„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ სამართლებრივი დახმარების პროგრამის დირექტორი ნონა ქურდოვანიძე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილი ცვლილებების კომენტირებისას ამბობს, რომ გაზრდილი სტატისტიკა არ ნიშნავს, წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის შემთხვევების რაოდენობა დიდია.
რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ მან განაცხადა, რომ ეს ნიშნავს იმას, რომ პოლიცია კანონმდებლობას არასწორად იყენებს, დაუსაბუთებლად წარადგენს ადამიანებს სასამართლოში და თავის მხრივ, პრობლემური კანონმდებლობის მიუხედავად, არც სასამართლოა მოწოდების სიმაღლეზე, რათა დაადგინოს მაღალი სტანდარტი და ამ ტიპის საქმეებზე შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენა მოითხოვოს. ნონა ქურდოვანიძე ამბობს, რომ კოდექსში შეტანილი ცვლილებების საფუძველზე, წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელების კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის შემთხვევების რაოდენობა არ შემცირდება.
„ხელისუფლების მიზანი ასე ჩანს, რომ შეკრების უფლების შეზღუდვისთვის მოხდა სანქციების გაზრდა, როგორც ჩანს. ესაა რაც აწუხებს ხოლმე ხელისუფლებას და რაც პრობლემებს უქმნის. მიზანი გასაგებია, მაგრამ ეს მიზანი ამ გზით მიიღწევა თუ არა ესეც საინტერესო კითხვაა. ჩვენ გვახსოვს 2018 წელს შეტანილი ცვლილებები ამავე მუხლებში. 2018 წლამდე სანქციები ჯარიმები იყო გაცილებით დაბალი. მათ შორის წვრილმან ხულიგნობაზე იყო 100 ლარი და მაშინ, როცა შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიცირებით მოხდა კანონპროექტის წარდგენა პარლამენტში, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი საუბრობდა იმაზე, რომ ჯარიმის გაზრდა შეამცირებდა ამ ტიპის ქმედებების რაოდენობას და სტატისტიკას. სტატისტიკა დაიწევდა და ეს იყო არგუმენტაცია, რატომაც ფიქრობდნენ, რომ სანქციები უნდა გაზრდილიყო.
მაგრამ ჩვენ დღეს ვხედავთ იგივეს, რომ პარლამენტი დღეს ინიცირებულ კანონპროექტში ასევე ასაბუთებს იმას, რომ ჯარიმების ზრდა შეამცირებს სტატისტიკას. როგორც ჩანს 2018 წელს განხორციელებულმა ზრდამ ეს სტატისტიკა არ შეამცირა და უფრო გაიზარდა შემთხვევები. ამიტომ ჯარიმების რაოდენობის გაზრდა სტატისტიკის შემცირებას არ გამოიწვევს. წარსულ ცვლილებებზე დაკვირვება ამას გვაჩვენებს“, - აღნიშნავს ნონა ქურდოვანიძე. მისი შეფასებით, სტატისტიკის შემცირება შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებებითაა შესაძლებელი:
„პოლიციას ახლა ჰგონია, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც ჩათვლის თვითონ არაგონივრულად, რომ ეს არის წვრილმანი ხულიგნობა ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა, აქვს უფლება დააკავოს პირი. არც არავინ ავალდებულებს მტკიცებულებების მოგროვებას. როცა ვალდებულება ექნება, სტატისტიკა მაშინ შემცირდება“, - აღნიშნა ნონა ქურდოვანიძემ „დილის საუბრებში“.
პარლამენტმა 29 აპრილს დაამტკიცა ცვლილებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, რითიც გამკაცრდა სანქციები წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის მოთხოვნის დაუმორჩილებლობისათვის და გაიზარდა ადმინისტრაციული პატიმრობის ვადები.
ცვლილებების თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლს ემატება მე-2 ნაწილი, რომლის მიხედვით, წვრილმანი ხულიგნობის ჩამდენი პირის მიერ ამ სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა გამოიწვევს დაჯარიმებას 1500-დან 2000 ლარამდე, ან 5-დან 15 დღემდე ადმინისტრაციულ პატიმრობას.
მოქმედი კოდექსით ეს მუხლი მხოლოდ ერთი ნაწილისგან შედგება და ითვალისწინებს 500-დან 1000 ლარამდე ჯარიმას, ან 15 დღემდე ადმინისტრაციულ პატიმრობას.
ცვლილებები შეეხო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლსაც. ცვლილების მიხედვით, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის და სხვა შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს წარმომადგენლის კანონიერი განკარგულებისადმი, ან მოთხოვნისადმი ერთხელ დაუმორჩილებლობა, ამ პირის სიტყვიერი შეურაცხყოფა, ან სხვა შეურაცხმყოფელი ქმედების ერთხელ ჩადენა გამოიწვევს დაჯარიმებას 2000-დან 3000 ლარამდე თანხით, ან 7-დან 15 დღემდე ადმინისტრაციულ პატიმრობას. ასეთი ქმედების განმეორებით ჩამდენს დაეკისრება 3500-დან 4500 ლარამდე ჯარიმა, ან 7-დან 15 დღემდე ვადით დააპატიმრებენ.
კოდექსის აქამდე მოქმედი რედაქციით, ეს მუხლი ითვალისწინებს 1000-დან 4000 ლარამდე ჯარიმას, ან 15 დღემდე ადმინისტრაციულ პატიმრობას.
კანონის გამკაცრებას მისი ინიციატორები იმით ხსნიან, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სახდელების მიუხედავად, 166-ე და 173-ე მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების შემთხვევები მზარდია.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების მესამე მოსმენით მიღებას აშშ-ის საელჩო საქართველოში კრიტიკული განცხადებით გამოეხმაურა:
„ჩვენ ძალიან იმედგაცრუებული ვართ მმართველი პარტიის მიერ დღეს საქართველოს ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილებების ნაჩქარევად მიღების გამო. ამ ცვლილებების დაჩქარებული წესით მიღება არასაჭირო და უსარგებლო იყო. ოპოზიციურ პარტიებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან სიღრმისეული კონსულტაციის ნაკლებობა აჩენს კითხვებს ამ ცვლილებების მიზანთან დაკავშირებით", - აცხადებს საელჩო.
დაწერეთ კომენტარი