Accessibility links

site logo site logo

ზაზა გახელაძის ოჯახმა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრები დაიწყო 


უქმე დღეების დასრულების შემდეგ საპროტესტო აქციების დაწყებას და ცხინვალის ციხის პატიმრის უპირობო გათავისუფლებას მოითხოვენ ზაზა გახელაძის ოჯახის წევრები. დაკავებულის ოჯახის წევრებმა სურვილი გამოთქვეს როგორც ხელისუფლების ისე ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრისა. რამდენიმე დღის წინ მათ საქართველოს პრეზიდენტმა უმასპინძლა, თუმცა ზაზა გახელაძის ოჯახის წევრები თბილისიდან უკმაყოფილოები დაბრუნდნენ, რადგან პრეზიდენტმა მათ დახმარება ვერ აღუთქვა.

ზაზა გახელაძის ოჯახს დღეს, 4 მაისს, პოლიტიკური გაერთიანების „სტრატეგია აღმაშენებლის" წარმომადგენლები თეონა აქუბარდია და სერგო ჩიხლაძე ესტუმრნენ. პარლამენტარ თეონა აქუბარდიას თქმით, ყველა ტრიბუნა უნდა იყოს გამოყენებული იმისათვის, რომ გახელაძის გათავისუფლების საკითხი დღის წესრიგიდან არ მოიხსნას.

საერთაშორისო უსაფრთხოების ექსპერტმა აღნიშნა, რომ აუცილებელია ქვეყანას ჰქონდეს ანტისაოკუპაციო პოლიტიკა, რომლითაც რუსეთის აგრესიისგან დაზარალებული მოქალაქეების უფლებები იქნება დაცული.

„მიუხედავად არაერთი მოლოდინისა, რომ ზაზა გახელაძე გათავისუფლდებოდა, ის კვლავ პატიმრობაში რჩება. ვხედავთ, რომ რუსეთი კიდევ უფრო აგრესიულია. ამის საწინააღმდეგოდ კი, ქვეყანას, მოქმედების კონკრეტული გეგმა არ გააჩნია. საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით უნდა იყოს მეტი ძალისხმევა გამოყენებული იმისათვის, რომ შევაჩერით რუსეთის აგრესია", - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

ოჯახის წევრების თქმით, უახლოეს ხანებში ისინი საპროტესტო აქციების გამართვას გეგმავენ. მანამდე კი პარლამენტში შესულ სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებსაც შეხვდებიან. ზაზა გახელაძის ცოლი ირმა ბუთხუზი ამბობს, რომ ქვემო ჭალის გარშემო 7 სოფელია. შვიდივე სოფლის მოსახლეობა მათ სოლიდარობას უცხადებს და საპროტესტო აქციაზე გამოსასვლელად მზადყოფნას გამოთქვამს.

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალის მცხოვრები ზაზა გახელაძე 2020 წლის ზაფხულში ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს და ე.წ. საზღვრის დარღვევისთვის დააკავეს. მოგვიანებით მას სამხედრო მოსამსახურის მკვლელობის მცდელობის ბრალდებაც წაუყენეს. 2021 წლის თებერვალში ცხინვალის დე ფაქტო სასამართლომ ზაზა გახელაძეს 12 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG