Accessibility links

site logo site logo

9 მაისი ვეტერანთა (კიკვიძის) პარკში აღინიშნა


თბილისში, ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში ნაცისტურ გერმანიაზე გამარჯვების 76-ე წლისთავი აღინიშნა.

ნაცისტურ გერმანიაზე გამარჯვების დღეს ომის ვეტერანები ტრადიციულად ვაკის პარკში, უცნობი ჯარისკაცის საფლავთან აღნიშნავდნენ ხოლმე, თუმცა წელს, იქ მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ღონისძიების ადგილი შეიცვალა.

76 წლის წინ კაცობრიობამ ძალიან საშიშ მტერზე გაიმარჯვა და ამ გამარჯვებაში ძალიან დიდი წვლილი აქვთ ქართველ გმირებს, ჩვენ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს ისინი, მივაგოთ მათ პატივი და ვზრუნავდეთ იმ ვეტერანებზე, რომლებიც დღესაც არიან ჩვენი საზოგადოების ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი. აუცილებელია, რომ ყოველ წელს, არა მხოლოდ ვიზრუნოთ, არამედ გვახსოვდეს ისინი და პატივი ვცეთ ამ დიდ მიღწევას, რომელიც მათ თავიანთი შვილების და შვილიშვილებისთვის გაიღეს თავიანთი სიცოცხლის ფასად“, - განაცხადა ვეტერანთა პარკში მისულმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ, რომელმაც საქართველოს ხელისუფლების სხვა წევრებთან ერთად მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას მიაგო პატივი.

მეორე მსოფლიო ომში, რომლის დასრულებიდან 76 წელი გავიდა, მხოლოდ საქართველომ 300 000-მდე ჯარისკაცი დაკარგა.

8 მაისს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს მთავრობის განკარგულებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები 1000 ლარის, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახების წევრები 500 ლარის ოდენობის ერთჯერად სოციალურ დახმარებას მიიღებენ. განკარგულებას პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი უკვე მოაწერა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG