Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყირგიზეთის პრეზიდენტმა ჟაპაროვმა დაამტკიცა კონსტიტუცია, რომელიც ზრდის მის უფლებამოსილებებს


ყირგიზეთის პრეზიდენტი სადირ ჟაპაროვი
ყირგიზეთის პრეზიდენტი სადირ ჟაპაროვი

ყირგიზეთის პრეზიდენტმა სადირ ჟაპაროვმა დაამტკიცა ახალი კონსტიტუცია, რომელიც აფართოებს მის უფლებამოსილებებს და ცვლის ქვეყნის პოლიტიკურ სისტემას. საპარლამენტო რესპუბლიკა საპრეზიდენტო გახდება. ჟაპაროვი აცხადებს, რომ პოლიტიკური კრიზისიდან გამოსასვლელად ქვეყანას ძლიერი ლიდერი სჭირდება.

ყირგიზეთში ახალი კონსტიტუციის თაობაზე 11 აპრილს გაიმართა რეფერენდუმი. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თანახმად, ძირითად კანონში ცვლილებებს მოსახლეობის 80%-მა დაუჭირა მხარი. მაგრამ ამომრჩეველთა აქტიურობა მხოლოდ 36%-ს შეადგენდა.

მიღებული ცვლილებები შეამცირებს პარლამენტის როლს პრეზიდენტის უფლებამოსილებათა გაზრდის სანაცვლოდ. ახალი კონსტიტუციით, სახელმწიფოს მართვის მთავარი პასუხისმგებლობა დაეკისრება პრეზიდენტს, რომელიც განსაზღვრავს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკას, მთავრობის შემადგენლობას, ასევე საოლქო ადმინისტრაციებში დანიშნავს უფლებამოსილ წარმომადგენლებს.

ყირგიზეთის ოპოზიცია და დამოუკიდებელი იურისტები ეწინააღმდეგებიან საკონსტიტუციო ცვლილებებს. ისინი შიშობენ, რომ რეფორმამ ქვეყანა ავტორიტარიზმამდე შეიძლება მიიყვანოს. ამჟამად პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადა 6-დან 10 წლამდე გაიზარდა. გარდა ამისა, ახალი კონსტიტუცია პარლამენტს ართმევს პრეზიდენტის შეკავების საშუალებას და ართულებს მისი იმპიჩმენტის პროცედურას. ახლა პრეზიდენტის გადადგომას მხარი უნდა დაუჭირონ სახელმწიფო მოხელეებმაც, რომლებსაც სახელმწიფოს მეთაური პირადად ნიშნავს.

კონსტიტუციის ტექსტიდან ამოიღეს ასევე სიტყვები, რომ ძირითადი კანონის მიზანია დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობა, რომლის მთავარი ღირებულება არის ადამიანი. ახლა მოქალაქეებს სთავაზობენ წინაპრების ტრადიციებით და ბუნებასთან ჰარმონიაში ცხოვრებას. ხელისუფლებას კი, ფაქტობრივად, ცენზურის უფლება ენიჭება, თუკი მედია შეეწინააღმდეგება ქვეყნის ღირებულებებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG