Accessibility links

site logo site logo

ზაზა გახელაძის ოჯახი ოპოზიციასთან შეხვედრას აპირებს


ზაზა გახელაძის ოჯახის წევრები პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ სოფელში უკმაყოფილონი დაბრუნდნენ. სალომე ზურაბიშვილმა მათ ორბელიანების სასახლეში უმასპინძლა და გახელაძის გათავისუფლების საქმეზე მხოლოდ ის უთხრა, რაც აქამდე ისედაც ცნობილი იყო - უთხრა, რომ საქართველოს ხელისუფლება ცხინვალის ციხიდან პატიმრის გასათავისუფლებლად ჟენევის დისკუსიისა და „ინციდენტების პრევენციის“ ფორმატში მუშაობს. გახელაძის ოჯახის წევრებმა საქართველოს პრეზიდენტს სთხოვეს, იქნებ ეს საკითხი აბაშიძე-კარასინის ფორმატშიც განიხილონო, რაზეც პრეზიდენტი საკითხში გარკვევას დაჰპირდა. ზაზა გახელაძის ცოლმა, ირმა ბუთხუზმა, რადიო თავისუფლებას შეხვედრის დეტალები უამბო. მისი აზრით, პრეზიდენტს არა აქვს შესაბამისი ბერკეტები, რომ პროცესზე გავლენა მოახდინოს, ამიტომ ოჯახი საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის მოლოდინშია. გარდა ამისა, ირმა ბუთხუზი ამბობს, რომ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთანაც გაივლის კონსულტაციას, სააღდგომო დღესასწაულების გასვლის შემდეგ კი საპროტესტო აქციებისთვის მოემზადებიან.

საქართველოს პრეზიდენტთან უშედეგო შეხვედრით აღშფოთებული არიან ზაზა გახელაძის მეზობლები და ახლობლები. ისინი ოჯახს სოლიდარობას უცხადებენ და მზად არიან ნებისმიერ დროს საპროტესტო აქციაზე გავიდნენ.

ზაზა გახელაძის ოჯახი საპროტესტო აქციებს გეგმავს
please wait

No media source currently available

0:00 0:02:18 0:00

29 აპრილს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა სამხრეთ კავკასიაში ეუთოს შვედეთის თავმჯდომარეობის სპეციალურ წარმომადგენელთან, ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარე ანიკა სოდერთან შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული მდგომარეობა, ასევე 2021 წლის 27 აპრილს ერგნეთში გამართული „ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის“ (IPRM) შეხვედრის შედეგები.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების, მათ შორის ზაზა გახელაძის საკითხს. მხარეების მიერ ხაზგასმით აღინიშნა უკანონოდ დაკავებულ პირთა დაუყოვნებლივ გათავისუფლების უზრუნველსაყოფად სხვადასხვა ფორმატის გამოყენებით, მათ შორის იპრმ-ის ფარგლებში ერთობლივი ძალისხმევის გაგრძელების აუცილებლობა.

9 თვეა, გახელაძის ოჯახს ხელისუფლების წარმომადგენლებისგან ესმის, რომ საქართველოს მთავრობა ცხინვალის ციხეში მყოფი საქართველოს მოქალაქეების გასათავისუფლებლად მუშაობს და ყოველ შეხვედრაზე დიალოგის გაგრძელებაზე თანხმდებიან, ზაზა გახელაძის დედისა და ცოლისთვის კი ეს დიალოგი უშედეგოდ და უსასრულოდ გრძელდება.

33 წლის ზაზა გახელაძე საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა გასული წლის 11 ივლისს კასპის მუნიციპალიტეტში, სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე, უკანონოდ დააკავეს. დაკავებისას ე. წ. მესაზღვრეებმა გახელაძე ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ფეხში დაჭრეს და უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება. 5 თებერვალს ე. წ. სასამართლომ ზაზა გახელაძეს 12 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 293 დღეა, ოჯახი ზაზა გახელაძის გათავისუფლებას უშედეგოდ ითხოვს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG