Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

WHO: COVID-19-თან დაკავშირებული შეზღუდვები ბავშვებში ჭარბწონიანობის ზრდას იწვევს


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) განაცხადა, რომ კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული მრავალთვიანი შეზღუდვები ბავშვებს შორის ჭარბწონიანობის ზრდას იწვევს, რამაც შესაძლოა გრძელვადიანი გავლენა იქონიოს მათ ჯანმრთელობაზე.

11 მაისს გამოქვეყნებულ ანგარიშში WHO-ს რეგიონულმა ევროპულმა ოფისმა დაადგინა, რომ სკოლების დახურვას და ღონისძიებების აკრძალვას შესაძლოა უარყოფითი შედეგი მოჰყვეს ბავშვების კვებასა და ფიზიკურ ვარჯიშზე.

„COVID-19-მა შეიძლება პოტენციურად გააძლიეროს WHO-ს ევროპული რეგიონის ერთ-ერთი ყველაზე უფრო შემაშფოთებელი ტენდენცია - მზარდი ჭარბწონიანობა ბავშვთა შორის,“ განაცხადა WHO-ს ევროპის განყოფილების დირექტორმა ჰანს კლუგემ.

ჭარბწონიანობას და ზედმეტ წონას უკავშირებენ COVID-19-ის გამწვავებულ სიმპტომებს და ისეთ დაავადებებს, როგორებიცაა გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, დიაბეტი და კიბო.

გამოკვლევამ აჩვენა, რომ 6-დან 9 წლამდე ასაკის ბავშვთა თითქმის ერთი მესამედი ჭარბწონიანია. გამოკვლევა ჩატარდა რეგიონის 36 ქვეყანაში.

აშშ-სა და ევროპაში ჩატარებული მრავალი გამოკვლევა ცხადყოფს, რომ პანდემიასთან დაკავშირებულმა აკრძალვებმა და ლოკდაუნმა წონის მატება გამოიწვია ზრდასრულთა შორისაც, რაც ახალი პრობლემების წინაშე აყენებს მედიკოსებს რეგიონებში, რომლებიც პანდემიის მწვავე ფაზიდან გამოდიან.

ევროპის მრავალ ქვეყანაში, სადაც მოსახლეობის ერთ მესამედამდეა აცრილი COVID-19-ის წინააღმდეგ და ინფექციის გავრცელებამ კლება იწყო, აკრძალვების ეტაპობრივი შემსუბუქება დაიწყეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG