Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი ბრიტანეთსა და აშშ-ს „არაკეთილგანწყობილი ქვეყნების“ სიაში შეიყვანს, ამავე სიაში იქნება საქართველო


რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი მარია ზახაროვა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი მარია ზახაროვა.

რუსეთის ხელისუფლება დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ს ე.წ. „არაკეთილგანწყობილი ქვეყნების“ სიაში შეიყვანს. სიაში ასევე შევლენ ესტონეთი, ჩეხეთი, საქართველო, ლატვია, ლიეტუვა, პოლონეთი და უკრაინა, ასევე, სავარაუდოდ, ავსტრალია და კანადა. ამის შესახებ რუსეთის მედია იუწყება.

ამ სახელმწიფოებს აუკრძალავენ რუსეთის მოქალაქეების სამსახურში აყვანას რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე საელჩოებსა და საკონსულოებში.

საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ ეს სია პასუხია სხვა ქვეყნების მტრულ ქმედებებზე. მან ამ ზომას უწოდა რუსეთის „დაცვა“ „მტრული არამეგობრული აქციებისგან“.

28 აპრილს ევროპარლამენტმა გამოაქვეყნა რეზოლუციის პროექტი, რომელშიც ევროპელ დეპუტატთა ჯგუფი გამოვიდა წინადადებით, მკაცრი ზომები იქნეს შემოღებული რუსეთის საფინანსო-ეკონომიკური სისტემის საკვანძო მნიშვნელობის პუნქტების წინააღმდეგ.

დოკუმენტი შეიცავს მოწოდებას, რუსეთი გამოეთიშოს საგადასახადო სისტემა SWIFT -ს, შეჩერდეს „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მშენებლობა და უარი ითქვას რუსეთიდან ნავთობისა და გაზის იმპორტზე, ასევე გაიყინოს „რუსეთის ხელისუფლებასთან ახლოს მდგომი ოლიგარქების“ ევროპული აქტივები და მათ ვიზები გაუუქმდეთ.

გერმანიის ხელისუფლება მიიჩნევს, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ ეკონომიკური საკითხია და არა პოლიტიკური და მილსადენის მშენებლობის დასრულებას უჭერს მხარს.

მანამდე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთს მოეპოვება ბაზა SWIFT-ის ანალოგის შესაქმნელად.

თავის მხრივ, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ლიდერმა ჟოზეპ ბორელმა განაცხადა, რომ „რუსეთი ევროკავშირთან მიმართებაში ისე იქცევა, როგორც მოწინააღმდეგესთან“. ამის გამო, აღნიშნა მან, „ევროკავშირი უნდა მოემზადოს რთული მომენტებისთვის რუსეთთან ურთიერთობაში“. ხოლო ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკური სამსახურის წარმომადგენელმა პეტერ სტანომ მოსკოვთან სრულფასოვანი დიალოგი დაუკავშირა კრემლის მიერ უკრაინასთან დაკავშირებით ხელმოწერილი მინსკის შეთანხმებების შესრულებას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG