Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სახელმწიფო დეპარტამენტი: აშშ და უკრაინა სტრატეგიული პარტნიორები არიან


აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის კიევში ვიზიტის წინ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ შეერთებული შტატები "მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას".

ბლინკენი უკრაინის დედაქალაქში ვიზიტისას შეხვედრებს გამართავს პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან, პრემიერ მინისტრთან დენის შმიგალთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან დმიტრო კულებასთან. განცხადების თანახმად, ენტონი ბლინკენი აპირებს "ხაზი გაუსვას შეერთებული შტატების ურყევ მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, რუსეთის აგრესიის ფონზე".

სახელმწიფო დეპარტამენტი ხაზს უსვამს ასევე იმას, რომ შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის ძალისხმევას ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ და მის მისწრაფებებს, ააშენოს ქვეყნის ყველა მცხოვრებლისთვის წარმატებული, უსაფრთხო და დემოკრატიული მომავალი.

წერილში ვაშინგტონი შეშფოთებას გამოხატავს რუსეთის მხრიდან უკრაინის მიმართ აგრესიული ქმედებებისა და რიტორიკის გამო, მათ შორის ანექსირებული ყირიმის ან უკრაინის საზღვრების გარშემო რუსული ჯარების ყოფნის გაზრდით.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ შეერთებული შტატები არ ცნობს და არ აპირებს აღიაროს რუსეთის მიერ უკრაინის ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსია და მოსკოვს მოუწოდებს დაუბრუნოს კიევს ყირიმის სრული კონტროლი. გარდა ამისა, რუსეთმა ”უნდა შეასრულოს მინსკის შეთანხმებებით ნაკისრი ვალდებულებები და კეთილსინდისიერად იმუშაოს აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტის დასრულების და უკრაინის სუვერენიტეტის აღსადგენად”.

ცალკე აღნიშნულია რეფორმები, რომლებიც მიზნად ისახავს დემოკრატიული ინსტიტუტების შექმნას, კორუფციასთან ბრძოლას, კანონის უზენაესობის უზრუნველყოფას და სასამართლო რეფორმის განხორციელებას.

განცხადების თანახმად, 2014 წლიდან შეერთებულმა შტატებმა უკრაინას 4,6 მილიარდ დოლარზე მეტი დახმარება გამოუყო. გარდა ამისა, ვაშინგტონმა კიევს მილიარდი დოლარის ოდენობის 3 კრედიტი გადასცა, სახელმწიფო გარანტიებით. ამავე ინფორმაციის თანახმად, შეერთებულმა შტატებმა უკრაინას კოვიდ-19-ის წინააღმდეგ 49 მილიონ დოლარზე მეტი დახმარება გაუწია.

2014 წლის შემდეგ, შეერთებულმა შტატებმა ჰუმანიტარული სააგენტოებისთვის 306 მილიონ დოლარზე მეტი გამოყო იმ ადამიანების დასახმარებლად, რომლებიც რუსეთის აგრესიული ქმედებებისგან დაზარალდნენ უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილსა და ყირიმში, - აღნიშნულია განცხადებაში.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი კიევში 5 მაისს ადგილობრივი დროით 23:40 საათზე ჩაფრინდა. უკრაინაში ვიზიტთან დაკავშირებით მან "ტვიტერში" დაწერა, რომ კიევში აშშ-სა და უკრაინის პარტნიორული ურთიერთობების განმტკიცების სურვილით ჩავიდა.

XS
SM
MD
LG