Accessibility links

site logo site logo

როგორი ინტერვალია საჭირო „ასტრაზენეკა"-თი მე-2 დოზით ასაცრელად - გამყრელიძის განმარტება


ამირან გამყრელიძე

საქართველოში დაიწყო რეგისტრაცია „ასტრაზენეკა"-ს (Oxford-AstraZeneca) ვაქცინის მეორე დოზის მისაღებად. აცრის გაკეთება კი 10 მაისიდან იქნება შესაძლებელი. ინფორმაციაში, რომელიც დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა (NCDC) გამოაქვეყნა, ნათქვამია, რომ დოზებს შორის ინტერვალი 4-12 კვირაა.

ბრიტანელი ექიმებისთვის განკუთვნილ „ასტრაზენეკა"-ს გაიდლაინში კი ვკითხულობთ, რომ, რაც უფრო დიდია ინტერვალი დოზებს შორის, მით უფრო მაღალია ვაქცინის ეფექტიანობის მაჩვენებელი.

პირველი დოზის მიღებიდან 6 კვირის თავზე გაკეთებულმა ვაქცინის მეორე დოზამ აჩვენა დაახლოებით 55%-იანი ეფექტი;

  • 6-8 კვირა - თითქმის 60%;
  • 9-11 კვირა - 72%-ზე მეტი;
  • 12 კვირა - 80%.

მეორე დოზით ასაცრელად 8-12-კვირიანი ინტერვალის დაცვის რეკომენდაციას იძლევა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაც.

რადიო თავისუფლება ელაპარაკა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის გენერალურ დირექტორს ამირან გამყრელიძეს. მისი განმარტებით, „ასტრაზენეკა"-ს ვაქცინის მეორე დოზის გასაკეთებლად ინსტრუქციით არის გათვალისწინებული 4-12 კვირა. ამავე დროს, გამყრელიძის თქმით, დაავადებათა კონტროლის ცენტრი მეორე დოზით აცრისთვის 8-12-კვირიანი ინტერვალის დაცვის რეკომენდაციას იძლევა.

„ინსტრუქციით არის 4-12 კვირა. ხოლო, ბევრი საერთაშორისო კვლევით, მათ შორის, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის და თვითონ ბრიტანეთის ბევრი კვლევით, დადგენილია, რომ ეფექტი აქვს მეორე, ბუსტერულ დოზას თუ ის კეთდება 8-12 კვირის შემდეგ", - აღნიშნა გამყრელიძემ და დაამატა, - „NCDC-ს „ფეისბუკის" გვერდზე 4-12 კვირა წერია ისე, როგორც ინსტრუქციაში. შეუძლიათ 4-დან, მაგრამ ამავე დროს ვაძლევთ რეკომენდაციას, რომ სჯობს გაკეთდეს 8-12 კვირის განმავლობაში".

პორტალზე booking.moh.gov.ge „ასტრაზენეკა"-ს ვაქცინის მეორე დოზით ასაცრელად მოქალაქეთა ნაწილს ჯერჯერობით მაქსიმუმ 10 კვირის ინტერვალით შეუძლიათ დარეგისტრირება.

„მართალი გითხრათ მე IT არ ვარ, დაურეკეთ ხვალ IT სამსახურის უფროსს და გეტყვით", - ამბობს გამყრელიძე. მისი თქმით, შესაძლებელი იქნება 12 კვირის ინტერვალით დარეგისტრირებაც. „არავინ არ დარჩება მეორე დოზის გარეშე, ნუ ინერვიულებს ნურავინ, ყველას გაუკეთებენ", - გვითხრა გამყრელიძემ.

4 მაისს იმუნოლოგმა თქვა, რომ საქართველოში "ასტრაზენეკას" ვაქცინის გაფუჭების რისკი არ არსებობს. 43,2 ათას ვაქცინას ვადა მაისის ბოლოს ეწურება, ამ ეტაპზე კი აცრილია 25,5 ათას პირამდე.

"ასტრაზენეკას" ვაქცინაზე ადგილი დაჯავშნილი აქვს კიდევ 10 ათას ადამიანს, ამიტომ არ მგონია, რომ ჩვენ პრობლემა გვქონდეს ათვისებასთან დაკავშირებით", - თქვა გამყრელიძემ და აღნიშნა, რომ ქვეყანა ამ წარმოების ვაქცინის 43 ათას დოზას ელოდება, რომელიც მოქალაქეების მეორედ ვაქცინაციისთვის იქნება გამოყოფილი.

„ასტრაზენეკა“ - კომპანია AstraZeneca-ს და ოქსფორდის უნივერსიტეტის მიერ შემუშავებული ვაქცინაა, რომლის ეფექტიანობაც 63%-დან 82,4%-მდე მერყეობს. აცრა ტარდება ორ დოზად. პირველადი აცრა საქართველოში 15 მარტიდან დაიწყო.

5 აპრილიდან ამ ვაქცინით აცრა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ფარგლებში მხოლოდ 55 წლის ასაკს ზემოთ მყოფ მოქალაქეებს შეუძლიათ ისევე, როგორც დიალიზზე მყოფ და ორგანოგადანერგილ პაციენტებს. საქართველოში „ასტრაზენეკას“ პირველი 43 200 დოზა 13 მარტს შემოვიდა - მაშინ ვაქცინა მხოლოდ მედპერსონალისთვის იყო განკუთვნილი. ამის შემდეგ ქვეყანაში „ასტრაზენეკას“ რაოდენობაზე სხვადასხვა განცხადებები გაკეთდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG