Accessibility links

site logo site logo

ევროკომისია გამოდის წინადადებით, უცხოელებისთვის შემსუბუქდეს ევროკავშირში მოგზაურობა


ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანო, ევროპის კომისია ორშაბათს გამოვიდა წინადადებით, რომ უცხოეთის მოქალაქეები, რომლებსაც COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია სრულად აქვთ ჩატარებული, ასევე იმ ქვეყნების მოქალაქეები, სადაც კარგი ეპიდემიოლოგიური სიტუაციაა, ევროკავშირში დამატებითი შეზღუდვების გარეშე შეუშვან.

ევროკავშირი ამჟამად თავის ტერიტორიაზე შესვლის უფლებას მხოლოდ რამდენიმე ქვეყნის მოქალაქეებს აძლევს არდადეგებისთვის ან სხვა არაგადაუდებელი მიზეზებით. ევროკომისიის წინადადების საფუძველზე ეს სია შეიძლება გაფართოვდეს.

„ევროპის კომისია გამოდის წინადადებით, ევროკავშირში არაგადაუდებელი მიზეზით შესვლის უფლება მიეცეთ არა მხოლოდ პირებს კარგი ეპიდემიოლოგიური ვითარების მქონე ქვეყნებიდან, არამედ ყველას, ვისაც გაკეთებული აქვს ევროკავშირში ავტორიზებული ვაქცინის უკანასკნელი რეკომენდებული დოზა,“ ნათქვამია ევროკომისიის განცხადებაში.

„ეს შეიძლება გავრცელდეს ვაქცინებზე, რომლებმაც გაიარეს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ საგანგებო ვითარებაში გამოყენების სიაში შეტანის პროცესი. გარდა ამისა, კომისია გამოდის წინადადებით, ამაღლდეს COVID-19-ის ახალი შემთხვევების დაშვებული მაქსიმუმი, რაც გამოიყენება იმ ქვეყნების სიის განსაზღვრისთვის, რომლებიდანაც ყველანაირი მოგზაურობა შეიძლება იქნეს ნებადართული,“ აცხადებს ევროკომისია და დასძენს, რომ ამას სიის გაფართოება უნდა მოჰყვეს.

კორონავირუსის ახალი ვარიანტების იმპორტის თავიდან ასაცილებლად ევროკომისია გამოვიდა ასევე ახალი „საგანგებო მუხრუჭის“ წინადადებით, რომელიც იმ ქვეყნებიდან მოგზაურობაზე აკრძალვებს დააწესებს, სადაც ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად უარესდება.

ევროკომისიის ახალი წინადადების დასანერგად საჭიროა ევროკავშირის წევრი ქვეყნების თანხმობა. ისინი წინადადების განხილვას სამშაბათს დაიწყებენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG