Accessibility links

site logo site logo

სუდანმა შეაჩერა რუსეთის სამხედრო-საზღვაო ბაზის მშენებლობა


სუდანის ხელისუფლებამ შეაჩერა თავისი ქვეყნის ტერიტორიაზე რუსეთის სამხედრო-საზღვაო ბაზის მშენებლობა და, როგორც არაბული საინფორმაციო საშუალებები იუწყებიან, ხართუმი ასევე დაბლოკავს ნებისმიერი ახალი რუსული სამხედრო გემის განთავსებას ფლამინგოს ყურეში.

ტელეკომპანია „ალ არაბიას“ ცნობით, სამხედრო ბაზის მშენებლობის თაობაზე ორ ქვეყანას შორის არსებული შეთანხმების მოქმედება შეჩერებულია მანამ, სანამ დოკუმენტს ქვეყნის საკანონმდებლო ორგანო არ დაამტკიცებს. ამ გადაწყვეტილების შესახებ ხართუმმა უკვე აცნობა მოსკოვს.

რუსეთის საელჩომ სუდანში განაცხადა, რომ სინამდვილეს არ შეესაბამება რუსეთის სამხედრო-საზღვაო ბაზის მშენებლობის შეჩერების თაობაზე მედიის მიერ გავრცელებული ცნობა და განმარტა, რომ ორ ქვეყანას შორის მიღწეული შეთანხმება ძალაში შევა მას შემდეგ, რაც მოხდება დოკუმენტის რატიფიცირება.

სუდანის ტერიტორიაზე, წითელი ზღვის ყურეში, რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტისათვის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის პუნქტის გახსნის თაობაზე ინფორმაცია ცნობილი გახდა 2020 წლის ნოემბერში.

აღნიშნული პროექტის განხილვა დაიწყო სუდანის ყოფილი პრეზიდენტის, დიქტატორ ომარ ალ-ბაშირის დროს, რომელიც სამხედრო გადატრიალების შემდეგად 2019 წელს დაამხეს. სუდანის ყოფილი დიქტატორი რუსული სამხედრო ბაზის მშენებლობას „აშშ-ის აგრესიული ქმედებებისგან დაცვის“ აუცილებლობით ხსნიდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG