Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

20 ივნისის დაზარალებულები პრინციპულად არ ეთანხმებიან ამნისტიის საკითხზე მომზადებულ ორივე კანონპროექტს


20 ივნისის ანტისაოკუპაციო აქციაზე დაზარალებული მშვიდობიანი მოქალაქეები პრინციპულად არ ეთანხმებიან და გმობენ როგორც მმართველი პარტიის, ისე საპარლამენტო ოპოზიციის მიერ ინიცირებულ ამნისტიის კანონპროექტებს. ამის შესახებ ისინი ერთობლივ განცხადებაში წერენ. განცხადებას ხელს 11 აქტივისტი აწერს.

„ჩვენთვის მოსალოდნელი იყო და ამას ვპროგნოზირებდით კიდევაც, რომ შარლ მიშელის მედიაციით შექმნილ დოკუმენტზე ოპოზიციური პარტიების ხელმოწერის შემდგომ, რომლის პირველი პუნქტი გულისხმობდა ,,19-21 ივნისის ყველა დარღვევაზე და დაკავებაზე ამნისტიას’’ ქართული ოცნება გამოიყენებდა შანსს და შეეცდებოდა ამნისტიის კანონპროექტით სამართლებრივი-პოლიტიკური პასუხისმგებლობის მოხსნას 20 ივნისის ანტისაოკუპაციო აქციის სადამსჯელო ოპერაციაზე, რომლის ფარგლებში ჩვენ მშვიდობიანმა დემონსტრანტებმა გარდა უფლებრივი დარღვევებისა, მივიღეთ მძიმე ფიზიკური ზიანი. აქედან გამომდინარე ჩვენთვის გასაკვირი არ იყო ოცნების მიერ კანონპროექტის ამ ტექსტით მიღება, რომელიც ამნისტიას ახებს 20 ივნისის ყველა ჯალათსა და უკანონო ბრძანების გამცემ საჯარო მოხელეებს.

რაც შეეხება ოპოზიციის კანონპროექტს, შეიძლება ითქვას, რომ ეს ინიციატივა მათი მხრიდან არის მორალური სახის შენარჩუნების ფუჭი პოლიტიკური მცდელობა, რომელიც ვერც სამართლებრივ კრიტიკას ვერ უძლებს“, - აღნიშნულია განცხადებაში, რომელშიც აქტივისტები უკმაყოფილებას გამოთქვამენ, რომ ისინი ოპოზიციამ კანონპროექტის მომზადებისას კონსულტაციის პროცესში არ ჩართო. აქტივისტები ასახელებენ რამდენიმე გარემოებას, რის გამოც მათთვის მიუღებელია აღნიშნული კანონპროექტი.

  • ამ კანონპროექტით ცალსახად ხდება სამი სამართალდამცავის ამნისტია, რომელთაგან ერთ-ერთი პროკურატურის ვერსიით ბრალდებული იყო სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების, კერძოდ მოქალაქეებისთვის დამიზნებით სროლის ფაქტზე. ჯალათი პოლიციელის ხელაღებით ამნისტია, რომელიც თავისუფლად შეიძლება იყოს სხვა მძიმე დაზიანებების ( მხედველობის დაკარგვა და ა.შ.) ამსრულებელი კატეგორიულად მიუღებელია ჩვენთვის.
  • კანონპროექტი ამტკიცებს რომ პასუხისმგებლობისგან ვერ გათავისუფლდებიან ბრძანების გამცემი პოლიტიკური თანამდებობის პირები, თუმცა სრულიად ცხადი და დასაბუთებული ეჭვი არსებობს, რომ რეალური პასუხისმგებლობა იმ პირებსაც მიემართება, რომლებიც არ იკავებდნენ პოლიტიკურ თანამდებობას იკავებდნენ (ბიძინა ივანიშვილი და ანზორ ჩუბინიძე).
  • მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ დაშავებულ მშვიდობიან დემონსტრანტთა უმრავლესობას დღემდე არ აქვს მინიჭებული დაზარალებულის სტატუსი და შესაბამისად არც ჯანმრთელობის რეაბილიტაციის სახელმწიფო გარანტიები გააჩნიათ. აღნიშნული რედაქციით ამნისტიის მიღება ფაქტიურად გამოიწვევს პროკურატურის წარმოებაში არსებული სისხლის სამართლის საქმეების შეწყვეტას, რაც შეუძლებელს გახდის მოცემულ საქმეებზე პირთა დაზარალებულად ცნობასა და მტკიცებულებებზე წვდომას, რაც თავის მხრივ უნდა გამხდარიყო საფუძველი დავების როგორც ადგილობრივ ისე საერთაშორისო სასამართლო ინსტანციებში“, - აღნიშნულია განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ: მაკო გომური, გიორგი სულაშვილი, კობა ლეთოდიანი, ირაკლი ხვადაგიანი, ირაკლი ფავლენიშვილი, ვახტანგ ბერიკაშვილი, გელა ჭიღლაძე, ზაზა მღებრიშვილი, გიორგი ბულესკირია, ლუკა პეტრიაშვილი და დავით ხვადაგიანი.

განცხადების ავტორები მოქალაქეებს, პოლიტიკურ პარტიებსა და საერთაშორისო პარტნიორებს მოუწოდებენ, არ დაუშვან 20 ივნისის დარბევის ორგანიზატორთა და განმახორციელებელთა როგორც პოლიტიკური, ისე სამართლებრივი პასუხისმგებლობის გაუქმება და არ მოუსპონ დაზარალებულებს შელახული უფლებებისთვის სამართლებრივი ბრძოლისა და ჯანმრთელობის რეაბილიტაციის სახელმწიფო გარანტიების მიღების უფლება.

27-28 აპრილს საქართველოს პარლამენტში მმართველი გუნდისა და ოპოზიციის პარტიების მიერ შემუშავებული ორი დამოუკიდებელი კანონპროექტი დარეგისტრირდა, რომლებიც 2019 წლის 19-21 ივნისში მონაწილე პირების ამნისტიას ითვალისწინებს.

ოპოზიციის მოთხოვნით, ამნისტირებული უნდა იქნეს ის მუხლები, რა მუხლებითაც მიმდინარეობს სამართალწარმოება, ერთი მხრივ, 19-21 ივნისის საპროტესტო აქციების მონაწილე პირთა მიმართ და, მეორე მხრივ, იმ პოლიციელთა მიმართაც, რომლებიც იმ დროს საპოლიციო ღონისძიებებს ახორციელებდნენ. თავის მხრივ, „ქართული ოცნება“ მიიჩნევს, რომ ამნისტირება არ უნდა შეეხოს მხოლოდ იმ მუხლებს, რომლებიც მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეებს ეხება და ყველა სამართალდარღვევაზე უნდა გავრცელდეს.

XS
SM
MD
LG