Accessibility links

site logo site logo

ირათან ბირთვული შეთანხმების გარშემო მოლაპარაკებაზე წინსვლას სხვადასხვაგვარად აფასებენ მონაწილეები


This handout photo taken and released on May 1, 2021 by the EU Delegation in Vienna shows delegation members from the parties to the Iran nuclear deal - Germany, France, Britain, China, Russia and Iran – attending a meeting at the Grand Hotel of Vienna as

ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ 2015 წლის შეთანხმების მონაწილე ქვეყნების მაღალი რანგის წარმომადგენლებმა ვენაში გამართეს მოლაპარაკება, რომლის მიზანი ამ საეტაპო შეთანხმებაში ამერიკის შეერთებული შტატების დაბრუნებაა.

ჩინეთის, გერმანიის, საფრანგეთის, რუსეთისა და ბრიტანეთის, ასევე ირანის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა 1 მაისს გამართეს მოლაპარაკება ავსტრიის დედაქალაქში.

"ჩვენ ბევრი სამუშაო გვაქვს და ცოტა დროა დარჩენილი. ამის ფონზე, ამ კვირაში, უფრო მეტი წინსვლის იმედი გვქონდა", აღნიშნეს თავიანთ განცხადებაში მაღალჩინოსანმა დიპლომატებმა ე.წ. E3-ის, საფრანგეთის, ბრიტანეთისა და გერმანიის წარმომადგენლებმა.

ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ისინი იმედოვნებენ, რომ შეთანხმებას მიაღწევენ 21 მაისამდე, როცა თეირანსა და გაერთიანებული ერების ბირთვული კონტროლის ორგანიზაციას შორის შეთანხმებას - ირანის ბირთვულ პროგრამაზე მონიტორინგის გაგრძელების შესახებ - ვადა გაუვა.

"ჩვენ არ უნდა ველოდოთ გარღვევას ამ უახლოეს დღეებში", განუცხადა ჟურნალისტებს ატომური ენერგეტიკის ორგანიზაციაში რუსეთის ელჩმა, მიხაილ ულიანოვმა, შეხვედრის შემდეგ, რომლითაც დასრულდა მოლაპარაკებების მესამე რაუნდი, და დასძინა, რომ მოლაპარაკებები 7 მაისს განახლდება. „უნდა გავაგრძელოთ დიპლომატიური, ყოველდღიური სამუშაო. ყველა საფუძველი გვაქვს, მოველოდეთ, რომ საბოლოო შედეგი იქნება წარმატებული და ის საკმაოდ მალე დადგება, რამდენიმე კვირაში“, განაცხადა ულიანოვმა, რომელმაც ერთ-ერთი ყველაზე ოპტიმისტური შეფასება მისცა მოლაპარაკებას.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, აბას არაყჩიმ, ირანის მედიას განუცხადა, რომ ამ ეტაპზე იმ საკითხებში, რომლებშიც მხარეებს აზრთა სხვადასხვაობა ჰქონდათ, უკეთესად გაარკვიეს ერთმანეთი. „გვაქვს გარკვეული ტექსტი, რომელიც შევათანხმეთ მოლაპარაკების შედეგად და ახლა ვმუშაობთ ცალკეულ სიტყვებზე, ფრაზებზე, წინადადებებსა და აბზაცებზე. არაა იოლი სამუშაო, შრომატევადი საქმეა... და ამიტომ წინსვლა ნელია, რაც ბუნებრივია“, - თქვა არაყჩიმ, რომელიც შეეხო სანქციების თემასაც: „...სანქციები ერთობ სერიოზული საკითხია და ჩვენთვის, ფაქტობრივად, ყველაზე მნიშვნელოვანი“, თქვა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა და დასძინა, რომ თეირანი მოელის აშშ-სგან სანქციების ფართო რიგის გაუქმებას, სხვათა შორის, ნავთობის, საბანკო სფეროში, კერძო პირების და ორგანიზაციების მიმართ.

2015 წლის ირანის ბირთვული შეთანხმება გულისხმობდა თეირანის ბირთვული პროგრამის შეზღუდვას მისთვის დაწესებული სანქციების გაუქმების სანაცვლოდ. 2018 წელს აშშ-მა დატოვა შეთანხმება და ირანს ახალი სანქციები დაუწესა. ამის საპასუხოდ ირანმა ეტაპობრივად დაიწყო შეთანხმების პირობების დარღვევა. ვაშინგტონის ახალ ადმინისტრაციას სურს, ბირთვულ შეთანხმებას კვლავ შეუერთდეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG