Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ მიესაჯა მიხეილ სააკაშვილს სამწლიანი პატიმრობა?


მიხეილ სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს ექს-პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს, დაუსწრებლად 3 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით განაჩენი 5 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე გიორგი არევაძემ გამოაცხადა. მიხეილ სააკაშვილს ბრალი ედება სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს. პროკურატურის თანახმად, მიხეილ სააკაშვილმა პატიმრობის ვადა წინასწარი შეთანხმებით შეუმცირა გირგვლიანის საქმეზე მსჯავრდებულ პირებს, რაც ადასტურებს მის ბრალეულობას. ბრალდების მხარე მიუთითებს, რომ გირგვლიანის საქმის ხელახალ გამოძიებას სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება დაედო საფუძვლად. სააკაშვილის სახაზინო ადვოკატის, სოფიო გოგლიჩიძის, განმარტებით, საქმის მასალებში არ იკვეთება საქართველოს ექს-პრეზიდენტის დანაშაულებრივი ქმედება, ის უფლებამოსილების ფარგლებში მოქმედებდა და, შესაბამისად, სასამართლოს 5 იანვრის გადაწყვეტილება პოლიტიკურად არის მოტივირებული.

გადმოწერა

მიხეილ სააკაშვილის განაჩენი, რომელიც სამწლიან პატიმრობას ითვალისწინებს, მოსამართლე გიორგი არევაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში პარასკევს 10 საათისთვის დანიშნულ სხდომაზე გამოაცხადა. განიმარტა, რომ ქმედება განისაზღვრა სს კოდექსის 332-ე მუხლის მეორე ნაწილით. საქართველოს ექს-პრეზიდენტმა სამსახურებრივი უფლებამოსილება ბოროტად გამოიყენა და სანდრო გირგვლიანის საქმეზე მსჯავრდებულ პირებს წინასწარ გაურიგდა:

სტრასბურგის გადაწყვეტილება გახდა საფუძველი, რომ გირგვლიანის საქმეზე ჩატარებულიყო ხელახალი გამოძიება... რომლის შედეგების მიხედვითაც, დღესდღეობით გირგვლიანის საქმეზე უკვე რვა პირის მიმართ გამოტანილია გამამტყუნებელი განაჩენი...
ირაკლი ნადარეიშვილი

„მას მსჯავრი დაედო იმაში, რომ მან, მაღალი თანამდებობის პირების პასუხისმგებლობისგან აცილების მიზნით, გასცა პირობა, რომ შემდგომში, სასჯელის მიუხედავად, - თუ რა დაენიშნებოდათ მათ სასამართლოს მიერ, - შეიწყალებდა ამ მსჯავრდებულებს“.

სასამართლოს 5 იანვრის გადაწყვეტილებას კონსტიტუციის ხელყოფად მიიჩნევს მიხეილ სააკაშვილის სახაზინო ადვოკატი სოფიო გოგლიჩიძე. მართალია, ის პროცესში 14 დეკემბრიდან ჩაერთო, მაგრამ 10-ტომიან საქმეს გულდასმით გაეცნო და როგორც მანამდე, გოგლიჩიძე პარასკევსაც იმასვე ამტკიცებდა, რომ საქმეში არ იკვეთება მიხეილ სააკაშვილის რაიმე სახის ბრალეულობა. ადვოკატის განმარტებით, კანონთან სრულ შესაბამისობაშია 768-ე განკარგულება, რომლითაც, გირგვლიანის საქმეში მონაწილე პირების გარდა, იმდროინდელმა პრეზიდენტმა კიდევ სხვა 175 პირი შეიწყალა და მას ამის სრული უფლება ჰქონდა. შესაბამისად, ადვოკატი სოფიო გოგლიჩიძე პოლიტიკურ დევნაზე ლაპარაკობს:

„დღეს დაირღვა საქართველოს კონსტიტუცია... აღნიშნული გადაწყვეტილებით მოხდა სამართლებრივი ნორმების დარღვევა ... აშკარად იკითხება, რომ პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს მის მიმართ... შეუძლებელი იყო, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით დამდგარიყო მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი, რომ არ ყოფილიყო კანონს მიღმა გადაწყვეტილებები მიღებული“.

თუკი „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლების აზრით, სასამართლოს 5 იანვრის გადაწყვეტილებით სამართალმა იზეიმა და დამტკიცდა, რომ კანონის წინაშე იმუნიტეტით ვერც ყოფილი პრეზიდენტები სარგებლობენ,კრემლთან შეთანხმებულ პოლიტიკურ დევნაზე ლაპარაკობენ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები და მათი მომხრეები, რომლებმაც პარასკევს, სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ, დიდი აღშფოთება გამოხატეს და, განსაკუთრებით, საქმის პროკურორის, ირაკლი ნადარეიშვილის, მისამართით.

თავად ნადარეიშვილი კი აცხადებდა, რომ სასამართლოს 5 იანვრის განაჩენმა პროკურატურის მოლოდინი გაამართლა და წარმატებით გაგრძელდა გირგვლიანის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს 2011 წლის გადაწყვეტილების შემდეგ დაწყებული ხელახალი გამოძიების პროცესები:

„სტრასბურგის გადაწყვეტილება გახდა საფუძველი, რომ გირგვლიანის საქმეზე ჩატარებულიყო ხელახალი გამოძიება... რომლის შედეგების მიხედვითაც, დღესდღეობით გირგვლიანის საქმეზე უკვე რვა პირის მიმართ გამოტანილია გამამტყუნებელი განაჩენი, მათ შორის: პრეზიდენტ სააკაშვილის, შინაგან საქმეთა იმჟამინდელი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის, და სხვა მაღალჩინოსნების მიმართ“.

ის უფლებამოსილებები, რომლებიც მოქმედი ან ძველი წესებით პრეზიდენტს შეწყალებასთან დაკავშირებით აქვს, პრაქტიკულად აცლის საფუძველს, რომ ვისაუბროთ შეწყალების კონტექსტში კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევაზე. სხვა თემაა, კიდევ ერთხელ ვამბობ, როგორ ხედავდა ამას პროკურატურა და როგორ ასაბუთებს სასამართლო განაჩენში....
სულხან სალაძე

საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ მიხეილ სააკაშვილისთვის 2014 წლის ნოემბერში დაუსწრებლად წაყენებული ბრალის თანახმად, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებად მიიჩნეოდა ის ფაქტი, რომ, კუდ-ის ხელმძღვანელ დავით ახალაიასათვის წინასწარ მიცემული უკანონო დაპირების შესაბამისად, 2008 წელს, შეწყალების კომისიის გვერდის ავლით, მიხეილ სააკაშვილმა შეიწყალა და საპატიმრო სასჯელები გაუნახევრა 2006 წლის იანვარში მომხდარი მკვლელობის გამო მსჯავრდებულებს: გერონტი ალანიას, ალექსანდრე ღაჭავას, მიხეილ ბიბილურიძესა და ავთანდილ აფციაურს. 2009 წელს კი ამოქმედდა ვადამდე პირობით გათავისუფლების სამართლებრივი მექანიზმი და მსჯავრდებულები დაპატიმრებიდან 3 წლისა და 9 თვის შემდეგ გათავისუფლდნენ, მაშინ როცა მათ, სასამართლოს 2006 წლის ივლისის გადაწყვეტილების თანახმად, 7 და 8 წლით პატიმრობა ჰქონდათ შეფარდებული.

2011 წლის აპრილში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა სანდრო გირგვლიანის ოჯახის სარჩელი და დაადგინა, რომ გამოძიებას აშკარად აკლდა დამოუკიდებლობა, მიუკერძოებლობა და საფუძვლიანობა. სტრასბურგის სასამართლო აღნიშნავდა, რომ გაოგნებულია ხელისუფლების სხვადასხვა შტოს შეთანხმებული მოქმედებით, რათა მართლმსაჯულება არ აღსრულებულიყო.

ვიდრე 5 იანვრის განაჩენის დასაბუთებას გაეცნობა, რადიო თავისუფლებასთან წინასწარ შეფასებებს აკეთებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე სულხან სალაძე. მისი თქმით, ძალიან ძნელია იმის დასაბუთება, რომ საეჭვოა პრეზიდენტის შეწყალების აქტი:

სულხან სალაძე
სულხან სალაძე

„ჩვენ კონსტიტუციაც გვეუბნება და ის წესებიც, რომლებიც მაშინაც და დღესაც მოქმედებენ შეწყალების ნაწილში, რომ შეწყალების უფლებამოსილება ეს არის პრეზიდენტის ექსკლუზიური უფლებამოსილება, რომელიც არ საჭიროებს ვინმესთან დამატებით შეთანხმებას. უფრო მეტიც, პრეზიდენტს შეუძლია, ამ წესების გვერდის ავლითაც კი, ნებისმიერ ეტაპზე შეიწყალოს მსჯავრდებული. ის უფლებამოსილებები, რომლებიც მოქმედი ან ძველი წესებით პრეზიდენტს შეწყალებასთან დაკავშირებით აქვს, პრაქტიკულად აცლის საფუძველს, რომ ვისაუბროთ შეწყალების კონტექსტში კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევაზე. სხვა თემაა, კიდევ ერთხელ ვამბობ, როგორ ხედავდა ამას პროკურატურა და როგორ ასაბუთებს სასამართლო განაჩენში“.

თუმცა, მიუხედავად იმისა, რა დაიწერება განაჩენში, სულხან სალაძის თქმით, ეს თემა მაინც გახდება განხილვის საგანი, რადგანაც ეს პირდაპირ ნიშნავს იმას, რომ მომავალში შეიძლება გადაიხედოს პრეზიდენტის ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც შეწყალებასთან არის დაკავშირებული.

გასაჩივრდება თუ არა თბილისის საქალაქო სასამართლოს 5 იანვრის განაჩენი, ჯერჯერობით ცნობილი არ არის. როგორც ადვოკატმა სოფიო გოგლიჩიძემ 4 იანვარს უთხრა რადიო თავისუფლებას, დიდი მცდელობის მიუხედავად, მან კომუნიკაცია ვერ დაამყარა ვერც თავად მიხეილ სააკაშვილთან და ვერც მისი ოჯახის წევრებთან. შესაბამისად, მსჯავრდებული პირის თანხმობის გარეშე სახაზინო ადვოკატს, უბრალოდ, არა აქვს უფლება პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივროს.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG