Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თალიბანის ექსტრემისტებმა ავღანეთის დასავლეთში დახოცეს 15 სამხედრო


ავღანეთის არმიის სულ მცირე 15 სამხედრო ემსხვერპლა თალიბანის თავდასხმებს ორ პროვინციაში, იმ ფონზე, როცა ქვეყანაში ძალადობა გახშირებულია, 20-წლიანი კონფლიქტის დასასრულებლად ორ მხარეს შორის მიმდინარე მოლაპარაკება კი შეჩერებული.

დასავლეთის პროვინციის, ფარას გუბერნატორი, ტაჯ მოჰამად ჯაჰიდი აცხადებს, რომ 2 მაისს სულ მცირე შვიდი ჯარისკაცი დახოცეს თავდასხმის დროს. გავრცელებული ცნობებით, ექსტრემისტებმა ერთ-ერთ სოფელში საგუშაგო სადურზე მოაწყვეს აფეთქება. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა იკისრა თალიბანმა, რომელიც ამბობს, რომ საგუშაგოდან იარაღი წაიღო.

ჩრდილო-დასავლეთის პროვინცია ჰერატში თალიბანის 100-ზე მეტმა სამხედრომ მოაწყო შეტევა, რომელიც დაიწყო ორი დანაღმული მანქანის აფეთქებით, - იუწყებიან ოფიციალური პირები. გავრცელებული ცნობებით, შეტაკებებს შეეწირა უსაფრთხოების ძალების რვა წევრი, დაიჭრა ოთხი.

ძალადობის ამ ბოლო შემთხვევების ფონია აშშ-ის არმიის მიერ 1 მაისს ოფიციალურად დაწყებული, ავღანეთიდან გასვლის პროცესი.

2 მაისს ავღანეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ 100-ზე მეტი ექსტრემისტი დაიხოცა და 50-ზე მეტი დაიჭრა ბოლო ორი დღის განმავლობაში - თუმცა დეტალები არ დაუკონკრეტებია იმის შესახებ, მიადგა თუ არა მსხვერპლი სამთავრობო ძალებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG