Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იერუსალიმში შეტაკებების შემდეგ ისრაელი უსაფრთხოების ზომებს აძლიერებს


ისრაელმა 8 მაისს განაცხადა, რომ უსაფრთხოების ზომებს აძლიერებს პალესტინელ დემონსტრანტებთან კონფრონტაციის მოლოდინის გამო. დაძაბულობა მაღალი რჩება მას შემდეგ, რაც წინა დღით იერუსალიმის ალ-აქსას მეჩეთთან მომხდარი შეხლა-შემოხლის შედეგად დაიჭრა 200-ზე მეტი ადამიანი.

პოლიციის კომისრის, იააკოვ შაბთაის თქმით, იერუსალიმის ქუჩებში უსაფრთხოების დამატებითი ძალები გავიდნენ, მუსლიმთათვის წმინდა ღამის, ლაილათ ალ-ყადრის წინ.

"პროტესტის უფლება დაცული იქნება, მაგრამ არეულობას მტკიცე პასუხი გაეცემა, ნულოვანი ტოლერანტობით" - ამბობს შაბთაი განცხადებაში. ის ხალხს მოუწოდებს იმოქმედონ "პასუხისმგებლობით და თავშეკავებით".

ისრაელის არმია აცხადებს, რომ დამატებით ძალებს, ძირითადად მეხანძრეებს გზავნის დასავლეთის სანაპიროზე და ღაზის სექტორთან ახლოს. ღაზაში მოქმედი ჯგუფები გამოდიან ახალი აქციების გამართვის მოწოდებებით ისრაელთან საზღვრის გასწვრივ. ისლამისტური ჯგუფი, ჰამასი, რომელიც ღაზის სექტორს მართავს, პალესტინელებს მოუწოდებს 13 მაისამდე, ანუ მუსლიმთა წმინდა თვის, რამადანის დასრულებამდე დარჩნენ ალ-აქსას მიმდებარე ტერიტორიაზე. ჰამასის და კიდევ ერთი ექსტრემისტული ჯგუფის, ისლამური ჯიჰადის მხარდამჭერებმა 8 მაისს ღაზიდან სამხრეთ ისრაელში ისროლეს აალებადი ბალონები.

სულ მცირე 205 პალესტინელი და ისრაელის 18 ოფიცერი დაიჭრნენ 7 მაისს მომხდარ კონფრონტაციაში, რომელსაც მოჰყვა საერთაშორისო კრიტიკა და სიმშვიდისკენ მოწოდებები.

ბოლო კვირებში დაძაბულობა მნიშვნელოვნად გაძლიერდა. პალესტინელები აპროტესტებენ რამადანის დროს ისრაელის წვდომას იერუსალიმის ძველი ქალაქის უბნებთან, ისრაელის მესვეურებმა კი ნაბიჯები გადადგეს პალესტინელების განდევნისთვის საკამათო მიწებიდან, ისრაელელი მოსახლეებისთვის სივრცის გამოსაყოფად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG