წარსულში მომხდარ დაძაბულობას შეგვახსენებს“, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ნედ პრაისმა.


გასულ კვირაში ერთ-ერთ ამერიკულ ანალიტიკურ ცენტრთან ინტერვიუში სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდარ ვუჩიჩმა ასევე უარყო ეს იდეა და აღნიშნა, რომ მისი ხელისუფლება „არავითარი დიდი სერბეთის შექმნის იდეით არ არის დაინტერესებული“, ხოლო გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაიკო მაასმა გასულ კვირაში განაცხადა, რომ ეს იდეა უკვე „მაგიდის უჯრაშია დაბრუნებული“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG