Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გულში კლაასის ფერფლივით ანუ სიტყვა გურამის და სოსოს მეგობრებს, რიონის ხეობის მცველობაზე


ავტორი: ირაკლი ლომოური

ყოველ ჯერზე, როდესაც რიონის ხეობის მცველებზე და, უფრო ზოგადად, ჩვენს ქვეყანაში დიდი ჰესების მშენებლობის გეგმებზე ვიწყებ ფიქრს, მასხენდება ცხონებული გურამი და ცხონებული სოსო...

ჩემი თაობის თბილისელებს შორის, ალბათ, არ მოიძებნება ადამიანი, ვინც ვერ მიხვდება, ვინ ვიგულისხმე. ცალკე გურამი და ცალკე სოსო ბევრია, მაგრამ ერთად - მხოლოდ ეს ორი. ერთმანეთის ბიძაშვილები. ჩვენი არაჩვეულებრივი მეგობრები.

და რადგან ამ წერილს გურამის და სოსოს მეგობრებისთვის ვწერ, არ დავიწყებ იმის ახსნას, თუ ვინ იყვნენ: რა მაგრები!..

რატომ მახსენდება გურამი და სოსო რიონის ხეობის მცველებთან კავშირში?

2010 წელს სოფელ დერჩში, ხვამლის მთის პირისპირ, გურამისა და სოსოს მამულში, საგვარეულო სახლში გავიგე პირველად, რომ თურმე ხეობაში დიდი ჰესის აშენების გეგმა არსებობს. და რომ ეს პროექტი ჯერ კიდევ კომუნისტების დროინდელია.

გურამმა მითხრა: „110 მეტრის კაშხალი უნდათ ააშენონ. ეს თუ გაკეთდა, ჩათვალე, რომ ლეჩხუმი აღარ იარსებებს. უზარმაზარი წყალსაცავი გაჩნდება, სოფლები დაიტბორება, მიკროკლიმატი შეიცვლება, ჰაერი დანესტიანდება, ისედაც დამეწყრილი მიწა ამოძრავდება და წამოვა... ხვამლის მთა კირქვებისგან შედგება და ასეთ პირობებში, ადრე თუ გვიან, უბრალოდ, დაიშლება. ჰოდა, კაშხლის მშენებლობა თუ დაიწყეს, შევაკვდები, მაგრამ არ ავაშენებინებ!“

გურამის ნათქვამმა შემზარა. ისე იმოქმედა ჩემზე, რომ სამუდამოდ ჩამრჩა გულში, თუმცა მაშინ ბოლომდე ვერ წარმოვიდგინე, ვერ გავაცნობიერე - ეს უბედურება რეალურია... ვერ წარმოვიდგინე, რომ ეს სამოთხესავით მშვენიერი, დალოცვილი მხარე უნდა გაქრეს, რომ ეს გულიანი, თბილი, მართალი ხალხი აქედან უნდა აიყაროს და გადაიკარგოს...

ახლა ჩემს თავს ვადანაშაულებ, რომ სათანადოდ არ ვადევნებდი თვალყურს, ჰესებზე რა გადაწყვეტილებებს იღებდა ეს ჩვენი ე.წ. „დემოკრატიული“ ხელისუფლება (ჩემი მეგობრების უმეტესობის მსგავსად მეც ხომ არ ვერევი პოლიტიკაში - ჭირსაც წაუღია პოზიციაც და ოპოზიციაც!). არადა მახსოვს, როგორ მიხაროდა, როდესაც 2012 წლის არჩევნებზე “ქართულმა ოცნებამ“ თავის პროგრამაში ჩაწერა „ატომური ელექტროსადგურების და დიდი ჰესების მშენებლობის აკრძალვა“. გულუბრყვილოდ მჯეროდა - რადგან სიტყვა დადეს, კიდეც შეასრულებენ!

ახლა კი კატასტროფის წინაშე აღმოვჩნდით. გვერდზე დგომის დრო აღარაა. გურამისა და სოსოს ხათრით მაინც უნდა ამოვიღოთ ხმა, მეგობრებო! ეს ჩვენც გვეხება! ყველას გვეხება! რიონის ხეობაში, გუმათსა და ქუთაისში თუ ვერ ჩავდივართ, თბილისში, სახელმწიფო კანცელარიასთან მაინც მივიდეთ და სადღეღამისო აქციას შევუერთდეთ, თუნდაც ერთი ან ორი საათით - რიონის ხეობის მცველებს სოლიდარობა გამოვუცხადოთ!

ეს აქცია თბილისში 17 აპრილს, შაბათს დაიწყო. ფეისბუქზე ვნახე. 18 აპრილს, კვირა დღეს, საღამოს 5 საათისთვის ჩემი ცოლი ნანა და მე სახელმწიფო კანცელარიასთან მივედით.

როდესაც ინგოროყვას ქუჩაზე გადმოვედით ტაქსიდან, ძველი მეგობარი შეგვხვდა - გურამის, სოსოს და ჩემი საერთო, ძველი მეგობარი. ძალიან გაგვიხარდა შეხვედრა, რაც პანდემია დაიწყო, ერთმანეთი არ გვენახა. სად მიდიხარ? - მკითხა. ვუთხარი, სადაც მივდიოდით. შენც წამოდი-მეთქი! მიპასუხა: „მე მაგაზე სხვანაირად ვფიქრობ, ხო იცი!“ და თავის გზას გაუყვა...

ჩვენ კი მივედით იქვე შეკრებილ ოცდაათიოდე ახალგაზრდასთან, გავიცანით აქციის ორგანიზატორი ალექსანდრე პაიკიძე...

ვლაპარაკობდით, მაგრამ თავში მიტრიალებდა კითხვა - რა იგულისხმა ნეტავ? რას ფიქრობს „სხვანაირად“? რომ ქვეყანას სჭირდება დიდი ჰესების აშენება, ეკონომოკურად თუ ფინანსურად? თუ რომ ეს პოლიტიკაა და პოლიტიკაში არ ერევა? თუ ისედაც აზრი არ აქვს? ბავშვობაა ეგეთი პროტესტი? თუ?

მერე კი უცებ რატომღაც გამიელვა - გურამის და სოსოს სულები უთუოდ ხარობენ, როდესაც რიონის ხეობის მცველების სიმტკიცეს, შემართებასა და თავგანწირვის მზაობას ხედავენ...

მოკლედ, რატომ ვწერ ამ ყველაფერს?

ვაითუ ვიღაცამ იფიქროს, თუნდაც იმ მეგობარმა - ეს რა იძულებაა, რა ძალდატანება! შანტაჟს ჰგავს! რას მოითხოვ, პოლიტიკაში არ ვერევი და ბარიკადებზე არ დავძვრები! ან კი რა აზრი აქვს?

მეგობრებო, რასაც ვწერ, შანტაჟი არაა, ღმერთმა დამიფაროს! არც სპეკულირებაა გურამისა და სოსოს ნათელი ხსოვნით, და არც საჭირბოროტო საზოგადოებრივი თემით. და არც თავის გამოჩენის სურვილი.

მიზეზი სხვაა... მახსოვს და მაწუხებს გურამის ნათქვამი სიტყვები: „კაშხლის მშენებლობა თუ დაიწყეს, შევაკვდები, მაგრამ არ ავაშენებინებ!“

მახსოვს და მაწუხებს სოსოს ტკივილიანი, ჩუმი სევდითა და თავშეკავებული მღელვარებით აღსავსე საუბრები „ლეჩხუმის კლდედაღმართის“ (ეს სიტყვათშეთანხმება, უფრო სწორად, რიონის ხეობის ისტორიული სახელწოდება, ასევე სოსოსგან გავიგე) შესაძლო მომავლის შესახებ.

გურამი და სოსო დღეს რიონის მცველების გვერდით იდგებოდნენ, რადგან თვითონ იყვნენ (და არიან!) რიონის ხეობის, „ლეჩხუმის კლდედაღმართის“ და მთელი საქართველოს მცველები!

ამაში ბოლომდე, ასი პროცენტით რომ არ ვიყო დარწმუნებული, ამ წერილს არ დავწერდი...

გურამი და სოსო დღეს ცოცხლები რომ ყოფილიყვნენ, ასე მგონია, ჩვენი მეგობრებისთვის არ იქნებოდა საკითხავი, უნდა აშენდეს თუ არა ნამახვანჰესი. და გასარკვევი, უნდა ჩაერიონ თუ არა პირადად ამ ყველაფერში. და, ალბათ, ვერავინ ეტყოდა გურამსა და სოსოს: „მე მაგაზე სხვანაირად ვფიქრობ, ხო იცი!“

არსებობს მომენტები, როცა სხვანაირად ფიქრი დაუშვებელია! და შეუძლებელი! არადა...

მაშ, რატომ ვწერ ამ ყველაფერს?

მინდა რომ გურამის და სოსოს მეგობრები გამოფხიზლდნენ, გამოიღვიძონ, დადგნენ რიონის ხეობის მცველების მხარეს (ანუ გურამის და სოსოს მხარეს) და ხმამაღლა თქვან, რასაც ფიქრობენ! გამოხატონ პროტესტი! გამოხატონ თავისი პოზიცია! (სოციალურ ქსელებში წერა აღარაა საკმარსი).

ესაა და ეს.

ხოლო იმ მკითხველს, ვინც არ იცნობდა გურამსა და სოსოს, და ვერ მიხვედა, ვის ვგულისხმობ, ვეტყვი:

გურამ გაბიძაშვილი, არქეოლოგი, ხვამლის არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელი.

სოსო ბანძელაძე, არქიტექტორ-რესტავრატორი.

გულში კლაასის ფერფლივით.

--------------------
* კლაასი - შარლ დე კოსტერის რომანის, „ტილ ულენშპიგელის“ მთავარი გმირის მამის სახელი. ტილს მამის ფერფლი პარკით ჰქონდა გულზე ჩამოკიდებული. მუდმივად რომ ხსომებოდა.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG