Accessibility links

site logo site logo

ახალციხეში დღეიდან ვაქცინაციის პროცესი განახლდა


ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში 27 აპრილიდან ვაქცინაციის პროცესი განახლდა. კლინიკის დირექტორის, რევაზ კუჭუხიძის განმარტებით, დღეს 10 მოქალაქე აიცრა, კლინიკაში აცრის დღეებად კი სამშაბათი და შაბათი შეირჩა.

,,ახალციხის რეფერალურმა ჰოსპიტალმა დღეიდან დაიწყო ვაქცინაცია. დარეგისტრირდა ორი ათეული ბენეფიციარი. ვაქცინების რაოდენობა საკმარისი გვაქვს, რამდენიც დარეგისტრირდება შესაბამისი დღეების მიხედვით, მათი ვაქცინაცია რეგისტრაციის შემდგომ მოხდება. იმუნიზაციის ოთახი ექვემდებარება შესაბამის რეგულაციებს, კადრი გადამზადებულია და მზად ვართ ვაქცინაციისთვის“ - განაცხადა რევაზ კუჭუხიძემ.

ერთ-ერთი პირველი, ვინც ახალციხეში დღეს აიცრა, ვალის მკვიდრი ავთანდილ კაკაჩიშვილია. მისი თქმით, პანდემიის შესაჩერებლად სხვა გზა არ არსებობს.

,,პანდემიაა, უნდა აიცრა, სხვაგვარად როგორ იქნება. ვერც გავიგე როგორ ამცრეს, აგერ ჩემთან ერთად ხანდაზმული ხალხი აიცრა, 74 წლის ადამიანია და არანაირი პრობლემა არც მას აქვს. გამოკვლევები არ ჩამიტარებია, რადგან ჯანმრთელი ვარ. ჩემ ოჯახს მაგალითს მივცემ და იმედია ისინიც მალე აიცრებიან“ - ამბობს ავთანდილ კაკაჩიშვილი ვალიდან. იგი ამბობს, რომ აცრის შემდეგ თავს კარგად გრძნობს და აცრისკენ ყველას მოუწოდებს.

არსებული მონაცემებით, 11 მაისის ჩათვლით, ახალციხეში აცრის 8 მსურველია დარეგისტრირებული, ახალქალაქის კლინიკაში კი არც ერთი.

AstraZeneca/Oxford-ის ვაქცინის 1 400 დოზა სამცხე-ჯავახეთში 14 მარტს შემოიტანეს. რეგიონში ვაქცინაცია 15 მარტს, კლინიკა "იმედში" დაიწყო, თუმცა 18 მარტს, როცა კლინიკის მედდას მეგი ბაქრაძეს ვაქცინის გაკეთების შემდეგ სავარაუდოდ, ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა და გარდაიცვალა, პროცესი შეწყდა.

ახალციხის კლინიკა "იმედში" ვაქცინაციის პროცესი რვა აპრილს შეჩერდა, თუმცა 18 მარტის შემდეგ სამედიცინო დაწესებულებაში აცრა არ ჩატარებულა.

მოგვიანებით გადაწყდა, რომ „იმედის“ ნაცვლად ვაქცინაცია რეფერალურ ჰოსპიტალში განხორციელდებოდა.

რეგიონში დღემდე, ვაქცინა მხოლოდ 26 პირს ჰქონდა გაკეთებული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG