Accessibility links

site logo site logo

რუსეთის ხელისუფლებამ ალექსეი ნავალნის რეგიონული ოფისები „ტერორისტულ და ექსტრემისტულ“ ორგანიზაციათა სიაში შეიტანა


ლეონიდ ვოლკოვი

რუსეთის ფინანსთა სამინისტრომ „ტერორისტულ და ექსტრემისტულ“ ორგანიზაციათა სიაში შეიყვანა პატიმრობაში მყოფი რუსი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის, მიერ დაარსებული რეგიონული ოფისები, რომლებიც წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობის მიზნით შეიქმნა.

ამის შესახებ ინფორმაციას შეიცავს 30 აპრილს რუსეთის საფინანსო მონიტორინგის სამსახურის, „როსფინმონიტორინგის“ მიერ განახლებული სპეციალური სია.

ერთი დღით ადრე, მოსალოდნელი სანქციებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის თავიდან აცილების მიზნით, ალექსეი ნავალნის თანამებრძოლმა, ლეონიდ ვოლკოვმა გამოაცხადა ნავალნის ორგანიზაციის რეგიონული ქსელის დახურვის შესახებ.

ამასთან, ნავალნის თანამებრძოლმა დასძინა, რომ არსებობს „ათობით ძლიერი რეგიონული მასშტაბის პოლიტიკოსი“, არსებობს ათასობით მიმდევარი და არაერთი ორგანიზაცია, რომლებიც ჩაატარებენ გამოძიებას და იმუშავებენ არჩევნების, საზოგადოებრივი კამპანიებისა და მიტინგების ორგანიზებაზე.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ პოლიციამ მოსკოვში დააკავა ივან პავლოვი, კრემლის ოპონენტის, ალექსეი ნავალნის კორუფციასთან ბრძოლის ფონდის ადვოკატი. მას ბრალად ედება გაჭიანურებულ გამოძიებებთან დაკავშირებული საიდუმლო ინფორმაციის გამხელა.

პავლოვი 20 წელიწადზე მეტია სპეციალიზებულია სახელმწიფოს ღალატის, ექსტრემიზმის და სახელმწიფო უშიშროების სამსახურებისგან მოქალაქეთა დაცვის საქმეებზე. იგი, სხვათა შორის, იცავს ივან საფრონოვს, ყოფილ ჟურნალისტს, "როსკოსმოსის" ხელმძღვანელის მრჩეველს, რომელსაც სახელმწიფოს ღალატი ბრალდება.

30 აპრილს მოსკოვის ლეფორტოვოს სასამართლომ 7 ივლისამდე გაუგრძელა საფრონოვს პატიმრობა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG