Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პატიმრობა შეეფარდა 26 წლის ყაზახი ქალის გაუპატიურებისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით დაკავებულ პირს


თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა 26 წლის ყაზახი ქალის გაუპატიურებისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით დაკავებულ კაცს. მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა პატიმრობასთან დაკავშირებით, თავად ბრალდებულს სასამართლო პროცესზე ადვოკატი არ ჰყოლია.

სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ პროკურორმა მარიამ ნიკოლაიშვილმა მედიასთან განმარტა, რომ ბრალდების მხარემ დაასაბუთა, რომ არსებობდა ფაქტობრივი გარემოებები და ფორმალური საფუძვლები იმისთვის, რომ მას პატიმრობა შეფარდებოდა.

26 წლის ყაზახი ასელ აიტპატევას გაუპატიურებისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე ბ.თ. 6 მაისს დააკავეს. პროკურატურის თანახმად, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 5 მაისს, თბილისში, ბ.თ.-მ ფსიქოლოგიური ზემოქმედებით და სიცოცხლის მოსპობის მუქარით გააუპატიურა ახალგაზრდა ქალი, რის შედეგადაც მძიმე ფსიქო-ტრავმულ მდგომარეობაში მყოფი ასელ აიტპატევა მერვე სართულიდან გადახტა და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

სამართალდამცველებმა ბ.თ-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 115-ე მუხლის პირველი ნაწილით (გაუპატიურება, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია და თვითმკვლელობამდე მიყვანა, მსხვერპლისადმი მუქარით მისი პატივის და ღირსების სისტემატური დამცირებით) წარუდგინეს, რაც სასჯელის სახედ და ზომად 8-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მედიის თანახმად, სიკვდილის წინ ასელ აიტპატევამ მეგობარს გაუგზავნა აუდიოჩანაწერი, რომელშიც ისმის, როგორ ემუქრება მამაკაცი მას.

არსებული ინფორმაციით, 26 წლის ყაზახი ასეკ აიტპატევა საქართველოში ერთი თვის წინ ჩამოვიდა და ერთ-ერთ ყაზახურ-ქართულ კომპანიაში მუშაობდა. მედიის ცნობით, გოგოს გაუპატიურებისთვის დაკავებული პირი მისი თანამშრომელია.

XS
SM
MD
LG