Accessibility links

site logo site logo

დღეს იწყება  „ასტრაზენეკას“ ვაქცინის მეორე დოზისთვის რეგისტრაცია


დღეიდან, 5 მაისიდან „ასტრაზენეკას“ ვაქცინის მეორე დოზისთვის რეგისტრაცია იწყება. რეგისტრაცია შესაბამის პორტალზე 20 საათიდან იქნება შესაძლებელი. მოქალაქეებს „ასტრაზენეკას“ მეორე დოზის გასაკეთებლად დარეგისტრირება ნებისმიერ დაწესებულებაში შეუძლიათ, პირველი აცრიდან 4-12 კვირის ინტერვალში.

დარეგისტრირებული პირები აცრის ჩატარებას 10 მაისიდან შეძლებენ.

„ასტრაზენეკა“ - კომპანია AstraZeneca-ს და ოქსფორდის უნივერსიტეტის მიერ შემუშავებული ვაქცინაა, რომლის ეფექტიანობაც 63%-დან 82,4%-მდე მერყეობს. აცრა ტარდება ორ დოზად - 6-12 კვირის ინტერვალში. პირველადი აცრა საქართველოში 15 მარტიდან დაიწყო.

5 აპრილიდან ამ ვაქცინით აცრა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ფარგლებში მხოლოდ 55 წლის ასაკს ზემოთ მყოფ მოქალაქეებს შეუძლიათ ისევე, როგორც დიალიზზე მყოფ და ორგანოგადანერგილ პაციენტებს. ასაკობრივი შეზღუდვა არ ვრცელდება მათზე, ვინც პირველი დოზით აცრა ასტრაზენეკის ვაქცინით ჩაიტარა.

საქართველოში „ასტრაზენეკას“ პირველი 43 200 დოზა 13 მარტს შემოვიდა. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განმარტებით, „ასტრაზენეკათი“ აცრილია 25 500-მდე ადამიანი და ჯავშანი პირველ აცრაზე კიდევ 10 ადამიანს აქვს გაკეთებული. მისივე განმარტებით, ასტრაზენეკას 43 000 დოზა 6 მაისს შემოვა.

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია საქართველოში 15 მარტიდან დაიწყო და პირველ ეტაპზე გავრცელდა სამედიცინო პერსონალსა და 65 წელს გადაცილებულ მოქალაქეებზე. 5 აპრილიდან, კოვიდინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთება შეუძლიათ 55 წლის ასაკს ზემოთ მყოფ მოქალაქეებს, ასევე, დიალიზზე მყოფ და ორგანოგადანერგილ პაციენტებს.

დღეს ქვეყანაში აცრა სამი ტიპის ვაქცინითაა შესაძლებელი - „ფაიზერით“, „ასტრაზენეკათი“ და „სინოფარმით“. ამ უკანასკნელით ვაქცინაცია 4 მაისიდან 18 წლის ზემოთ მოქალაქეებისთვის დაიწყო.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ვენტრის თანახმად, 5 მაისის მონაცემებით საქართველოში სულ 47 949 აცრა ჩატარდა. აქედან სრულად აცრილია 7009 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG