Accessibility links

site logo site logo

ზურაბიშვილმა ვეტო არ დაადო გაზრდილ ჯარიმებთან დაკავშირებულ ცვლილებებს


სალომე ზურაბიშვილი

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში განმართულ ბრიფინგზე ილაპარაკა „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" პარლამენტის მიერ 29 აპრილს შეტანილ ცვლილებების შესახებ. ოპოზიციის მოწოდების მიუხედავად, მან საკანონმდებლო ცვლილებებს ვეტო არ დაადო.

პრეზიდენტმა „ქართულ ოცნებას" ოპოზიციასთან და საზოგადოებასთან კომუნიკაცია დაუწუნა, თუმცა აღნიშნა, რომ ვეტოს გამოყენება უნდა ეფუძნებოდეს მკაფიოდ ჩამოყალიბებულ სამართლებრივ არგუმენტებსაც.

„ამ დღეებში საზოგადოებისთვის საყურადღებო გახდა „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" ცვლილებების შეტანის საკითხი. პარლამენტში ახლად შესული ოპოზიციიდან პრეზიდენტის მისამართით გაჟღერდა ვეტოს გამოყენების მოთხოვნაც.

შესაბამისად, შეხვედრები გავმართე პირველ რიგში საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებთან და მმართველი პარტიის მხრიდან კანონპროექტის ინიციატორებთან.

გადაწყვეტილების მიღებამდე მოვისმინე ყველა მხარის არგუმენტი, ვეთანხმები ოპოზიციის არგუმენტებს იმის შესახებ, რომ ასეთი კანონის გამოტანა პირველივე სხდომაზე რომელშიც ოპოზიცია მონაწილეობდა, არ შეესაბამებოდა ახლად მიღწეულ შეთანხმებას. ვიზიარებ ასევე იმ აზრს, რომ, მას შემდეგ, რაც პარლამენტში ოპოზიციის წარმომადგენლები შევიდნენ, მაქსიმალურად უნდა მიეცეთ საშუალება, რომ სრულყოფილად მიიღონ მონაწილეობა საპარლამენტო მუშაობაში. ეს პროცესი მოითხოვდა მეტ კომუნიკაციას, მეტ კომუნიკაციას ასევე საზოგადოებასთან, რათა კანონში ცვლილებები ბოლომდე გაგებული და გაზიარებული ყოფილიყო ჩვენი მოქალაქეების მიერ. კომუნიკაციის ნაკლებობა ისეთ საკითხებში, რომელიც ადამიანის უფლებებს და სამართალდამცავ ორგანოებთან მოქალაქეების ურთიერთობას ეხება, ყველასათვის დამაზიანებელია, რამეთუ უნდობლობას ბადებს. ასეთი სენსიტიური საკითხი მოითხოვს სწორედ, ყველას ჩართულობას და ფართო დისკუსიას. ამდენად დაჩქარებული წესით ცვლილებების მიღების დაჩქარებული პროცედურა ნაკლებად იძლეოდა არგუმენტების წარსადგენად ყველასათვის ერთნაირ შესაძლებლობას", - განაცხადა ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტმა განმარტა, რომ პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე არ გამორიცხავდა ვეტოს ინსტრუმენტის გამოყენებას, თუმცა მეორე მხრივ, მისი შეფასებით, ვეტოს გამოყენება უნდა ეფუძნებოდეს მკაფიოდ ჩამოყალიბებულ სამართლებრივ არგუმენტებსაც.

„ამ კუთხით ახალი ცვლილებები წინააღმდეგობაში არ მოდის ჩვენს კონსტიტუციასთან, ვერ მიიჩნევა რომელიმე სამართლებრივი ნორმის დარღვევად და ვერც რომელიმე საერთაშორისო სტანდარტის უგულებელყოფად. ამდენად, ამ კონკრეტულ შემთხვევაში ვეტოს გამოყენების სამართლებრივი საფუძველი არასაკმარისი აღმოჩნდა, თუმცა სამომავლოდ ასეთი პროცესი, რომელიც გულისხმობს ყველას პოზიციის გაცნობას და შეჯერებას, აძლევს პრეზიდენტს საშუალებას, რომ ეს ინსტრუმენტი საჭიროების შემთხვევაში ეფექტურად იყოს გამოყენებული", - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

სახელმწიფოს მეთაურმა პოლიციელების როლზეც გაამახვილა ყურადღება. „როგორც ქვეყნის პრეზიდენტმა არ შეიძლება ხაზი არ გავუსვა იმასაც, რომ სამართალდამცავი ორგანოები წარმოადგენენ იმ სახელმწიფო ინსტიტუტებს, რომელზეც ნებისმიერი დემოკრატიული ქვეყნის წესრიგი და სტაბილურობა დგას. მათ მიმართ ელემენტარული პასუხისმგებლობა აუცილებელი სამოქალაქო ვალია. თუმცა ეს არ მიიღწევა მხოლოდ სანქციებით და ჯარიმებით, არამედ მაღალი საზოგადოებრივი თვითშეგნებითად", - მიიჩნევს ზურაბიშვილი.

შესწორებები ითვალისწინებს სანქციების გამკაცრებას წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის მოთხოვნის დაუმორჩილებლობისათვის და ზრდის ადმინისტრაციული პატიმრობის ვადას.

სანქციების გამკაცრებას ფრაქცია „ქართული ოცნების" წევრები იმით ხსნიან, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სახდელების მიუხედავად, 166-ე და 173-ე მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების შემთხვევები მზარდია. სწორედ ამ მუხლებით აკავებენ ხოლმე აქციების მონაწილეებს სამართალდამცავები.

დღეს, 7 მაისს „ქართული ოცნების" წარმომადგენლები პრეზიდენტს შეხვედნენ. მათ განიხილეს "ადამინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" შეტანილი ცვლილებებით გაზრდილი ჯარიმების მოცულობა.

შეხვედრიდან გამოსულმა ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ შეცვლილი კანონმდებლობა თანხვედრაშია საქართველოს კონსტიტუციასთან. მანვე აღნიშნა, რომ ჯარიმების 80 პროცენტზე მეტი არა აქციებზე, არამედ ყოფით საკითხებზე იწერება.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილ ცვლილებებს ოპოზიციონერი პოლიტიკოსების, სამოქალაქო აქტივისტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების გარდა, კრიტიკულად აფასებს ასევე აშშ-ის საელჩო საქართველოში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG