Accessibility links

site logo site logo

"ამნისტიის კანონის" ოპოზიციის ვერსია - ვის ეხება და რა შემთხვევაში


დღეს მმართველი გუნდისა და ოპოზიციის პარტიების მიერ შემუშავებული ორი დამოუკიდებელი კანონპროექტი დარეგისტრირდა, რომელი 2019 წლის 19-21 ივნისში მონაწილე პირების ამნისტიას ითვალისწინებს. რადიო თავისუფლებამ ამ ეტაპზე მხოლოდ ოპოზიციის შემუშავებული დოკუმენტი მოიპოვა.

ვისზე ვრცელდება

კანონპროექტის მიხედვით, ნასამართლეობა მოეხსნება და პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდება ყველა ის პირი, რომელიც უკვე ბრალდებულია ან მსჯავრდებული სისხლის სამართლის კოდექსის შემდეგი მუხლებით:

  • 225-ე მუხლი - ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა ან მასში მონაწილეობა - ბრალდებულია ნიკა მელია და ბრალდებული იყო ირაკლი ოქრუაშვილი;
  • 333-ე მუხლი - ძალადობით ან იარაღის გამოყენებით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება თანამდებობის მქონე პირის მიერ. კანონპროექტში დათქმა, რომ ამნისტია არ უნდა გავრცელდეს პოლიტიკურ თანამდებობაზე მყოფ პირებზე - ამ ეტაპზე ბრალდებულია 3 სამართალდამცავი;
  • გარდა ამისა, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე: ხულიგნობაზე, პოლიციელის დაუმორჩილებლობასა და შეკრებისა და მანიფესტაციის წესის დარღვევაზე დაკისრებულ ჯარიმებზე, რომელიც ჯერ არ არის გადახდილი;
  • სხვა მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულზეც გავრცელდება ამნისტია იმ პირებზე, რომლებსაც არ დაეკისრებათ პასუხისმგებლობა ზემოთ ჩამოთვლილი მუხლებით;
  • სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის ბრალდებული პირების გასათავისუფლებლად აუცილებელი იქნება დაზარალებულების თანხმობა.

როგორ მოიხსნება ბრალდება ან გათავისუფლდება დაპატიმრებული პირი

  • ბრალდებულისთვის ბრალდების მოხსნაზე გადაწყვეტილებას იღებს პროკურორი, სასამართლოში მიმდინარე საქმეებზე კი მოსამართლე პროკურორის შუამდგომლობით. ამისთვის დოკუმენტი 72 საათს განსაზღვრავს;
  • პრობაციის რეჟიმში მყოფი ან არასაპატიმრო სასჯელით მსჯავრდებული პირის პირად საქმეს დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო გადაუგზავნის საქმის პირველად განმხილველ საქალაქო სასამართლოს 72 საათის ვადაში;
  • ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო და აღსრულების ბიურო წყვეტს საქმის წარმოებას.

უარის თქმა

"ამნისტიის პროექტის" მიხედვით, პირს, რომელსაც ამნისტია შეიძლება შეეხოს, უარის თქმის საშუალება ექნება. დოკუმენტში, რომელიც რადიო თავისუფლებამ მოიპოვა, გათვალისწინებულია კანონპროექტის გასაჩივრების მექანიზმიც.

"ბრალდებულ/მსჯავრდებულ პირს უფლება აქვს, პირადად ან მისი ადვოკატის მეშვეობით, მის მიმართ ამ კანონის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილება გაასაჩივროს ერთჯერადად, აღნიშნული გადაწყვეტილების მისთვის ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საკასაციო პალატაში", - ვკითხულობთ დოკუმენტში.

კანონის აღსრულება

კანონის აღსრულებისთვის მაქსიმუმ 1 თვის ვადაა გათვალისწინებული, დოკუმენტი კი ძალაში მისი მიღებისთანავე შედის.

უკვე რამდენიმე დღეა ოპოზიციასა და მმართველ პარტიაში ამნისტიის კანონზე დაიწყეს მუშაობა. კანონპროექტს ოპოზიცია მმართველი პარტიის გარეშე ვერ მიიღებს, "ქართულმა ოცნებამ" კი დოკუმენტის საკუთარი ვერსია დაარეგისტრირა.

ოპოზიციის ნაწილს მიაჩნია, რომ კანონი სამოქალაქო აქტივისტებსა და უკვე ბრალდებულ პოლიციელებზე უნდა გავრცელდეს და "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე გაათავისუფლოს პასუხისმგებლობისგან, მმართველი პარტია კი ფიქრობს, რომ ის თანაბრად უნდა გავრცელდეს ყველაზე, მათ შორის, სხვა მუხლებით გამოძიების დაწყების შემთხვევაშიც, თუმცა არა საერთაშორისო კონვენციით დაცულ მუხლებზე - ღირსების შელახვაზე ან არაადამიანურ მოპყრობაზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG