Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"რუსთავი 2"-ს ახალი მმართველი ჰყავს - რა შეცვალა "პრაიმ თაიმთან" ჰოლდინგის შექმნამ 


"რუსთავი 2"-ისა და "პრაიმ თაიმის" მონაწილეობით ახალი კომპანია სააქციო საზოგადოება "მედია ჰოლდინგი" შეიქმნა. არხის ყველა თანამშრომელს ხელშეკრულება ახალმა კომპანიამ გაუფორმა. მას ეკუთვნის "რუსთავი 2"-ის არხით მაუწყებლობის უფლებაც.

"სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2"-ის დირექტორი პაატა სალია რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ტელევიზიას ახლა სრულად მართავს ახალი კომპანია, რომელსაც სამომავლოდ, "რუსთავი 2"-ის ქონებაც უნდა გადაეცეს.

"რუსთავი 2" ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშს 2019 წლის ივლისიდან, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით ეკუთვნის. ამ გადაწყვეტილებიდან 2 თვეში ახალმა მფლობელმა თქვა, რომ არხს ყიდდა, ქონება კი დავალიანების მესამედსაც ვერ ფარავდა. მოგვიანებით გადაწყვეტილება შეცვალა და აღნიშნა, რომ არხს საკუთარი ხარჯით "გააჯანსაღებდა".

"ზოგიერთი ქონება, მათ შორის, შენობა და უძრავი ქონება დაყადაღებულია. გარკვეული საგადასახადო ვალდებულებებიც არის, არის იპოთეკებიც. ჯერჯერობით ამ ქონების გადაცემა არის შეუძლებელი, მაგრამ სამომავლოდ, რადგან მოხდა გაერთიანება და გვინდა განვახორციელოთ შენატანები, შევიტანთ ამ ყველაფერს… თუ აქიმიძე და დვალი მიაღწევენ საწადელ შედეგს სასამართლოში, ისინი დაეუფლებიან სამაუწყებლო კომპანიის 60 პროცენტს. შესაბამისად, ისინი იმ აქტივის მესაკუთრეები იქნებიან, რაც რუსთავი 2-ს ექნება", - ამბობს სალია.

"რუსთავი 2"-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი, დავით დვალი ფიქრობს, რომ მაშინ, როცა ტელევიზიის დასაბრუნებლად სასამართლო დავა აქვთ, ახალი ჰოლდინგის შექმნის მთავარი მიზეზი არხის ქონების შენარჩუნება შეიძლება იყოს.

"ვხედავთ ქონების დაკარგვის საფრთხეს და ზუსტად მაგიტომ მივმართეთ სასამართლოს... დღეს ამ დეკლარირებული მიზნებიდან გამომდინარე საფრთხე ექმნება “რუსთავი 2”-ის ქონებას", - ამბობს დვალი, რომლის მოთხოვნაც არხის ქონების დაყადაღებაზე სასამართლომ არ დააკმაყოფილა.

სს მედია ჰოლდინგი საჯარო რეესტრში 2021 წლის 12 თებერვალს დარეგისტრირდა. ამ მომენტისთვის კომპანიის 100 პროცენტის მფლობელი შპს პრაიმ თაიმი იყო. კომპანიას ჰქონდა 100 "ჩვეულებრივი აქცია", ერთი აქციის ღირებულება კი 1 ლარი იყო.

ბოლო დოკუმენტი, რომელიც კომპანიის წილების შესახებ იძებნება, კომუნიკაციების კომისიის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. 15 მარტის მდგომარეობით, სს მედია ჰოლდინგის 90-პროცენტიანი წილი შპს პრაიმ თაიმს ეკუთვნის, დარჩენილი 10 პროცენტი კი - ქიბარ ხალვაშს (შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ს).

წილების ამ მოცემულობით გადანაწილების შემთხვევაში, ფაქტობრივად, არხის მმართველი "პრაიმ თაიმია". საჯარო რეესტრში დარეგისტრირებული წესდების მიხედვით, არხის მმართველ საერთო კრებას გადაწყვეტილების მიღება შეუძლია, თუ მას ესწრება მინიმუმ 50-პროცენტიანი წილის მფლობელი. აქვე აღნიშნულია, რომ კრებას შეუძლია საზოგადოების ქონების შეძენა, გასხვისება.

"საზოგადოების აქციონერთა საერთო კრებაზე თითოეული ჩვეულებრივი აქცია მის მფლობელს ანიჭებს ერთი ხმის უფლებას... საერთო კრების მოწვევა არ არის აუცილებელი, თუ ხმების 70%-ზე მეტის მფლობელი აქციონერი მიიღებს გადაწყვეტილებას განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით", - ვკითხულობთ წესდებაში.

სალიამ რადიო თავისუფლებას საუბრის დროს კი უთხრა, რომ ახლა ერთ ჰოლდინგში გაერთიანებულ მატერიალურ და არამატერიალურ საშუალებებს აფასებენ, რის შემდეგაც გადანაწილდება ახლად დაფუძნებულ კომპანიაში წილების მოცულობა.

"ამას დასჭირდება რამდენიმე თვე და საბოლოოდ, შეგვეძლება საზოგადოებასაც ვუთხრათ, როგორ გადანაწილდა", - ამბობს ის.

"რუსთავი 2"-ის ახალი მმართველი კომპანიის მმართველი დირექტორი "პრაიმ თაიმის" ერთ-ერთი დამფუძნებელი თაკო ფხაკაძეა.

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, 2019 წელს, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბიზნესმენი გიორგი კაპანაძე, იგივე რიჟა, რომლის დეიდაც არის თაკო ფხაკაძე, "რუსთავი 2"-ის ყიდვას აპირებდა, თუმცა მაშინ ეს ინფორმაცია არ დადასტურდა.

"ბევრი წინასწარ გაჟონილი ჭორი დღეს უკვე რეალობაა. შესაბამისად, რეალურად ვინც დგას [ბიზნესმენი გიორგი კაპანაძე] თაკო ფხაკაძის უკან, სიმართლეს შეიძლება შეესაბამებოდეს", - ამბობს დავით დვალი.

დღეს, როცა შპს "სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2"-ის 60-პროცენტიანი წილი დაყადაღებულია, პაატა სალიას ვკითხეთ, აქვს თუ არა ამ შეთანხმებასთან კავშირი ბიზნესმენ კაპანაძეს.

"მათგან მიღებული პირობა და გარანტიები საკმარისი იყო იმისთვის, რომ ეს ნაბიჯი გადაგვედგა. ამის იქით, რა კავშირია, როგორაა და რანაიარად არის, მე ნუ მკითხავთ... ჯერ ჩვენ სერიოზული დეფიციტი არ გვქონია, მოვახერხეთ სარეკლამო შემოსავლებით არსებობა. არანაირი სხვა წყარო ჯერჯერობით არ ყოფილა, გარდა პარტნიორის შემონატანისა. თუ ამდაგვარი რაღაც გამოჩნდება, ეს ვერ იქნება გიორგი კაპანაძის შემონატანი", - ანუ ეს იქნება პარტნიორის, "პრაიმ თაიმის" ფული, - გვიხსნის სალია. მისივე თქმით, ჰოლდინგში შემავალი პარტნიორი გამოთქვამს მზადყოფნას და უკვე აქვს კონტრიბუცია კომპანიის კაპიტალში, თუმცა მოცულობას არ აკონკრეტებს.

"რუსთავი 2"-ის მმართველი კომპანიის მმართველი დირექტორი თაკო ფხაკაძე ამბობს, რომ ამ ეტაპზე გიორგი კაპანაძე ტელეკომპანიას არ აფინანსებს და არ არის გამორიცხული, რომ ეს მომავალში გააკეთოს.

"[გიორგი კაპანაძის ფინანსური შენატანი] ამ ეტაპზე არ არის და თუ დაგვჭირდა, აუცილებლად იქნება და თუ იქნება, ამასაც შეგატყობინებთ, არაფერი დასამალი არ გვაქვს... ახლა არ გვაქვს არანაირი მონაცემი, რამდენია [დახმარება]", - ამბობს თაკო ფხაკაძე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG