Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საია: ჩვენ დავეხმარეთ მედიატორს, რომ მელიას გირაოსთვის გადახდილი თანხა ბიუჯეტამდე მისულიყო


ნიკა სიმონიშვილი
ნიკა სიმონიშვილი

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ ნიკა სიმონიშვილმა საგანგებო განცხადება გააკეთა იმასთან დაკავშირებით, რატომ მოხდა ევროკავშირის მიერ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას გირაოს თანხის გადახდა საია-ს დახმარებით. როგორც მედიასთან ნიკა სიმონიშვილმა განმარტა, მედიატორის თხოვნა იყო, რომ თანხა საქართველოს ბიუჯეტში ისეთი ორგანიზაციის გავლით ასახულიყო, რომლის დამოუკიდებლობასa და მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით კითხვები არ არსებობს.

„ეს თანხა წამოვიდა „ევროპული ფონდიდან დემოკრატიისთვის“, რომელიც ევროკავშირის დაფუძნებული ორგანიზაციაა და ჩვენ დავეხმარეთ მედიატორს იმაში, რომ ეს თანხა მისულიყო ბიუჯეტამდე ჩვენი ანგარიშის გავლით“, - აღნიშნა ნიკა სიმონიშვილმა.

მისი განმარტებით, ნიკა მელიას გირაოს თანხა, 40 000 ლარი თბილისის სააღსრულებლო ბიუროს ანგარიშზე 8 მაისს, დაახლოებით 15 საათისთვის გადაირიცხა. საია-ს თავმჯდომარე არ გამორიცხავს, რომ აღნიშნული თანხა შესაძლოა ანგარიშზე ჯერ ასახული არ არის. ნიკა სიმონიშვილი ამას ხელისშემშლელ პირობად არ მიიჩნევს იმისთვის, რომ პროკურატურამ სასამართლოს ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების შეცვლისთვის შუამდგომლობით მიმართოს.

„ზოგადად პირიქით ხდება ხოლმე, რომ ზოგადად ჯერ შუამდგომლობა შედის, გირაოსთან მიმართებით, თან მით უმეტეს როდესაც ვიცით უკვე და დადასტურებულია ევროკავშირის მხრიდანაც და ჩვენი მხრიდანაც, რომ გირაოს თანხა, ასე ვთქვათ, უკვე გაგზავნილია და გადარიცხულია, ამ პირობებში მით უმეტეს არსებობს იმის შესაძლებლობა, რომ პროკურატურა წავიდეს შუამდგომლობით სასამართლოში და სასამართლომ მიიღოს გადაწყვეტილება შეცვლასთან დაკავშირებით. და უკვე შემდგომ მოხდება, რა თქმა უნდა, ამ თანხის ანგარიშზე ასახვა“, - განმარტა ნიკა სიმონიშვილმა.

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებით, დღეს გადახდილი იყო 40 000 ლარის ოდენობის გირაო "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის მელიას წინასწარი პატიმრობიდან გასათავისუფლებლად, რაც 2021 წლის 19 აპრილს ევროკავშირის მედიაციით მიღებული შეთანხმების კონტექსტში პოლიტიკური პარტიების მიერ მიღწეულ ურთიერთგაგებას მოჰყვა.

ნიკა მელია ბრალდებულია 2019 წლის 20-21 ივნისს, პარლამენტთან გამართული ანტისაოკუპაციო საპროტესტო აქციისას პარლამენტის შენობაში შეჭრის მცდელობის საქმეზე, ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის მუხლით.

2019 წლის 27 ივნისის განჩინებით, მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა ელექტრონული მონიტორინგი და გირაო, 30 000 ლარი, რომელიც მან გადაიხადა. 2020 წლის 1 ნოემბერს, პარლამენტთან საპროტესტო აქციაზე ნიკა მელიამ ელექტრონული მონიტორინგის სამაჯური საჯაროდ მოიხსნა.

ამის შემდეგ, პროკურატურამ სასამართლოს მიმართა გირაოს 100 000 ლარამდე გაზრდის შუამდგომლობით. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით, გირაო გაიზარდა 40 000 ლარით და მელიას გადახდის ვადად 50 დღე განესაზღვრა. ნიკა მელიამ გირაოს გადახდაზე უარი განაცხადა. სასამართლომ მას გირაო წინასწარი პატიმრობით შეუცვალა.

მელია 23 თებერვალს დილით, საპოლიციო ძალებმა "ნაციონალური მოძრაობის" მთავარ ოფისში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დააპატიმრეს. "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის დაკავებამ საქართველოში პოლიტიკური კრიზისი გააღრმავა. რამდენიმეკვირიანი მოლაპარაკებების შემდეგ კი შედგა შეთანხმების დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც მელია პარლამენტმა "ამნისტიის კანონით" უნდა გაათავისუფლოს.

პარალელურად კი ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ევროკავშირი მზად იყო გადაეხადა მელიასთვის შეფარდებული გირაოს საფასური - 40 ათასი ლარი. ამ გირაოს გადახდაზე მელია უარს აცხადებდა. მისი ერთ-ერთი პირობა ევროკავშირის გირაოს ძალით საპატიმროს დატოვებისა, იყო ამნისტიის კანონპროექტის გაწვევა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG