Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამირან გამყრელიძე: ინდური შტამის ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა არ გვაქვს


ამირან გამყრელიძე
ამირან გამყრელიძე

საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის ინდური შტამის გავრცელება საქართველოში ლუგარის ლაბორატორიის მონაცემებით არ დასტურდება. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე მან განაცხადა, რომ საქართველოში, ისევე როგორც მთლიანად ევროპაში, ძირითადად გავრცელებულია ბრიტანული შტამი და ინდურ შტამზე დიდი აჟიოტაჟის ატეხვა საჭირო არ არის:

„ალბათობა იმისა, რომ იყოს ქვეყანაში, ნამდვილად არის, მაგრამ ძირითადად ჯერჯერობით, რასაც ჩვენ ვასეკვენირებთ და ვიკვლევთ შტამებს, ძირითადად არის ბრიტანული შტამი“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ და არგუმენტად მოიყვანა ასევე „ჯანმრთელობის გაზომვათა ინსტიტუტის“ განახლებული მონაცემები:

„ჯანმრთელობის გაზომვათა ინსტიტუტი", იცით, გვეხმარება პროგნოზირებაში, მისი მონაცემებითაც საქართველოში ძირითადად დომინანტია ბრიტანული შტამი, რომელიც ახდენს სხვა შტამების სუპრესიას. ანუ ძირითადად დომინირებს ბრიტანული შტამი, ისევე როგორც მთლიანად ევროპაში“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, ლადო კახაძის თანახმად, საქართველოში კორონავირუსის "ინდური შტამის" რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა.

საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 20 პაციენტი.

სამთავრობო საიტ stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, ბოლო 24 საათში ჩატარებული 9790 ტესტირებიდან გამოვლენილია კორონავირუსის 788 შემთხვევა.

გასული დღე-ღამის განმავლობაში 1206-ით გაიზარდა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი.

2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 313 742 შემთხვევა. მათგან 295 458 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 4183 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG