Accessibility links

site logo site logo

ევროკავშირი ლუკაშენკას რეჟიმის წინააღმდეგ სანქციების მეოთხე პაკეტზე მუშაობას ასრულებს


ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჟოზეპ ბორელი

ევროკავშირი ამთავრებს ბელარუსში ალიაქსანდრ ლუკაშენკას რეჟიმის წინააღმდეგ სანქციების ახალი, უკვე მეოთხე პაკეტის მომზადებას. როგორც DW იუწყება, ამის შესახებ ორშაბათს განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჟოზეპ ბორელმა.

"ბელორუსში რეჟიმი განაგრძობს მოქალაქეების რეპრესირებას და დაშინებას. ახლა იგი დევნის პოლონეთის საზოგადოებას. ჩვენ ვმუშაობთ სანქციების მომდევნო პაკეტზე, რომელიც, იმედი მაქვს, მიღებულ იქნება უახლოეს კვირებში“, - განაცხადა ბორელმა. მისი თქმით, მეოთხე პაკეტი გაითვალისწინებს ”ყველაფერს, რაც ხდება ქვეყანაში”, მათ შორის პოლონური უმცირესობის დევნას.

ბორელმა ლუკაშენკას რეჟიმის წინააღმდეგ სანქციების მეოთხე პაკეტის მომზადების შესახებ ჯერ კიდევ თებერვალში გამოაცხადა.სანქციების მეოთხე პაკეტის ხანგრძლივი მომზადება მან იმით ახსნა, რომ ბრიუსელმა უნდა შეისწავლოს რამდენად ეფექტურია უკვე დაწესებული სანქციები.

გასული წლის ოქტომბერში, ნოემბერში და დეკემბერში ევროკავშირმა ბელარუსის არჩევნების გაყალბებისა და ქვეყანაში მიმდინარე რეპრესიების პასუხად ლუკაშენკას რეჟიმის წინააღმდეგ სანქციების სამი პაკეტი მიიღო. საერთო ჯამში, 88 ადამიანია შეზღუდული, მათ შორის თავად ალიაქსანდრ ლუკაშენკა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების ქვეშაა მოქცეული 43 პირი.

66 წლის ლუკაშენკა, რომელიც ქვეყანას 1994 წლიდან მართავს, დიდი უპირატესობით გამარჯვებულად გამოცხადდა 2020 წლის 9 აგვისტოს ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში - რასაც მოჰყვა თითქმის ყოველდღიური საპროტესტო გამოსვლები მისი გადადგომის და ახალი არჩევნების გამართვის მოთხოვნებით.

ოპოზიცია აცხადებს, რომ კენჭისყრა გაყალბდა. დასავლეთი უარს ამბობს ლუკაშენკას აღიარებაზე ბელარუსის ლეგიტიმურ ლიდერად.

უსაფრთხოების ძალებმა ძლიერი ზეწოლა განახორციელეს დემონსტრანტებზე, დააკავეს ათასობით პირი, მათ შორის ჟურნალისტები, წამყვანი ოპოზიციონერების დიდი ნაწილი ქვეყნიდან განდევნეს.

ძალადობას ემსხვერპლა რამდენიმე დემონსტრანტი. უფლებადამცველი ორგანიზაციების თქმით, არსებობს სანდო მტკიცებულებები, რომ დაკავებულების ნაწილი ციხეებში აწამეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG