Accessibility links

site logo site logo

დალის ხეობა ჩემს წარმოდგენებში


ავტორი: ზურა დალელი

ყოველ ზაფხულს ვატარებდი ამ ქვეყნის წალკოტად შერაცხულ აფხაზეთში, კერძოდ დალის (კოდორის) ხეობაში. სოფელში გამგზავრებისთვის მომზადება და შემდგომ თავად მგზავრობა ჩემთვის რიტუალი იყო, რომელიც უდიდეს სიამოვნებას მგვრიდა, დაწყებული უთენია წამოდგომით, როცა ნახევრად მძინარე ვიაზრებდი, რომ სულ მცირე ორი თვე უნდა მოვწყვეტოდი დედაქალაქის ხმაურს და მობეზრებულ მონოტონურობას და ჩავფლულიყავი სოფლის ულამაზეს მწვანე საფარში. დედა გვაჩქარებდა, დაძაბული ფიქრობდა არ დარჩენოდა რაიმე ნივთი, რომელიც ძალიან გამოგვადგებოდა მაღალმთიან სვანეთში. მამა მანქანას უვლიდა წრეებს და საბარგულებს ამოწმებდა, ემანდ მოშვებული არ ყოფილიყო რომელიმე ბაწარი და ტვირთი გზაზე არ დაფანტულიყო. ჩემი ძმა მონდომებით ემზადებოდა გზაში დასაძინებლად, რასაც მე ვერასდროს, და სიმართლე გითხრათ, არც არასდროს ვაკეთებდი, რადგან მგზავრობის თითოეული წუთი მიყვარდა, მომწონდა როგორ ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ მივიწევდით რიკოთის უღელტეხილისკენ, რადგან პირველი სიხარული იქ გველოდა: მამა აუცილებლად გვიყიდდა საღეჭ რეზინებს: Donald, Pedro… შემდეგ უნდა გაგვევლო დედულეთი, ქუთაისი და თუ მოვახერხებდით, იქაც მოგვენახულებინა ჩვენი ახლო ნათესავები.

შემდგომი გაჩერება იყო სოხუმი, სადაც, კარგ ვარიანტში შევივლიდით ბიძასთან, ბიცოლასთან და ბიძაშვილებთან დრანდაში და თუ მოვახერხებდით, შავ ზღვაშიც გავჭყუმპალავდებოდით. ლამაზ და წვიამიან სოხუმს (რატომღაც ასეთად დამამახსოვრდა, ერთხელ დიდმა წვიმამ მოგვისწრო) ვტოვებდით მალე და სოფელ წებელდასთან უგემრიელეს პურებს ვყიდულობდით, რასაც გზად გავიყოლებდით სოფლამდე. აქ იწყებოდა ყველაზე რთული და ამავე დროს ყველაზე ლამაზი მომენტი მგზავრობისა: მიხვეულ-მოხვეული თეთრი შარა გზები, რომლებსაც მივყავდით მაღლა და მაღლა, უფრო და უფრო სუფთა, გამჭვირვალე ჰაერისკენ, უფრო და უფრო სალი კლდეეებისკენ და მწვანე საფარველით დაბურული ტყეებისკენ, რომლებიც უფრო და უფრო მისტიკურ იერს იძენდნენ უზადო სილამაზესთან ერთად დუეტში. ჩემი და ჩემი ძმის მგზავრობა, გარდა სიამოვნებისა, ასოცირდებოდა დიდ ტანჯვასთან, რადგან ეს გზები ქალაქელი, მგზავრობას მიუჩვეველი ბავშვებისთვის გადაგვექცეობდა კოშმარად, ყოველ ათ-თხუთმეტ წუთში ერთხელ ვჩერდებოდით, რომ გული აგვერია. მამა ბრაზობდა, დედა ნერვიულობდა, ჩვენ კი გვიხაროდა, რომ გავჩერდით და მალე იქვე ვიწყებდით სირბილს და თამაშს.

გენწვიშში (ჩემს სოფელს ქვია ასე) როცა ჩავიდიოდით, ყველაზე მეტად რასაც თვალებგაფაციცებული ვეძებდი, ეს იყო ჩემი ძაღლები, ჯულბასი და რედი, რომლებიც ოღობეში დიდი სიხარულით გვეგებებოდნენ და ამჟღავნებდნენ იმ დიდ სიყვარულს და გამჭრიახ გონებას, რომლითაც უხვად ყავდა დააჯილდოებული დედა ბუნებას. ჯულბასი ბიჭი იყო, რედი-გოგო. შემდგომ იწყებოდა ბებიის, ბიძის, მამიდების სიხარულის მოთქმა, ჩახუტება და კოცნა. იმ წუთში ცხვირში უცნაურად მეცემოდა ის სურნელი, რაც ახლავს სოფლის მცხოვრებს და რომელსაც უკვე ორ კვირაში მშობლიურად ვთვლიდი ქალაქიდან ჩასული. იწყებოდა მონატრებული საუბრები, ტვირთის ამოლაგება და შესაბამის ადგილებზე დალაგება. ჩემთვის ეს პროცესი საინტერესო არ იყო, რადგან ჩემი ყურადღება ერთთავად მიპყრობილი იყო ულამაზეს ქათმებზე, მამლებზე, ციცირებზე, ძროხებზე, ღორებზე, თხებზე... ჩემი და სოფლის ურთიერთობა იწყებოდა მათთან ურთიერთობით, მოსიყვარულებით, ქათმების უზარმაზარ ეზოში დევნით და დაჭერით, რასაც შესაშური მონდომებით ვახერხებდი. შემდგომი ეტაპი იყო საბიძაშვილოს და სამამიდაშვილოს შეკრება. რადგან მამას 6 დედმამიშვილი ყავდა, საკმაოდ ბევრნი ვიკრიბებოდით და ჟივილ-ხივილით ვიპყრობდით იქაურობას.

დილა სოფელში ზღაპრულ, არარეალურ ადგილს მოგაგონებდათ. მთელი ეზო ირვლივ შემოსაზღვრული ხასხასა, მწვანე მთებით, ნისლში იყო ჩაფლული. ბურუსი ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ მიიზლაზნებოდა, მიიწევდა მთების კალთებისკენ და მდორედ იშლებოდა ულამაზესი ადგილები. მენანებოდა კიდეც ასეთი მსუყე ნისლის გაქრობა. დღისით ბავშვები ვთამაშობდით, დავრბოდით, მშვილდ-ისრებს ვამზადებდით და ასე მოიპარებოდა საღამოც, რომელიც არანაკლებ მშვენიერი იყო, ვიდრე დილა. ვარსკვლავებით მოჭედილი ცა იმდენად მკვეთრი იყო და ისეთი ეფექტური, რომ ერთთავად იპყრობდა ჩემს წარმოსახვას და მეც მდუმარედ ვუყურებდი სხვადასხვა ზომის და სიკაშკაშის მანათობლებს, რომელთაგან ნაწილი მოწყდებოდა ხოლმე ცას და მოკლე მოგზაურობის შემდეგ უკუნით სიბნელეში უჩინარდებოდა. ძილის წინ, სიმღერასავით ჩამესმოდა კოდორის გრიალი ხეობიდან, რომელსაც თითოს სადმე ძალიან ეჩქარეობაო, ხმაურითა და გრგვინვით მოაქანებდა ხოლმე უზარმაზარ ლოდებს. ყოფილა შემთხვევები, როცა გაბედული ტურისტები საბედისწეროდ შერკნებიან მის დაუნდობელ და მძლავრ დინებას. ჩვენს ეზოში, იქვე, ორმოცდაათ მეტრში, მოედინებოდა ანკარა ღელე, იმდენად ცივი, რომ თაკარა მზეშიც კი წარმოუდგენელი იყო მასში სრულად ჩაწოლა, მაქსიმუმ ფეხებს თუ ჩავყრიდით შიგნით და მალევე ამოგვქონდა გაყინულ-შეციებული. ღელე სავსე იყო წითელწინწკლა კალმახებით, რომლებიც ნებიერად დასრიალებდნენ მღვიმეებში და ხანდახან გვახარებდნენ კიდეც წლიდან ამოხტომით. ცალკე აღნიშვნის ღირსია ცხენი „მალჩიკი“, თეთრი, ღია რუხი კოპლებით, რომელიც ჩემს წარმოსახვაში დარჩება ერთ-ერთ უჭკვიანეს და უსაყვარლეს მეგობრად.

ასე ილეოდა ხოლმე ზაფხული და ახლოვდებოდა უკვე მონატრებული თბილისისკენ წამოსვლის დრო.

შემდეგ უკვე დავკარგეთ ჩემი სოფელი, წაგვართვეს რუსებმა (და არა აფხაზებმა), მაგრამ ეს უკვე სხვა ისტორიაა და 700 სიტყვიანი ლიმიტი არ მომცემს საშუალებას, რომ ეს ყველაფერი ერთ წერილში ჩავატიო.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG