Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ბ-9“, ანუ რა აშფოთებს ნატოს აღმოსავლეთ ფლანგს


ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა, მონაწილეობა მიიღო „ბუქარესტის ცხრიანის“ სამიტში, რომელიც კორონავირუსის პანდემიის გამო ჰიბრიდულ რეჟიმში იმართება. ევროპის დროით 22 საათზე კი სამიტის მონაწილეებს მიმართავს აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი.

სამიტის დაწყებამდე რუმინეთისა და პოლონეთის პრეზიდენტებმა, კლაუს იოჰანისმა და ანჯეი დუდამ, ბუქარესტში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე გამოხატეს შეშფოთება უკრაინასა და რუსეთს შორის არსებული დაძაბულობის თაობაზე, ილაპარაკეს ბელარუსში შექმნილი ვითარებისა და მოლდოვის ევროპული არჩევანისადმი მხარდაჭერის შესახებ.

რადიო თავისუფლების რუმინული სამსახურის ცნობით, ორ ლიდერს შორის მოლაპარაკება ასევე კონცენტრირებული იყო, მთლიანობაში, ნატოს აღმოსავლეთ ფლანგზე და, კერძოდ, შავი ზღვის რეგიონში შექმნილი უსაფრთხოების საკითხებზე.

გადმოწერა

მოსამზადებელი ეტაპი ნატოს სამიტამდე

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა მნიშვნელოვნად მიიჩნია აშშ-ის პრეზიდენტის თანხმობა, ვიდეოკონფერენციის საშუალებით მიიღოს მონაწილეობა „ბუქარესტის ცხრიანის“ სამიტში, რომელიც ერთგვარი მოსამზადებელი ეტაპია ალიანსის უმაღლესი დონის 14 ივნისის შეხვედრამდე.

იენს სტოლტენბერგი
იენს სტოლტენბერგი

ნატოს გენერალური მდივნის თანახმად, ალიანსის მომავალი სამიტი წარმოადგენს უნიკალურ შესაძლებლობას ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებში ახალი თავის დაწყებისა და, დღევანდელი და ხვალინდელი გამოწვევებისათვის მზადყოფნის თვალსაზრისით, ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის კავშირების განსამტკიცებლად.

„სულ უფრო არაპროგნოზირებად და კონკურენტულ სამყაროში ჩვენ, ერთობლივად, უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ და არა მხოლოდ სიტყვით, არამედ საქმითაც მოვახდინოთ ტრანსატლანტიკური სოლიდარობის დემონსტრირება. ასე რომ, სამიტზე ჩვენ გვექნება ამბიციური და პერსპექტიული დღის წესრიგი: ერთმანეთის დასაცავად ჩვენი ერთგულების გაძლიერება, უსაფრთხოების მიმართ ჩვენი მიდგომის გაღრმავება და საერთაშორისო დღის წესრიგის დასაცავად უფრო გლობალური ზომების გამოყენება. დღევანდელი შეხვედრა არის მნიშვნელოვანი შესაძლებლობა იმისათვის, რომ განვავითაროთ ეს დღის წესრიგი“, - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა.

„ბუქარესტის ცხრიანი“ რუმინეთისა და პოლონეთის ინიციატივით შეიქმნა 2015 წელს და მასში, ამ ორი ქვეყნის გარდა, შედიან ასევე ლატვია, ლიეტუვა, ესტონეთი, უნგრეთი, ჩეხეთი, სლოვაკეთი და ბულგარეთი.

ამ გაერთიანების დეკლარირებული მიზანია ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ინტერესთა გათვალისწინებით ნატოს საერთო პოზიციების განვითარება ბალტიისა და შავი ზღვების რეგიონების უსაფრთხოების, ეკონომიკური სტაბილურობისა და კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად. მაგრამ ამ მიზნის მიღწევას აფერხებს ავტორიტარული რეჟიმის რევანში ბელარუსში და ნატოს გაფართოების მიმართ მტრულად განწყობილი რუსეთი, რომელმაც სამხედრო ძალის ამასწინანდელი კონცენტრირებით ანექსირებულ ყირიმსა და უკრაინის საზღვართან სახიფათო ვითარება შექმნა ნატოს აღმოსავლეთ ფლანგზე.

კვლავ უკრაინა და არა საქართველო - B9-ის მთავარი თემები

ვინაიდან რუსეთი გეოგრაფიულად ყველაზე ახლოს სწორედ B9-ის ჯგუფში გაერთიანებულ ქვეყნებთან მდებარეობს, 6 წლის წინ ამ ორგანიზაციის შექმნა სწორედ რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიამ და სეპარატისტების ხელით აღმოსავლეთ უკრაინის დესტაბილიზაციამ განაპირობა.

ცოტა ხნის წინ ჩვენ მოწმე გავხდით ჩვენი საზღვრების უშუალო სიახლოვეს - შავი ზღვის რეგიონში, უკრაინასა და უკრაინის გარშემო - რუსეთის ჯარების მობილიზაციისა...
კლაუს იოჰანისი

სლოვაკეთში, ქალაქ კოშიცეში, გამართულ „ბუქარესტის ცხრიანის“ წინა, 2019 წლის, სამიტის დეკლარაციაში უმაღლესი დონის შეხვედრის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ უკიდურესად შეშფოთებული არიან „აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე შეიარაღებული კონფლიქტით და აზოვისა და შავ ზღვებში შექმნილი დაძაბულობით, რაც რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიით და ამჟამინდელი სამხედრო მობილიზაციით არის განპირობებული“.

ორი წლის წინანდელი ეს ჩანაწერი, ალბათ, ასევე აისახება B9-ის სამიტის 10 მაისის დეკლარაციაში, რასაც პოლონეთისა და რუმინეთის პრეზიდენტების, ანჯეი დუდასა და კლაუს იოჰანისის მიერ გაკეთებული განცხადებაც მოწმობს.

ერთობლივ პრესკონფერენციაზე საგანგებოდ გაესვა ხაზი რუსეთის მიერ სამხედრო ძალების მორიგ დემონსტრირებას ანექსირებულ ყირიმსა და უკრაინის მოსაზღვრე ვორონეჟის ოლქში.

„როგორც აღმოსავლეთის ფლანგის მოკავშირეებმა, ჩვენ უნდა გავაძლიეროთ წინააღმდეგობა და თავდაცვა. ცოტა ხნის წინ ჩვენ მოწმე გავხდით ჩვენი საზღვრების უშუალო სიახლოვეს - შავი ზღვის რეგიონში, უკრაინასა და უკრაინის გარშემო - რუსეთის ჯარების მობილიზაციისა. მე მოუთმენლად მოველი ჩვენ შორის მსჯელობას ამ თემაზე“, - განაცხადა რუმინეთის პრეზიდენტმა, კლაუს იოჰანისმა, B9-სამიტის საზეიმო გახსნაზე.

რუმინელ კოლეგას მხარი აუბა პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ, რომელმაც განაცხადა, რომ უკრაინის გარდა იმსჯელეს ასევე ბელარუსში შექმნილ სიტუაციასა და მოლდოვის ევროპულ მისწრაფებაზე.

ანჯეი დუდას ბუქარესტში ამჯერად არ უხსენებია უკრაინის ნატოში „საგზაო რუკის“ საკითხი, რომელიც 3 მაისს პოლონეთის პრეზიდენტმა თავადვე წამოჭრა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის დროს. და არა მხოლოდ წამოჭრა, არამედ უკრაინელ კოლეგას დაჰპირდა, რომ ნატოს ივნისის სამიტზე განიხილავენ უკრაინის ალიანსში გაწევრიანების „საგზაო რუკის“ საკითხს.

ერთი კვირის წინ ანჯეი დუდას ამ განცხადებას გარკვეული სკეპტიციზმი მოჰყვა უკრაინელ და ევროპელ ანალიტიკოსებში.

ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების „საგზაო რუკა“ ის ფუნდამენტური საკითხია, რისთვისაც უკრაინა იღვწის. და ჩვენ და ჩვენი მეგობრები ევროპის ამ ნაწილში მხარს ვუჭერთ უკრაინის ამ მისწრაფებას.
ანჯეი დუდა

საქმე ისაა, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ნატოს გენერალურ მდივანს მოსთხოვა ალიანსში გაწევრიანების სამოქმედო გეგმის (MAP) მიცემა, რასაც ზელენსკი ერთობ დიდ პოლიტიკურ მნიშვნელობას ანიჭებს სწორედ რუსეთთან სამხედრო კონფრონტაციის ვითარებაში.

„რუსეთისათვის ნამდვილი სიგნალი იქნება უკრაინისათვის MAP-ის (ალიანსში გაწევრიანების სამოქმედო პროგრამა) მიცემა“, - ტვიტერის საშუალებით ასეთი მესიჯით ვოლოდიმირ ზელენსკიმ აპრილის შუა რიცხვებში მიმართა ნატოს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს.

ჯერჯერობით ნატოს მოკავშირეთაგან ერთადერთი პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდაა, რომელიც ზელენსკის დაჰპირდა, რომ უკრაინის ალიანსში გაწევრიანების „საგზაო რუკის“ შესახებ ნატოს ივნისის სამიტზე იმსჯელებენ, უკრაინისა და, ზოგადად, აღმოსავლეთ ევროპის უსაფრთხოების კონტექსტში.

„ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების „საგზაო რუკა“ ის ფუნდამენტური საკითხია, რისთვისაც უკრაინა იღვწის. და ჩვენ და ჩვენი მეგობრები ევროპის ამ ნაწილში მხარს ვუჭერთ უკრაინის ამ მისწრაფებას“, - განაცხადა ანჯეი დუდამ 3 მაისს, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის დროს.

ნატოს 14 ივნისის სამიტამდე პოლონეთის პრეზიდენტს აქვს შესაძლებლობა, რომ, როგორც იტყვიან, „მოთელვის სახით“, ეს საკითხი - უკრაინისათვის ნატოში „საგზაო რუკის“ მინიჭების საკითხი - 10 მაისს დააყენოს B9-ის სამიტის ფარგლებში, სადაც, ნატოს 9 ევროპული ქვეყნის ლიდერების გარდა, ვიდეოხიდის საშუალებით მონაწილეობას მიიღებს აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენიც.

ჯერჯერობით თბილისში არ შეინიშნება შესაბამისი აქტიურობა, რომ უკრაინასთან ერთად საქართველოსთვისაც დადგეს „საგზაო რუკის“ მიღების საკითხი ნატოს მომდევნო სამიტის დღის წესრიგში. ჯერჯერობით ასევე არსად ჩანს ნატოს სამიტისწინა ის „კოორდინირებული საქმიანობა“, რომელზეც 15 აპრილს უკრაინისა და საქართველოს პრეზიდენტები, ვოლოდიმირ ზელენსკი და სალომე ზურაბიშვილი, სატელეფონო საუბარში შეთანხმდნენ.

საქართველოზე, როგორც ალიანსის შავიზღვისპირა პარტნიორ ქვეყანაზე, ჯერჯერობით არაფერი თქმულა ბუქარესტში მიმდინარე B9-ის სამიტზე, რომელიც საეტაპო ფორუმია ნატოს ივნისის სამიტის წინ.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG