Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ესეც 9 მაისია!


„მე ვყვირი, ვღრიალებ... ზურგს უკან ხმა მესმის - ვხვდები, სარდაფის კარი ჩაკეტეს. ორიდან (წითელარმიელიდან) ერთ-ერთმა მაჯებში ჩამავლო ხელი და გასასვლელში გამიყვანა. მეორემ ხელი ყელში წამავლო და ისე მიმათრევს. დახრჩობის შიშით ყვირილი შევწყვიტე. ძირს მაგდებენ. ჯიბიდან რაღაც მივარდება. ხმაზე ვხვდები, რომ სახლის გასაღებების აცმაა. თავით მიბჯენილი ვარ სარდაფის კიბის უკანასკნელ კიბეს, ზურგით კი - ცივ ნესტიან ქვას. მაშინ, როცა ერთ-ერთი ქვედა საცვალს მახევს და ჩემზე ძალადობს, მე ვცდილობ სინათლის სხივს ვუყურო, რომელიც ჭუჭრუტანიდან ანათებს. (...) მინდა წამოვდგე, მაგრამ ამ დროს მეორე მახტება თავზე...“. 1945 წლის 27 აპრილს, პარასკევ დღეს, ამ ბერლინერ ქალს ორჯერ გააუპატიურებენ წითელარმიელები. იგივე განმეორდება შაბათსაც და კვირასაც.

ანონიმი ბერლინელი ქალის დღიურიდან ეს ნაწყვეტი არის ისტორიკოსების ხელთ არსებული უნიკალური პირველწყარო, იმ ასიათასობით გერმანელ ქალს შორის, რომელიც წითელარმიელების ძალადობის მსხვერპლი გახდა. ის, რომ ასიათასობით ქალიდან მხოლოდ ერთი-ორმა გადაწყვიტა - და ისიც ანონიმურად - ფურცლისთვის გაენდო პირადი ტრაგედია, გასაკვირი ამაში არაფერია. ასეთი მასშტაბის კოლექტიური ტრაგედიის შემდეგ, საზოგადოება, როგორც წესი, ერთხმად სიჩუმეს არჩევს.

სხვათა შორის, სიჩუმეს არჩევს არა მხოლოდ მსხვერპლი, არამედ თვითმხილველიც. თხუთმეტიოდე წელია, რაც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ომებგამოვლილ ვეტერანებს ვხვდები. განსაკუთრებით ბევრი ინტერვიუ მაქვს აღებული მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებთან. იმ შემზარავ ისტორიებს შორის, რომლებიც მათ აქვთ განდობილი, განსაკუთრებით მეკუმშებოდა გული ომის ორი ვეტერანის - ელენა ბონერის და გრიგორი პომერანცის - მოსმენისას. არასდროს დამავიწყდება ელენა ბონერის რეაქცია, როდესაც დავუსვი კითხვა წითელარმიელების მიერ ჩადენილ ომის დანაშაულებებზე. კითხვის დასმის შედეგად ბონერი ჯერ გახევდება, შემდეგ კი მას კანკალი აიტანს: „არ მინდა ამაზე საუბარი! ამაზე როცა ვფიქრობ... ერთხელ ვენაში ხუთი წლის გოგონა მოიყვანეს... არა, არ მსურს ამაზე საუბარი!“ - ისტერიული ხმით მომაყვირებს.

ფოტოზე აღბეჭდილია 1944 წლის 28 ან 29 ოქტომბერს, აღმოსავლეთ პრუსიის სოფელ ნემერსდორფში გაუპატიურებული და შემდეგ მოკლული ქალებისა და ბავშვების ცხედრები. წითელი არმიის მიერ ჩადენილი ეს ომის დანაშაული ფართოდ იქნება გამოყენებული გებელსის პროპაგანდის მიერ.

„პირველი შემთხვევა აღმოსავლეთ პრუსიაში მოხდა“ - მონოტონურად დაიწყებს თხრობას გრიგორი პომერანცი. „სახლში შევედი ღამის გასათევად და ვხედავ ლოგინში მწოლიარე ასაკოვან ქალს, რომელსაც ფეხზე ადგომა უჭირდა. (...) აღმოჩნდა, რომ 7 წითელარმიელი ყოფილა მასთან და ბოლოს, ე.წ. სუვენირის სახით, ფეხებშუა ბოთლი თავდაყირა გასთხარეს. ეს მხოლოდ დასაწყისი იყო. შემდეგ ბერლინში უკვე ჩვევად გადაიქცევა ასეთი „სუვენირების“ დატოვება. (...) ომის დასრულებისას პრაღაში მოვხვდი. იქ უფრო მკაცრად უყურებდა სარდლობა ამ დანაშაულს: გერმანელი ქალის გაუპატიურებისათვის 5, ხოლო ჩეხის - 10 წელს აძლევდნენ. (...) ლევ კოპელევი მომიყვა, რომ მასთან ერთად გულაგში იჯდა ერთი წითელარმიელი, რომელმაც ოფიცერი მოკლა, რადგან ამ უკანასკნელმა მას ურიგოდ წასვლა აუკრძალა... ჰო, ჰო, ქალის გაშლილი ფეხების წინ მდგარი რიგის დაცვა მოსთხოვა.“

რამდენი ქალი გახდა წითელარმიელების ძალადობის მსხვერპლი? 600 000 მხოლოდ ბერლინში, 2 მილიონი გერმანიის მასშტაბით? - როგორც ამას სამედიცინო დოკუმენტაციაზე დაყრდნობით (Barbara Johr) ვარაუდობს ბარბარა იორი? თუ შტეფან ვოლესა (Stefan Wolle) და ილკო-საშა კოვალჩუკის (Ilko-Sascha Kowalczuk) მოყვანილ ბევრად უფრო ნაკლებად კატეგორიულ რიცხვებს ვენდოთ? - მათი აზრით, მარტო ბერლინში 110 ათასიდან 800 ათასამდე ქალი გახდა ძალადობის მსხვერპლი, მათ შორის - დაახლოებით 40% რამდენჯერმე იქნა გაუპატიურებული.

ევგენი ხალდეის ეს ფოტო გადაღებულია ვენის პარკში 1945 წლის 13 აპრილს. ფოტოზე აღბეჭდილია ოჯახი (ცოლ-ქმარი ორი შვილით), რომელიც წითელი არმიის ხელში ჩავარდნის შიშით თვითმკვლელობით დაასრულებს სიცოცხლეს. 1945 წლის პირველ ნახევარში, მთელი რაიხის მაშტაბით, რამდენიმე ათას ანალოგიურ შემთხვევას ჰქონდა ადგილი.
ევგენი ხალდეის ეს ფოტო გადაღებულია ვენის პარკში 1945 წლის 13 აპრილს. ფოტოზე აღბეჭდილია ოჯახი (ცოლ-ქმარი ორი შვილით), რომელიც წითელი არმიის ხელში ჩავარდნის შიშით თვითმკვლელობით დაასრულებს სიცოცხლეს. 1945 წლის პირველ ნახევარში, მთელი რაიხის მაშტაბით, რამდენიმე ათას ანალოგიურ შემთხვევას ჰქონდა ადგილი.

დღესდღეობით გაურკვეველი რჩება არა მარტო მსხვერპლის დაახლოებითი რაოდენობა, არამედ დანაშაულის დინამიკა დროში თუ გეოგრაფიაში - წითელარმიელების მიერ ქალების მასობრივი გაუპატიურება ხდებოდა ასევე პოლონეთში, ჩეხოსლოვაკიაში, უნგრეთში, რუმინეთსა თუ ავსტრიაში.

დღეს ისტორიკოსებმა ბევრად მეტი იციან ერთ მუჭა გერმანელ ქალ-ჯალათებზე, (მაგალითად, საკონცენტრაციო ბანაკის ზედამხედველებზე), ვიდრე ურიცხვ გერმანელ ქალ მსხვერპლზე. მიუხედავად იმისა, რომ women’s studies, gender studies ატლანტიკის ოკეანის ორივე მხარეს ყვავის, ძნელია მოიძიო ისტორიკოსი, რომელსაც ამ საკითხის კვლევა სურდეს... გასაგებია, რომ საკუთარი ნაცისტური წარსულით დათრგუნული გერმანული ისტორიოგრაფიისათვის ეს თემა არასდროს ყოფილა მიმზიდველი, მაგრამ ისტორიის ნაწილის იატაკქვეშეთში დატოვება ხომ ავტომატურად მითების ისტორიზაციას ახდენს და მათ ულტრანაციონალისტების ხელში საშიშ იარაღად აქცევს?... როგორც გიუნტერ გრასი დაწერს „კიბორჩხალას ტრაექტორიაში“, „ისტორია, რომელშიც ხელებს ვაფათურებთ, სხვა არაფერია, თუ არა საპირფარეშოს გაჭედილი კანალიზაცია: ვასხამთ და ვასხამთ წყალს და, მიუხედავად ამისა, განავალი სულ უფრო და უფრო ზევით ამოდის“.

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG