Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიხეილ სააკაშვილი: უნდა მომეცეს საშუალება, თავისუფლად ჩამოვდიოდე ჩემს ქვეყანაში


საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მტკიცებით, ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის გადასაჭრელად, მათ შორის, საჭიროა, მას მიეცეს სამშობლოში დაბრუნების საშუალება.

„უნდა მომეცეს საშუალება, თავისუფლად ჩამოვიდე, ჩამოვდიოდე ჩემს ქვეყანაში და მქონდეს ურთიერთობა ჩემ მხარდამჭერებთან, ამომრჩეველთან და საზოგადოებასთან“, - ამბობს სააკაშვილი 27 აპრილს გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.

მისივე მტკიცებით, სიტუაციის სრული ნორმალიზაციისთვის, ასევე, საჭიროა:

  • ნიკა მელია, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე დაუყოვნებლივ იქნას გათავისუფლებული, „ყოველგვარი დამამცირებელი პირობების გარეშე, იმ მოთხოვნებით, რომლებიც მან წამოაყენა“;
  • შეწყდეს პოლიტიკური დევნა „უამრავი ადამიანის“.

ამასთან, მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ ნებისმიერ შემთხვევაში დაბრუნდება საქართველოში.

„მოვუწოდებ ყველა პარტიას, დადგნენ ვიწროპარტიულ ინტერესზე მაღლა. ნუ ჩათვლით, რომ სააკაშვილი თუ ვერ შემოდის ქვეყანაში, ეს გიადვილებთ სიტუაციას. პირიქით, გვიძნელებს! მე მინდა, თქვენთან ერთად გადავლახოთ... მაგრამ მიუხედავად იმისა, თქვენ რას გადაწყვეტთ, მე მაინც დავდგები ჩვენი ხალხის გვერდზე“, - ამბობს ის.

საქართველოში მსჯავრდებულმა და უკრაინაში მოღვაწე მიხეილ სააკაშვილმა 20 აპრილს განაცხადა, რომ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ საქართველოში ჩამოვა და „თუნდაც სიცოცხლის რისკის ფასად“ იქნება ამ პროცესის დამსწრე და მონაწილე.

2018 წლის ივნისში მიხეილ სააკაშვილს დაუსწრებლად 6-წლიანი პატიმრობა მიესაჯა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე; მანამდე, 2018 წლის იანვარში, მიხეილ სააკაშვილს დაუსწრებლად მიესაჯა 3-წლიანი პატიმრობა სანდრო გირგვლიანის მკვლელობასთან დაკავშირებული საქმის ფარგლებში.

XS
SM
MD
LG